ლევან ხაბეიშვილი: ქართველი ხალხის მეორე მოთხოვნაა ევროკავშირის სტატუსი უპირობოდ

„მოვუწოდებ ყველა მოქალაქეს, ისევე, როგორც გუშინ, ჩვენი დასაცავია ევროპული მომავალი. ყველამ უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი ევროპული მომავლისთვის, მიუხედავად პოლიტიკური გემოვნებისა. დაწყებულია რუსული პროპაგანდა, ეს პარტია ის პარტია, არაფერმა შეგაშინოთ, მათ შორის პოლიტიკური პარტიები გამოგვიყენეთ ბრძოლის ინსტრუმენტებად და არა იმისთვის, რომ ვიღაცამ პოლიტიკური ქულები ჩაიწეროს” – ამის შესახებ პარტია “ნაციონალური მოძრაობის”  თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა

. ეს არის თქვენი ქვეყანა, ეს ქვეყანა არის ქართველი ხალხის, ეს ქვეყანა არის ჩვენი საბრძოლი. ამიტომ დღეს, 17:00 საათიდან დავიწყოთ შეკრება პარლამენტის წინ. სამოქალაქო სექტორი 15:00 საათიდან უკვე იწყებს აქტიურობას, შეკრებას, რაც ძალიან კარგი, მნიშვნელოვანია და მივესალმებით. 17:00 საათიდან დავმობილიზდეთ, შევიკრიბოთ პარლამენტთან.

ასევე, მნიშვნელოვანია, გვქონდეს კონკრეტული მოთხოვნები, რომლებიც რომელიმე პოლიტიკური პარტიის ინტერესებიდან არ გამომდინარეობს. ამიტომ ვაჟღერებ ხალხის მოთხოვნებს. პირველი მოთხოვნაა რუსული კანონის გაწვევა უპირობოდ და სასწრაფოდ, რაც არ ნიშნავს, რომ ეს კანონი თუ გაიწვიეს, ვინმე იტყვის, რომ რუსები აღარ არიან, მაგრამ ეს რუსული კანონი ევროპულ მომავალს აფერხებს, ევროკავშირის სტატუსზე არის წინაღობა. ხალხის პირველი მთავარი მოთხოვნა არის კოლექტიური ხუნდაძის, ყაველაშვილის, ღარიბაშვილის, კობახიძის – ამ გავრილოვების კანონი იყოს გაწვეული სასწრაფოდ. ქართველი ხალხის მეორე მოთხოვნაა ევროკავშირის სტატუსი უპირობოდ. თუ ეს ორი მოთხოვნა არ ასრულდება და არ გააკეთებს „რუსული ოცნება“, ბრძოლა იქნება უკომპრომისო. ასევე, დაკავებულების გათავისუფლება სასწრაფოდ. ყველა ადამიანი, რომელიც დაკავებულია, არის პოლიტიკური პატიმარი. უკანონოდ დაკავებულია ყველა, ვინც ანტიპუტინისტურ, ანტირუსულ, ევროპის მხარდასაჭერ აქციაზე დააკავეს“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, 76 მომხრე, 13 წინააღმდეგი – პარლამენტმა ე.წ. აგენტების შესახებ კანონი გუშინ, პირველი მოსმენით მიიღო .

პარლამენტმა  “ახალი ძალის” მიერ ინიცირებული “უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ” კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, კანონი გაიგზავნება ვენეციის კომისიაში, საიდანაც დასკვნა დაახლოებით 3 თვეში იქნება.

პარალელურად პარლამენტის შენობასთან  საპროტესტო აქცია “არა რუსულ კანონს” მიმდინარეობს, სადაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონის განხილვას და მიღებას აპროტესტებენ.