ირაკლი ქადაგიშვილი კანონპროექტის ჩაგდებაზე: მთავარი მიზეზი იყო, რომ ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა შეგვენარჩუნებინა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი კანონპროექტის ჩაგდების გადაწყვეტილებების მიზეზებზე საუბრობს და ამბობს, რომ მიზანი დაძაბულობის თავიდან არიდება იყო, რომ ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობის შენარჩუნება მომხდარიყო.

„საპროტესტო აქცია შესაძლებელი იყო გადაზრდილიყო აბსოლუტურად უმართავ სიტუაციაში, მოჰყოლოდა მსხვერპლი და შემდგომი გართულებები – ეს იყო მთავარი განმაპირობებელი, რომ ქვეყანაში შეგვენარჩუნებინა მშვიდობა და სტაბილურობა“, – აღნიშნავს ირაკლი ქადაგიშვილი.

პარლამენტმა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული აგენტების შესახებ ამერიკული კანონის პირველი ვარიანტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო, რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა. ამის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, კლერ ბაზი მალორისწერილი გაუგზავნა, რომელშიც საქართველოს პარლამენტში წარდგენილ ორ კანონპროექტზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის“ შესახებ კანონპროექტებზე დასკვნის მომზადებას სთხოვს.

თუმცა, ამის მიუხედავად პროტესტი არ შეწყდა და საბოლოოდ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი გაწვეულია „უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე“.

დღეს კი, პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით ჩააგდო.