შოლცი: პუტინმა დასავლეთის ერთიანობა სათანადოდ ვერ დააფასა

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დასავლეთის ერთიანობა უყრაინის მხარდაჭერის მიზნით, სათანადოდ ვერ დააფასა. “მან სათანადოდ ვერ დააფასა ევროპის, შეერთებული შტატების და უკრაინის ყველა მეგობრის ერთიანობა, ისევე როგორც იარაღის მუდმივი მიწოდება”, – თქვა შოლცმა CNN-თან ინტერვიუში.

ამის წყალობით, უყრაინელებმა შეძლეს საკუთარი ქვეყნის დაცვა, აღნიშნა კანცლერმა. “და ისინი შეძლებენ ამის გაკეთებას მომავალშიც”, – თქვა მან და დაადასტურა, რომ დასავლეთის ქვეყნები გააგრძელებენ უყრაინის მხარდაჭერას ფინანსურად, ჰუმანიტარულად, ასევე იარაღით.

რუსეთის ფედერაციის მიერ უყრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, გერმანია, კონტინენტური ევროპის ქვეყნებს შორის, უკრაინის უდიდესი დონორი გახდა, – თქვა შოლცმა. “ასეა თუ ისე, ჩვენ, გასულ წელს, უკრაინას 14 მილიარდი ევრო გამოვუყავით და ასე გავაგრძელებთ“, – ხაზგასმით აღნიშნა მან.

გერმანიის მთავრობის მეთაურმა ასევე განაცხადა, რომ დასავლეთი მზადაა, უყრაინას უსაფრთხოების გარკვეული გარანტიები მისცეს. “მაგრამ ჯერ მანამდე ვერ მივედით”, – თქვა შოლცმა.

გერმანიის კანცლერის თქმით, უყრაინაში ომის დასრულების შესახებ ნებისმიერი მოლაპარაკება მხოლოდ მას შემდეგ დაიწყება, რაც პუტინი მიხვდება, რომ ვერ გაიმარჯვებს. “ჩემი აზრით, აუცილებელია, პუტინმა გააცნობიეროს, რომ მისი შემოჭრა და იმპერიალისტური აგრესია წარმატებას ვერ მიაღწევს და ჯარები უნდა გაიყვანოს. ეს არის მოლაპარაკების საფუძველი”, – განაცხადა შოლცმა.

შეკითხვაზე, მიიღწევა თუ არა შეთანხმება, რომელიც დაასრულებს ომს, იმის აღიარებით, რომ უყრაინა ვერ დაიბრუნებს  ყირიმს ან დონბასის ნაწილებს, შოლცმა უპასუხა, რომ უყრაინული მხარის გარეშე გადაწყვეტილებები არ მიიღება. “ჩვენ არ მივიღებთ გადაწყვეტილებებს მათ ნაცვლად. ჩვენ მათ მხარს ვუჭერთ”, – განაცხადა მან.