უნდა ვთქვათ, რომ გულის რიტმს მართავს მარჯვენა წინაგულში მდებარე იმპულსის წარმომქმნელი უჯრედები. ელექტრულად გამტარი უჯრედების მეშვეობით იმპულსების ტალღა წინაგულებიდან პარკუჭებს გადაეცემა, ამ მონაკვეთზე კი, ნებისმიერი ტიპის დაბრკოლება ან იმპულსის დაყოვნება გვაძლევს გულის რიტმის დარღვევას.
ტერმინი ექსტრასისტოლია ალბათ ბევრმა არ იცის, თუმცა ამ მდგომარეობის არსებობაზე პაციენტები ხშირად მოგვითხრობს ხოლმე ანამნეზის შეკრების დროს თავისი სიტყვებით, როცა ცდილობენ მიგვახვედრონ ექიმებს რა აწუხებთ და უქმნით დისკომფორტს. ზოგიერთი პაციენტი ამას მომენტალური გულისგაჩერებით მოიხსენიებს, ზოგი კი უფრო დახვეწილ ვერსიას გვთავაზობს და ამბობს რომ გული ძალიან ძლიერად შეიკუმშა. სწორედ ამ მდგომარეობას – როცა გული ქაოსურად იკუმშება მოვიხსენიებთ ექსტრასისტოლიად. ეს მდგომარეობა ბევრი ადამიანისთვის არის ნაცნობი, უბრალოდ განსხვავდება მათი მხრიდან შეფასების და რეაგირების ფორმა, ვინ დროულად მიმართავს ექიმს და ვინ არ ანიჭებს მნიშვნელობას ყოველივეს.
მაშ ასე, ექსტრასისტოლიის შესახებ გვესაუბრება კლინიკა ოქსფორდ მედიქალის თერაპევტი, ოჯახის ექიმი – გიორგი ჩენდლერი.
ტერმინი უფრო რომ დაავზუსტოთ, ექსტრასისტოლია გულისხმობს გულის ნაადრევ შეკუმშვებს, რომლებიც გამოწვეულია სინუსის კვანძის გარეთ იმპულსის წარმოქმნით, რომლის დროსაც ფიქსირდება ძლიერი ან გამოტოვებული გულის დარტყმა. იმპულსი, რომელიც გულს ამოძრავებს, ჩვეულებრივ, მარჯვენა წინაგულში მდებარე სინუსურ კვანძში რეგულარუად და თანაბრად წარმოიშობა, შემდეგ კი წინაგულ – პარკუჭოვან კვანძსა და პარკუჭებში ვრცელდება. რაც შეეხება ექსტრასისტოლიის მდგომარეობას, ამ დროს გულის მამოძრავებელი იმპულსის წარმოქმნა ხდება არა სინუსურ კვანძში, არამედ პარკუჭებში ან მათ ზემოთ, წინაგულში, ზოგჯერ კი სულაც წინაგულოვან – პარკუჭოვან კვანძში, აქედან გამომდინარე განვასხვავებთ სუპრავენტრიკულურ ანუ პარკუჭზედა და პარკუჭოვან ექსტრასისტოლიებს. ხსენებულთაგან პარკუჭზედა ექსტრასისტოლია არ გახლავთ საშიში, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით პარკუჭოვან ექსტრასისტოლიაზე, შესაბამისად შევეცდები ყურადღება საუბრის დროს ამ უკანასკნელზე გავამახვილო.
– მკითხველს რომ ავუხსნათ, რა შეიძლება იყოს მიზეზი ექსტრასისტოლიისა და როდის მზადდება საფუძველი ამ მდგომარეობისთვის?
– რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ექსტრასიტოლია არ არის ყოველთვის განპირობებული კარდიოლოგიური მიზეზით, ანუ არსებობს საფუძვლები რომლებიც უკავშირდება გულს და რომლებიც არ უკავშირდება. არაკარდიული მიზეზებიდან ხშირად მაპროვოცირებელი გახლავთ კოფეინის და ნიკოტინის ჭარბი მოხმარება, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, მაგალითად კოკაინის, სტრესულ გარემოში მუშაობა, ცხელება, მუდმივი დიეტა, ვარჯიშით ზედმეტი დატვირთვა ორგანიზმის, ორგანიზმის ინტოქსიკაცია სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებით, ანომალიური ვისცერული რეფლექსები მუცლის ღრუდან ქოლეცისტიტის, გასტრიტის, პანკრიატიტის დროს, ხერხემლის პათოლოგიების დროს, როგორიცაა – სქოლიოზი, ხერხემლის თიაქარი, ოქსტეოქონდროზი, ხერხემლის სვეტიდან მალის გამოვარდნა, მიზეზი შეიძლება იყოს ელექტროლიტების დიბალანსი სისხლში, მაგალითად კალიუმის დაბალი დონე, ზოგიერთი მედიკამენტის ზედოზირება და ჭარბი მოხმარება (მაგალითად ასთმის სამკურნალო პრეპარატები), ჰიპერთირეოზი, ანემია, ალკოჰოლიზმი, ფსიქო-ნევროლოგიური მდგომარეობებიდან – შფოთვა, ისტერიკა, სტრესი, პანიკური შიში, ნეიროცირკულარული დისტონია და სხვა. მოკლედ, როგორც ვხედავთ არაკარდიული მხრივ ძალიან ბევრი ფაქტორი განაპირობებს ექსტრასისტოლიას, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს რომ ამ ფაქტორთაგან აღმოცენებული ექსტრასისტოლია ქრება მიზეზთან ერთადვე.
