ვერავინ ვერავის უკარნახებს იდგეს თუ არა აქციაზე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
„თავისუფალი სიტყვა დემოკრატიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია და ვერავინ ვერავის უკარნახებს იდგეს თუ არა აქციაზე. რა თქმა უნდა, პროტესტი არის ძალიან ნორმალური, განსაკუთრებით ამ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაც დღეს და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იყო საქართველოში“,- განაცხადა დეკანოიძემ.
პარლამენტმა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული აგენტების შესახებ ამერიკული კანონის პირველი ვარიანტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო, რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა. ამის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, კლერ ბაზი მალორის წერილი გაუგზავნა,რომელშიც საქართველოს პარლამენტში წარდგენილ ორ კანონპროექტზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის“ შესახებ კანონპროექტებზე დასკვნის მომზადებას სთხოვს.
თუმცა, ამის მიუხედავად პროტესტი არ შეწყდა და საბოლოოდ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი გაიწვია „უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე“.
10 მარტს კი პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ჩააგდო. პროექტის განხილვას მხარი დაუჭირა ერთმა დეპუტატმა, 35 კი წინააღმდეგი იყო. კანონპროექტი კენჭისყრაზე განხილვის გარეშე დადგა.