მამუკა მდინარაძე: შალვა პაპუაშვილმა უკვე გაგზავნა ვენეციის კომისიაში წერილი კანონპროექტების გამოხმობის შესახებ

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა უკვე გაგზავნა ვენეციის კომისიაში წერილი კანონპროექტების გამოხმობის შესახებ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„რაც შეეხება პროცედურულ ნაწილს, რაზეც უკვე ჩვენი გადაწყვეტილების შემდეგ დაისვა კითხვები, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა უკვე გააგზავნა ვენეციის კომისიაში წერილი კანონპროექტების გამოხმობის შესახებ. შესაბამისად, ჩვენ ვენეციის კომისიას აღარ ვთხოვთ, რომ დასკვნა გამოგვიგზავნოს. ერთი კანონპროექტი, რომელზეც ეს შესაძლებელი იყო, „ხალხის ძალის“ მიერ უკვე გამოხმობილია და გაგზანვილია წერილი პარლამენტში, თავმჯდომარის სახელზე. მათივე მხრიდან მიწერილია წერილი, რომ უარს ამბობენ ამ კანონპროექტის მხარდაჭერაზე. რაც შეეხება მეორე კანონპროექტს და მის გამოწვევის გზებს, მეორე მოსმენის დროს ჩავარდება. ეს პროცედურულად გადაწყვეტს საბოლოოდ ამ საკითხს“, – აცხადებს მდინარაძე.

პარლამენტმა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული აგენტების შესახებ ამერიკული კანონის პირველი ვარიანტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო, რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა. ამის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, კლერ ბაზი მალორისწერილი გაუგზავნა, რომელშიც საქართველოს პარლამენტში წარდგენილ ორ კანონპროექტზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის“ შესახებ კანონპროექტებზე დასკვნის მომზადებას სთხოვს.

თუმცა, ამის მიუხედავად პროტესტი არ შეწყდა და საბოლოოდ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი გაწვეულია „უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე“.