რაც შეეხება კარდიულ ექსტრასისტოლიას, გახლავთ ძალიან საყურადღებო და წარმოადგენს სიცოცხლისთვის მეტად საშიშ მდგომარეობას, შეიძლება უეცარი სიკვდილიც კი დაფიქსირდეს. კარდიული ექსტრასიტოლია შეიძლება განპირობებული იყოს შემდეგი პათოლოგიური მდგომარეობით:
• დილატაციური კარდიომიოპათია – გულის კამერების მოცულობის მომატება
• გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი
• ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია – გულის კუნთის გასქელება
• გულის ანთებითი დაავადებები, როგორიცაა – მიოკარდიტი, პერიკარდიტი, ენდოკარდიტი
• გულის დაავადებებისთვის მნიშნელოვანი რისკფაქტორების არსებობა, როგორიცაა შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, ჰიპერქოლესტერინემია და სხვა.
• გულის სარქველთა დაავადებები, მაგალითად მიტრალური პროლაფსი
აუცილებელია აღინიშნოს, რომ როდესაც ვსაუბრობთ ექსტრასისტოლიის შესახებ, აუცილებლად უნდა მხოდეს არამხოლოდ მიზეზების შეფასება, არამედ სიხშირისაც, რომლის დადგენა ხდება ოცდაოთხსაათიანი ჰოლტერმონიტორინგის საფუძველზე. აქვე განვმარტავ, რომ ოცდაოთხსაათიანი ჰოლტერმონიტორინგის ჩატარებისას ნორმალურად მიიჩნევა დღე-რამეში ანუ 24 საათში 200 პარკუჭოვანი ექსტრასისტოლია, რომელიც როგორც წესი არავითარ პრობლემას არ წარმოშობს, შესაბამისად მკურნალობის აუცილებლობა არ გვაქვს.
ექსტრასისტოლები შეიძლება იყოს როგორც ერთეული, ასვე წყვილი, სამ-ხუთ ზედიზედ აღმოცენებულ ექსტრასისტოლას ჯგუფურ ანუ ზალპურ ექსტრასისტოლას უწოდებენ. ექსტრასისტოლიის ყველაზე ცნობილი კლასიფიკაცია შემუშავებული გახლავთ 1971 წელს ლაუნის და ვოლფის მიერ, რომლის მიხედვითაც გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ წარმოქმნილ ექსტრასისტოლებს გააჩნია შემდეგი კლასიფიკაცია.
იშვიათი, ერთეული ანუ ერთნაირი ექსტრასისტოლები, როდესაც მათი რაოდენობა საათში 30 ზე ნაკლებია.
ხშირი ექსტრასისტოლები – საათში 30 ზე მეტი
პოლიმორფული ანუ სხვადასხვა გრაფიკული ფორმის ექსტრასისტოლები
წყვილი ექსტრასისტოლები
ადრეული ექსტრასისტოლები
ჩამოთვლილთაგან პირველი ორი შემთხვევა უმეტესად არ საჭიროებს მკურნალობას, დაანრჩენებისთვის კი აუცილებელია სპეციალისტის მიერ მართვა, რადგან ადრეული ექსტრასისტოლიის დროს დიდია უეცარი სიკვდილის საფრთხე.
– რამდენად საშიშია ექსტრასისტოლების არსებობა და რა გართულება სეიძლება მოყვეს მას?
