დიმიტრი ხუნდაძე: ვისურვებდი, უკეთესი იყოს პარტნიორული ურთიერთობები, ვიდრე ახლაა

ვისურვებდი, უკეთესი იყოს პარტნიორული ურთიერთობები, ვიდრე ახლაა. არ იყოს ის, რომ მაგალითად, ამერიკის ელჩი მიწერილ წერილს არ კითხულობდეს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ხუნდაძემ „ქრონიკაში“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

„ვისურვებდი, უკეთესი იყოს პარტნიორული ურთიერთობები, ვიდრე ახლაა. არ იყოს ის, რომ მაგალითად, ამერიკის ელჩი მიწერილ წერილს არ კითხულობდეს და შემდეგ გვთავაზობდეს, რომ უფრო მეტი უნდა ვიფიქროთ პარტიულ ურთიერთობებზე. უნდა ვიფიქროთ, რა თქმა უნდა. სიმართლე უნდა ვთქვა, უკრაინაში მიმდინარე ომმა ძალიან ბევრი რამ შეცვალა, ღირებულებების კუთხითაც. თავად დასავლეთში ძალიან ბევრი შფოთვაა, არაერთი მაღალი თანამდებობის პირი გამოსულა ხმამაღალი განცხადებით, რომ დემოკრატიის დეფიციტი იქაც გაჩნდა და გარკვეული უკმაყოფილებები არის.

ჩვენ არ უნდა მივიღოთ ისე, რომ გარედან შემოდინებული თანხის თუნდაც დიდი ნაწილი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ იხარჯება, მაგრამ ვფიქრობ, გარედან შემოსული თანხის მიზნობრიობა გარკვეულწილად საზოგადოებისთვის უნდა იყოს ცნობილი, რადგან, შესაძლოა ის ქვეყნის საწინააღმდეგოდ მოქმედებდეს. ეს ინტერესი არის ქვეყნის შიგნითაც, ვინც ამ ფულს მოიხმარს და ეს ინტერესი არის ქვეყნის გარეთაც, ვინც ამ თანხას საქართველოში ამისამართებს. ეს მხოლოდ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებული თანხები არ არის, თუმცა იცით, ხშირად პოლიტიკური მიზნებისთვისაც ბევრი ნულით დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაცია, ზოგჯერ პოლიტიკურ სცენაზე ადის და საზოგადოების მხარდაჭერას ითხოვს, გადააყენოს მთავრობა“, – განაცხადა ხუნდაძემ.

პარლამენტმა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული აგენტების შესახებ ამერიკული კანონის პირველი ვარიანტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო, რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა. ამის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, კლერ ბაზი მალორისწერილი გაუგზავნა, რომელშიც საქართველოს პარლამენტში წარდგენილ ორ კანონპროექტზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის“ შესახებ კანონპროექტებზე დასკვნის მომზადებას სთხოვს.

თუმცა, ამის მიუხედავად პროტესტი არ შეწყდა და საბოლოოდ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი გაწვეულია „უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე“.

დღეს კი, პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით ჩააგდო.