უმრავლესობის დეპუტატის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლა მხოლოდ ერთი მიზეზის გამო უნდათ, რათა თავად დაბრუნდნენ. სარჯველაძე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის ინტერვიუს გამოეხმაურა, სადაც პოლიტიკოსმა თქვა, რომ 7-8 მარტს გამართული აქციების ერთ-ერთი მიზანი, სააკაშვილის გათავისუფლება უნდა ყოფილიყო. მას კითხვის პასუხად არც თბილისური მაიდანი გამოურიცხავს.
„შესაძლოა ვინმეს ეს აწყობდეს, შეიძლება არ აწყობდეს [აქციები ხელისუფლების შესაცვლელად], მაგრამ საქართველოს ინტერესში ერთმნიშვნელოვნად არ არის ასეთი სცენარების განვითარება. რასაკვირველია,ადრე თუ გვიან, ეს ცნობილი გახდებოდა, რომ მერაბიშვილს ასეთი ზრახვები აქვს, რადგან მათთვის სულ სხვა პრიორიტეტებია დღის წესრიგში. ისინი ამ გზას ირჩევენ, როგორც შესაძლო გზას, რომ ხელისუფლების ხელში აღების მიზნით გარკვეული ნაბიჯები წინ გადადგან მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება იყოს კატასტროფის განმაპირობებელი საქართველოსთვის“, – განაცხადა სარჯველაძემ.