– როგორც უკვე აღვნიშნე, ექსტრასისტოლია რომელიც დაკავშირებულია გულის გამოხატულ ორგანულ ცვლილებებთან, მაგალითად გულის იშემიური დაავადება, მიოკარდიუმის ჰიპერტროფიული და დილატაციური მიოკარდიოპათია, გულის სარქველოვანი დაავადებები, გადატანილი მიოკარდიუმის ინფაქტი, ასეთ შემთხვევაში არსებობს მაღალი ალბათობა საფრთხე შეექმნას ადამიანის სიცოცხლეს და აუცილებელია დროულად განხორციელდეს ჩარევა სპეციალისტის მხრიდან. ასევე უნდა ითქვას, რომ ექსტრასისტოლია შეიძლება გადაიზარდოს სიცოცხლისთვის საშიშ არითმიებში, განვითარდეს პარკუჭოვანი ტაქიკარდია, წინაგულების ან პარკუჭების ფიბრილაცია და ა.შ.
პაციენტი უნდა იყოს ყურადღებით, თუ ექსტრასისტოლია ფიქსირდება ხშირად, ამასთან, დიდიხანია გრძელდება, შესაძლოა გამოიწვიოს გულის კუნთის დასუსტება – კარდიომიოპათია, რასაც მოყვება გულის უკმარისობა, შესაბამისად თუ ანამნეზის დროს იკვეთება კარდიოლოგიური პრობლემების არსებობა, ხშირი ექსტრასისტოლის დროს პაციენტმა დროულად უნდა მიმართოს ექიმ კარდიოლოგს, რაც თავიდან აგვაცილებს არასასურველ გართულებას. აქვე გავიმეორებ, რომ ექსტრასისტოლების უმრავლესობას მკურნალობა არ სჭირდება, მაგრამ ყოველთვის არსებობს ალბათობა, მის უკან რომელიმე სერიოზული და ყურადსაღები დაავადება იმალებოდეს, ამიტომ ნუ გადადებთ სპეციალისტთან ვიზიტს, თუ:
– ადრე არასდროს გქონიათ ექსტრასისტოლია ან მან ხასიათი შეიცვალა
– გრძნობთ ხშირ დამატებით გულის შეკუმშვებს (იგულისხმება 6 ზე მეტი 1 წუთის განმავლობაში, ან ჯგუფური ექსტრასისტოლის ეპიზოდები)
– გაქვთ გულის დაავადების რისკფაქტორები, როგორიცაა დიაბეტი, მაღალიქოლესტერინი, მაღალი არტერიული წნევა.
– ექსტრასისტოლია იწვევს ნერვული სისტემის და ფსიქიკის გადაძაბვას, შიშს და დისკომფორტს ჩვეული საქმიანობის დროს.
უნდა გავითვალისწინოთ, რომ აუცილებელია დაკვირვება აწარმოოთ და დააზუსტოთ, როდის გეწყებათ ექსტრასისტოლია, როდესაც წევხართ ან ისვენებთ, თუ სხეულის მდგომარეობის შეცვლის დროს, ემოციური აღგზნებისა თუ დეპრესიის წუთებში, ხომ არ უკავშირდება ის საკვების ან ალკოჰოლის მიღებას, ხომ არ წარმოიშობა ის ნაბახუსევზე, ან ფიზიკური ვარჯიშის დროს.
გაითვალისწინეთ, რომ ამ თითქოსდა უმნიშვნელო დეტალებზე დაკვირვება, ექიმს ძალიან დაეხმარება ანამნეზის შეკრების დროს, მდგომარეობის შესაფასებლად და შემდგომი სწორი მკურნალობისთვის.
ასევე უნდა გავითვალისწინოთ, არსებობს მდგომარეობა, როცა აუცილებელია სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება და სასურველია არ დაიკარგოს დრო, როცა ექსტრასისტოლიასთან ახლავს:
– გონების ნაწილობრივი ან სრული დაკარგვა
– ტკივილი გულმკერდის არეში
– ქოშინი, სუნთქვის გაძნელება
– პროფუზული ოფლიანობა
– თავბრუსხვევა ან გულისწასვლის შეგრძნება
რეკომენდაციისთვის გაითვალისწინეთ, რომ ექსტრასისტოლიის შესამცირებლად აუცილებელია შევზღუდოთ კოფეინი, ალკოჰოლი, ნარკოტინი, რამეთუ მათი დოზის შემცირება ხშირად ამცირებს გულისფრიალს.
გასათვალისწინებელია, რომ მოხდეს ფსიქოსტატუსის ნორმალიზება, რაც გულისხმობს სტრესის მართვას და ასევე სყურადღებოა ამ დროს კვება ხდებოდეს რამოდენიმეჯერ დღეში და მცირედით. და, თუ ექსტრასისტოლიის ყველა ზემოთხსენებული მიზეზი გამოირიცხა სპეციალისტის მიერ, მას ყურადღება არ უნდა მიაქციოთ.
