თეონა აქუბარდია: ველოდები, რომ ლევან იოსელიანი იქნება იმ მხარეს, რომ საქართველო გახდეს ნატო-სა და ევროკავშირის წევრი

ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, იგი სახალხო დამცველის პოსტზე ლევან იოსელიანის კანდიდატურას მხარს დაუჭერს.

„მზად ვარ იმისთვის, რომ კომპრომისზე წავიდე არა „ქართულ ოცნებასთან“, არამედ ავიღო პასუხისმგებლობა, როგორც ერთმა დეპუტატმა იმისთვის, რომ ამ მძიმე დროს, როდესაც ადამიანის უფლებების დარღვევა კი არა, ქვეყნის კონსტიტუციიდან გადახვევა ხდება, ავირჩიო სახალხო დამცველი, რომელიც იქნება პრინციპული კანონთან და კონსტიტუციასთან მიმართებაში. ველოდები იმას, რომ ლევანი იქნება პრინციპული ყველა იმ კონსტიტუციურ და კანონის ნორმასთან, რომლითაც ადამიანის უფლებები უნდა იყოს გარანტირებული და ლევანი იქნება იმ მხარეს, სადაც არის ადამიანის უფლებები და ქვეყნის საგარეო ვექტორი, რაც მდგომარეობს იმაში, რომ საქართველო გახდეს ნატო-სა და ევროკავშირის წევრი“, – განაცხადა აქუბარდიამ.

პოლიტიკური ჯგუფის – „მოქალაქეების“ თავმჯდომარემ, ალექსანდრე ელისაშვილმა სახალხო დამცველობის კანდიდატად ჯგუფის წევრი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან იოსელიანი წარადგინა.