დიმიტრი ხუნდაძე: ევროპის სიყვარული ქვების სროლითა და პოლიციის მანქანების დაწვით არ უნდა გამოიხატებოდეს

ევროპის სიყვარული ქვების სროლითა და პოლიციის მანქანების დაწვით არ უნდა გამოიხატებოდეს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, საზოგადოების უმეტესობა შეცდომის მსხვერპლი გახდა

„საპროტესტო აქციაზე ბევრი გულწრფელი ადამიანი იყო. მაგრამ, უნდა აღვნიშნო, რომ საზოგადოების უმეტესობა შეცდომის მსხვერპლი გახდა. ჩვენ, როდესაც ვნახეთ, რომ სიტუაცია დაიძაბა, ჩვენ „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები უმრავლესობასთან ერთად გავხდით ინიციატორები, რომ კანონპროექტი უკან გაგვეხმო. უმთავრესია საზოგადოების ჯანმრთელობა, ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება.

ვფიქრობ, რომ დრო და ისტორია განსჯის, რომ სუვერენიტეტი ეს უნდა იყოს უმთავრესი, განსაკუთრებით ახალგაზრდებისათვის და ჩვენ გვინდა იმდაგვარი ევროპა, საიდანაც არ მიგვითითებენ. ეს წარმოუდგენელია, ასე მუდმივად ვიქნებით ცალ ფეხზე მდგომი ქვეყანა“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

პარლამენტმა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული აგენტების შესახებ ამერიკული კანონის პირველი ვარიანტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო, რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა. ამის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, კლერ ბაზი მალორისწერილი გაუგზავნა, რომელშიც საქართველოს პარლამენტში წარდგენილ ორ კანონპროექტზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის“ შესახებ კანონპროექტებზე დასკვნის მომზადებას სთხოვს.

თუმცა, ამის მიუხედავად პროტესტი არ შეწყდა და საბოლოოდ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი გაწვეულია „უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე“.

დღეს კი, პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით ჩააგდო.