თეონა აქუბარდია „ქართულ ოცნებას“ –  რუსეთის გავლენის ზრდა არის თუ არა მოღალატეობა?

თქვენ რომ აქეთ იძახით, „ომის პარტია“ ხართ და ომი გინდათო, თქვენ ხომ არ გინდათ იქნება ამით ომი, როდესაც მშვიდობიანად რეინტეგრაციას, მშვიდობიანად ტერიტორიული გამთლიანების შესაძლებლობას ამ კანონით სპობთ?! – ამ შეკითხვით ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ „ქართულ ოცნებას“ მიმართა და არა, მისი თქმით, „კანონპროექტის ფორმალურ ავტორს – ხალხის ძალას“.

აქუბარდია, ასევე, დაინტერესდა, მიაჩნია თუ არა საპარლამენტო უმრავლესობას, რომ ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონის მიღებით, საფრთხეს უქმნიან საქართველოს მშვიდობიანად დეოკუპაციისა და შერიგების საკითხს, რაც არის „საქართველოს გაცხადებული პოლიტიკა“.

ამასთან, ოპოზიციონერი დეპუტატი დაინტერესდა, აღნიშნული კანონის მიღებით, მიაჩნიათ თუ არა, რომ ზრდიან ანტიდასავლურ განწყობებს საქართველოში და ამ კანონის განხილვით აზიანებენ ევრო-ატლანტიკურ კურსს.

„როდესაც ლაპარაკობთ, რომ თქვენ სიტყვა „მოღალატე“ შეურაცხყოფას გაყენებთ, იქნება მითხრათ, რუსეთის გავლენის ზრდა არის თუ არა მოღალატეობა და რა ჰქვია, სხვა თუ არა, იმას, როდესაც სრულიად დასავლეთი გეუბნებათ, რომ თქვენ კურსის ცვლასთან მიმართებაში რეალური პრობლემა გიდგებათ?!“ – იკითხა აქუბარდიამ.