როგორ აფასებს ოპოზიცია „აგენტების კანონს“, რომელსაც ევროკავშირი ამზადებს

Politico-ს ინფორმაციით, ევროკავშირი მუშაობს კანონზე, რომელიც არასამთავრობო ჯგუფებს, საკონსულტაციო კომპანიებსა და აკადემიურ ინსტიტუტებს ავალდებულებს ევროკავშირის გარედან მიღებული ნებისმიერი დაფინანსება გაამჟღავნონ.

მმართველ გუნდთან ერთად, აღნიშნულ კანონს ოპოზიციაც აფასებს.

„ლელოს“ წევრის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, თუ ტელეკომპანია „იმედი“ მას ეთერში მიიწვევს, ის პუნქტობრივად განიხილავს ამ თემას. „ევროკავშირში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, თუ გაბედავთ და მომიწვევთ პირდაპირ ეთერში, იქ გავაგრძელოთ საუბარი“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

„იმ ქვეყნებში, სადაც მსგავსი კანონები მიიღება, მათი მიზანი სხვაა. ჩვენს შემთხვევაში ხელისუფლება გამოვიდა და ეს რუსული კანონი დააინიციირა, საზოგადოებას ატყუებდა, გამჭვირვალობა იყო მიზანი“, – განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანა წითლიძის განცხადებით, ეს კანონები მიმართულია ისეთი მტრული სახელმწიფოების მიმართ, როგორებიცაა რუსეთი და ჩინეთი. „საქართველოში, კანონი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შემოიტანა და შემდეგ ჩააგდო, არ ასხვავებდა მტრულ და არამტრულ სახელმწიფოებს და პირიქით, მიმართული იყო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების წინააღმდეგ“, – განაცხადა წითლიძემ.