„გირჩის“ ლიდერის იაგო ხვიჩიას განცხადებით, პარლამენტში ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად, თანამშრომლობის პრობლემა არასდროს ჰქონიათ.
„ჩვენ თანამშრომლობის პრობლემა არასდროს გვქონია. ერთადერთი, ვინც ამას არ ახორციელებდა, იყო ხელისუფლება და ყოფილი ხელისუფლება. შესაბამისად, კითხვა მათ მიმართაა. ჩვენ ამ პროცესში ჩართული ისედაც ვიყავით. უბრალოდ, აქამდე ჩვენი კოლეგებისგან არანაირი სურვილი არ შეგვიმჩნევია, რომ რაიმეს მიღწევა უნდოდათ. ახლა დავაკვირდებით, მოუნდებათ თუ არა, რაიმე სერიოზულად“, – განაცხადა ხვიჩიამ.
კანონპროექტის გაწვევასთან დაკავშირებით მიღებულმა გადაწყვეტილებამ ოპოზიცია ორად გაყო. ნაწილი აქციების გაგრძელების მომხრეა, ნაწილი კი მზადაა კანონპროექტის გაწვევის საპარლამენტო პროცედურაში აქტიურად ჩაერთოს. პარალელურად, ევროკავშირის წარმომადგენლობა მხარეებს მოუწოდებს, რომ ბრიუსელის რეკომენდაციები შესრულდეს და ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, პროევროპული რეფორმები გაგრძელდეს.
პარლამენტმა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული აგენტების შესახებ ამერიკული კანონის პირველი ვარიანტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო, რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა. ამის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, კლერ ბაზი მალორისწერილი გაუგზავნა, რომელშიც საქართველოს პარლამენტში წარდგენილ ორ კანონპროექტზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის“ შესახებ კანონპროექტებზე დასკვნის მომზადებას სთხოვს.
თუმცა, ამის მიუხედავად პროტესტი არ შეწყდა და საბოლოოდ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი გაწვეულია „უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე“.