– თუ შეიძლება, რომ გვითხრათ როგორ ხდება ექსტრასისტოლიის დიაგნოზის დასმა და რა გამოკვლევები ინიშნება ამ დროს?
– ექსტრასისტოლიაზე ეჭვის მიტანა ხდება ანამნეზიდან გამომდინარე, ვაფასებთ მას, რასაც მოგვითხრობს პაციენტი, საბოლოო დიგნოზისთვის კი აუცილებელია განისაზღვროს სისხლში ელექტროლიტების (კალიუმის, ნატრიუმის, კალციუმის) შემცველობა, რამეთუ ექსტრასისტოლიის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზი სწორედ ელექტროლიტური დისბალანსია. ასევე აუცილებელია ეკგ, გულის ექოსკოპიური გამოკვლევა და ფიზიკური დატვირთვის ტესტი, რაც მის დადგენაში დაგვეხმარება, ანუ გვაქვს თუ არა საქმე ნამდვილად გულის დაზიანებასთან. ასევე მნიშვნელოვანია პერიფერიული ნერვული სისტემის ტონუსის შეფასება, მომატებული ხომ არ არის სიმპათიკური ან პარასიმპათიკური ნერვული სისტემის ტონუსი. ყველაზე ინფორმაციული კი ექსტასისტოლიის შესაფასებლად, რა თქმა უნდა გახლავთ ეკგ ჰოლტერმონიტორინგი, რომლითაც ხდება ელექტროკარდიოგრაფიული მოანცემების შეგროვება 24 საათის განმავლობაში, რომელიც მნიშვნელოვანია სპეციალისტისთვის დიაგნოზის გამოტანის პროცესში, რამეთუ არამარტო რაოდენობრივი შეფასება ხდება ამ მომენტში ექსტრასისტოლიის, არამედ გვაქვს უკვე ინფორმაცია მისი საფუძვლების შესახებ, გულის იშემიურ დაავადებასთან გვაქვს საქმე, დამატებითი გამტარი გზის არსებობასთან თუ სხვა რომელიმე კარდიოლოგიურ პათოლოგიასთან.
ოცდაოთხსაათიანი ჰოლტერმონიტორინგი, ასევე გვაწვდის ინფორმაციას, არის თუ არა პაციენტის ავტონომიური პერიფერიული ნერვული სისტემა ექსტრასისტოლიის მიზეზი – ხშირი ექსტრასისტოლიის გამოწვევა შეუძლია, როგორც სიმპათიკურ, ასევე პარასიმპათიკურ ჰიპერტონუსს, თუმცა აღსანიშნავია, რომ მკურნალობის გზები სხვადასხვაა მათ შემთხვევაში, იშვიათ შემთხვევაში ინიშნება გულის ელექტროფიზიოლოგიური კვლევა და კორონაროგრაფიული პროცედურა.
– მცირედ რომ გვითხრათ ასევე ექსტრასისტოლიის დროს მკურნალობის სქემა, როგორია?
– ექსტრასისტოლიათა უმრავლესობა, როგორც უკვე მოგახსენეთ მკურნალობას არ მოითხოვს და მაპროვოცირებელ ფაქტორის გაქრობასთან ერთად გვემშვიდობება, ექსტრასისტოლიის სამკურნალოდ ეფექტურია ასევე ფიზიკურად დასვენება, დასვენება ფიქო-ნევროლოგიური თვალსაზრისით, ამ მხრივ სტატუსის გაუმჯობესება. კლასიკური მედიცინა გვთავაზობს სხვადასხვა დამამშვიდებელ საშუალებებს და ბეტა-ბლოკერებს, როგორებიცაა კონკორი, ნებილეტი და სხვ. ძალიან კარგი ეფექტი აქვს ანაპრილინს, რომელიც მალევე ხსნის ექსტრასისტოლიას. არის შემთხვევები, როცა ჩვენს მიერ ხსენებულ მედიკამენტებს არა აქვს შედეგი, რა დროსაც გამოიყენება კორდარონი (ამიოდარონი). არის შემთხვევები, როცა ექსტრასისტოლია ქრება კორონარული სისხლმომარაგების აღდგენის შემდეგ – სტენტირების ან აორტოკორონარული შუნტირების შედეგად, ასევე იშვიათად ხდება საჭირო არითმოლოგიური პროცედურა – კათეტერული აბლაციის ჩატარება, რომლის დროსაც აღმოვაჩენთ უბანს, სადაც პათოლოგიური იმპულსები გაივლის და ამას დაბალი ძაბვის მაღალსიხშირული დენით მოვწვავთ.
წყარო: ghn.ge