დიმიტრი ხუნდაძე: ჩვენ რომ გვინდა დასავლური ღირებულებები, სწორედ ამიტომ ავიღეთ ამერიკულ კანონპროექტზე დაფუძნებული ქართული ვარიანტი

ჩვენს ევროპულ მომავალთან დაკავშირებითა არავითარი საფრთხე არ არსებობს, ეს საფრთხე არის ხელოვნურად შექმნილი, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ აგენტების შესახებ ამერიკულ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

ხუნდაძე პარლამენტთან გუშინ გამართულ აქციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არსებობს როგორც შიდა, ისე გარე ძალების ინტერესი, რომ ქვეყანაში არასტაბილური ვითარება იყოს.

„გუშინ, აქციაზე იყო ძალიან ბევრი ადამიანი – 4000-5000 თუ რამდენიც იყო, სადაც იყვნენ ადამიანებიც, რომლებიც გულწრფელად ფიქრობენ, რომ გარკვეული საფრთხე ექმნება ევროპულ მომავალს, არადა ეს კონსტიტუციით განსაზღვრულია და არავითარი კითხვის ნიშანი არ არსებობს ამაზე. იყვნენ ადამიანები, რომლებიც სჯობდნენ გასცნობოდნენ ამ კანონპროექტს, რომელიც არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს და გაცნობის შემთხვევაში მას კითხვები არ გაუჩნდებოდა. ასევე, არსებობს, როგორც შიდა, ისე გარე ძალების ინტერესები, რომ ქვეყანაში იყოს არასტაბილური ვითარება.

ჩვენ რომ გვინდა დასავლური ღირებულებები, სწორედ ამიტომ ავიღეთ ამერიკულ კანონპროექზე დაფუძნებული ქართული ვარიანტი, სადაც არავითარი აკრძალვა, შეზღუდვა არ არის. ეს არის ქართული ვარიანტი, რომელიც უფრო ლიბერალურია, ვიდრე ამერიკული. ჩვენ თავიდანვე გამოვაცხადეთ, რომ ამ კანონპროექტებს გავაგზავნით ვენეციის კომისიაში და მხოლოდ მას შემდეგ დავიწყებთ მის განხილვას, როცა იქიდან მივიღებთ სამართლებრივ არგუმენტებს, რაზეც ჩვენ ვიმსჯელებთ. ეს განაცხადი იყო თავიდანვე და არა ის, რომ ვინმემ ჩათვალოს რომ ადამიანების ქუჩაში შეკრების მერე გადავწყვიტეთ ვენეციის კომისიას მივმართოთ. თუ გვინდა დასავლეთი, უნდა მოვიქცეთ დასავლურად“, – განაცხადა ხუნდაძემ „ქრონიკასთან“.