ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პოლიტიკოსებმა გიორგი ვაშაძე გაწირეს.
„რაც შეეხება ძალადობას, როგორც გუშინ შეხედეთ, პოლიტიკოსებმა გაწირეს მათი თანამებრძოლი [გიორგი ვაშაძე], ერთი ადამიანისკენ სცადეს ისრების მიმართვა. ყველას პასუხისმგებლობაა, ვინც ტყუილს ეუბნება საზოგადოებას, ვინც რადიკალიზაციისკენ მოუწოდებს, ვინც არაფრად დაგიდევთ, ჩვენგან განსხვავებით იმას, რომ ვიღაცის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს შეიძლება დიდი საფრთხე შეექმნას და სერიოზული რისკის ქვეშ დადგეს. ყველას პასუხისმგებლობაა, ვინც იტყუება, ვინც არასწორ აღქმებს აყალიბებს საზოგადოებაში და ამ ცრუ ინფორმაციის შედეგად, ადამიანებზე, რომლებსაც გულწრფელი ემოციები აქვთ, სპეკულაციურად თამაშობენ და მოუწოდებენ ისეთი მოქმედებებისკენ, რომელმაც შეიძლება ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას. ასე ერთ ადამიანზე, ეს ვაშაძე იქნებოდა თუ სხვა, ისრების გადატანა, ჩემი აზრით, არასწორია. ყველას პასუხისმგებლობაა, რომელიც ბოლო ორი-სამი დღის განმავლობაში ასეთი მოწოდებებით გამოირჩეოდნენ, რომლებსაც ეს რისკები შეიძლება შეექმნა“, – განაცხადა მდინარაძემ.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ გუშინ აქციაზე მოქალაქეებს მოუწოდა, ალყაში მოექციათ საკანონმდებლო ორგანო. ამ განცხადებას აქციაზე მყოფ მშვიდობიან მომიტინგეთა შორის, აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. გიორგი ვაშაძე განცხადების გამო გააკრიტიკეს, როგორც პარლამენტთან შეკრებილებმა და ასევე, პოლიტიკოსებმა.
პარლამენტმა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული აგენტების შესახებ ამერიკული კანონის პირველი ვარიანტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო, რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა. ამის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, კლერ ბაზი მალორისწერილი გაუგზავნა, რომელშიც საქართველოს პარლამენტში წარდგენილ ორ კანონპროექტზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის“ შესახებ კანონპროექტებზე დასკვნის მომზადებას სთხოვს.
თუმცა, ამის მიუხედავად პროტესტი არ შეწყდა და საბოლოოდ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი გაწვეულია „უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე“.