კრემლი ცვლის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განრიგს, რათა მან G20-ის სამიტში მონაწილეობა მიიღოს, რომელიც სექტემბერში გაიმართება, – ამის შესახებ Bloomberg-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემა აღნიშნავს, ფორმალურად, ინდოეთმა რუსეთის პრეზიდენტი მიიწვია G-20 სამიტზე და კრემლი დათანხმდა, მაგრამ გასულ წელს, ომის გამო, პუტინმა უარი თქვა ინდონეზიაში ლიდერთა შეხვედრაზე დასწრების გეგმებზე და მის ნაცვლად საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი გააგზავნა. პუტინმა ასევე გამოტოვა G20-ის სამიტი რომში.
მარტის დასაწყისში ნიუ-დელიში G20-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე რუსეთმა და ჩინეთმა ერთხმად უარყვეს ომის ენა, რაც, სავარაუდოდ, G20-ის სამიტზე რუსეთის პრეზიდენტის შესაძლო ვიზიტზე გავლენას იქონიებს.
ცნობისთვის, G20-ში ავსტრალია, არგენტინა, ბრაზილია, დიდი ბრიტანეთი, ინდოეთი, ინდონეზია, იტალია, კანადა, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, მექსიკა, გერმანია, რუსეთი, სამხრეთ აფრიკა, საუდის არაბეთი, აშშ, თურქეთი, საფრანგეთი, იაპონია და ევროკავშირი შედიან.