ჯანმო: მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვები უსასრულოდ ვერ გაგრძელდება – ეკონომიკამ მუშაობა უნდა განაგრძოს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების პროგრამების აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკ რაიანმა განაცხადა, რომ მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვები უსასრულოდ ვერ გაგრძელდება.

 

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ყოველთვის აცხადებდა, რომ მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვები სხვა ზომებთან ერთად იყოს გამოყენებული. საზღვრების ჩაკეტილ მდგომარეობაში დატოვება არ არის მდგრადი სტრატეგია მსოფლიო ეკონომიკისთვის“, – განაცხადა მაიკ რაიანმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების პროგრამების აღმასრულებელმა დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყნები საზღვრებს დიდი ხნის განმავლობაში ჩაკეტილ მდგომარეობაში ვერ დატოვებენ.

„ეკონომიკამ მუშაობა უნდა განაგრძოს. თუმცა, ეს რისკების მინიმიზირებით უნდა მოხდეს“, – დასძინა მან.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

“იმედი”