ჯერჯერობით შემთხვევა, რომ რესტორნებიდან დაავადება გავრცელებულიყო, არ გვქონია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
„ხაზგასმით მინდა ვთქვა – არ უნდა მოვეშვათ! დიდი ყურადღება გვმართებს. აუცილებელია რეგულაციების დაცვა და ვიცი, რომ არსებული რეგულაციების დაცვა რესტორნებში საკმაოდ კარგად ხდება, რაც ძალიან კარგია, ამიტომ იქ ინფექციის შიდა გავრცელების რისკის ალბათობა შედარებით შემცირებულია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
საქართველოში 8 ივნისიდან რესტორნები გაიხსნა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1137 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 922 ადამიანი, 16 პაციენტი კი გარდაიცვალა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
“იმედი”