„საქსტატსა“ და მონღოლეთის სტატისტიკის სამსახურს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა და მონღოლეთის სტატისტიკის სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

„საქსტატის“ ინფორმაციით, მემორანდუმს ხელი ნიუ იორკში, გაეროს სტატისტიკის კომისიის 54-ე სესიის ფარგლებში, საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ და მონღოლეთის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თავმჯდომარემ ბატდავა მატმუნხმა მოაწერეს.

„ორმხრივი თანამშრომლობა სტატისტიკის სფეროში მოიცავს გამოცდილების გაზიარებას სხვადასხვა მიმართულებებით, როგორიცაა ოფიციალური სტატისტიკის მოდერნიზაცია, მონაცემთა მართვა, მეტამონაცემების დამუშავება, მონაცემთა გავრცელება და ანალიზი, ასევე მონაცემთა ხარისხის სტანდარტების საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება და სხვა. დოკუმენტი ასევე განსაზღვრავს საერთაშორისო და ორმხრივი სამთავრობო პროგრამების განვითარების ფარგლებში თანამშრომლობის გაძლიერებას.

„საქსტატსა“ და მონღოლეთის სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის გაფორმებული მემორანდუმი მხარეებს ახალი პროექტების განვითარების შესაძლებლობას მისცემს. დოკუმენტი ხელს შეუწყობს ასევე გამოცდილების და ცოდნის გაზიარებას სტატისტიკის სფეროში, კონკრეტული მიმართულებებით ექსპერტების გაცვლას, მონღოლი კოლეგების სასწავლო ვიზიტებს საქსტატში და ტრენინგებს სხვადასხვა მიმართულებით.

მხარეთა თანამშრომლობა განხორციელდება შემდეგი გზით – ორ ქვეყანას შორის სტატისტიკური პუბლიკაციების, ბიულეტენების და სხვა ინფორმაციის გაცვლა; საერთაშორისო და ორმხრივი სამთავრობო პროგრამების განვითარების ფარგლებში თანამშრომლობის გაძლიერება“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.