გივი მიქანაძე: ჩვენთვის ვენეციის კომისიის დასკვნა ღირებულია

ჩვენთვის ღირებულია ვენეციის კომისიის დასკვნა, რადგან ვენეციის კომისია ყოველთვის თავის დასკვნას კონკრეტული არგუმენტაციით წარმოადგენს. ამ არგუმენტებს დეტალური განვიხილავთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა განაცხადა.

როგორც გივი მიქანაძემ „ქრონიკაში“ აღნიშნა, ისინი ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს მნიშვნელოვანწილად ითვალისწინებენ.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ასეთი მაღალი კომპეტენციის მქონე ორგანომ წარმოადგინოს თავისი არგუმენტირებული დასკვნა და მინდა დაგარწმუნოთ, რომ თითოეულ არგუმენტს სიღრმისეულად შევისწავლით და მაქსიმალურად გავითვალისწინებთ იმისთვის, რომ პირველ რიგში ჩვენ გამოვიდეთ ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებიდან, მაგრამ არანაირად დავაზიანოთ ის პროცესი, რომელიც ჩვენს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას ხელს უწყობს“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, კლერ ბაზი მალორის წერილი გაუგზავნა, რომელშიც საქართველოს პარლამენტში წარდგენილ ორ კანონპროექტზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის“ შესახებ კანონპროექტებზე დასკვნის მომზადებას სთხოვს.

პარლამენტმა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული აგენტების შესახებ ამერიკული კანონის პირველი ვარიანტი პირველი მოსმენით მიიღო.