ხათუნა სამნიძე ლევან იოსელიანთან დაკავშირებულ ინციდენტზე: ადამიანებთან დაპირისპირება, როდესაც ისინი ჩვენთან მოდიან, არის შეცდომა და არასწორი

„რესპუბლიკური პარტიის“ წევრი, ხათუნა სამნიძე პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მომხდარ ინციდენტს ეხმიანება, როდესაც აქციის მონაწილეებმა სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს კვერცხები დაუშინეს.

„როდესაც სახალხო დამცველი მივიდა ხალხთან და უთხრა – მე თქვენს გვერდით ვდგავარ, წინასწარგანწყობებით მოქმედება, იარლიყების მიკვრა არის ის, რაც სამწუხაროდ ახასიათებს ქართულ პოლიტიკას და რასაც მე ვებრძვი. თუ ვინმე შეცდომას დაუშვებს და არასწორ ნაბიჯს გადადგამს, არავის გვეშინია კრიტიკისა და სიმართლის თქმის, მაგრამ ადამიანებთან დაპირისპირება, როდესაც ისინი ჩვენთან მოდიან, ეს არის შეცდომა და არასწორი, – აღნიშნა ხათუნა სამნიძემ.

ახლად არჩეული სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი გუშინ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე მივიდა, სადაც მას აქციის მონაწილეებმა კვერცხები დაუშინეს. იოსელიანი ადგილიდან სახალხო დამცველის მოადგილემ გიორგი ბურჯანაძემ და პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა გაიყვანეს.