ეს არის ძალიან ბნელი და მავნებლური პროვოკაცია საქართველოს წინააღმდეგ. ჩვენ ვხედავთ, რომ ერთ მხარეს არის ევროკავშირს ამოფარებული რადიკალების ჯგუფი, მეორე მხარეს, თითქოს ანტიევროპულ მისწრაფებებს ამოფარებული ასევე რადიკალების ჯგუფი. ერთ აქციაზე წვავენ წიგნებს, მეორეზე კი დროშას – ორივე კატეგორიულად მიუღებელია, – ასე აფასებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშის ჩამოხსნის და დაწვის ფაქტს.
როგორც იონათამიშვილმა აღნიშნა, ფაქტია, რომ ხშირად რადიკალური ოპოზიციის და ექსტრემისტების გარე სპიკერებად გვევლინებიან კრებითი სიმონიანები და ასეთი რადიკალური დაჯგუფებები. მისივე თქმით, აუცილებელია, საქართველოს წინააღმდეგ გადადგმულ ნებისმიერ ასეთ აქტს სამართლებრივად უმკაცრესად გაეცეს პასუხი.
„ფაქტია, რომ ხშირად რადიკალური ოპოზიციის და ექსტრემისტების გარე სპიკერებად გვევლინებიან ხოლმე კრებითი სიმონიანები და ასეთი რადიკალური დაჯგუფებები. შესაბამისად, აუცილებელია, ნებისმიერი ასეთი საქართველოს წინააღმდეგ გადადგმული აქტი იყოს სამართლებრივად უმკაცრესად პასუხგაცემული“, – აცხადებს იონათამიშვილი.
„ალტ-ინფოს“ წევრებმა პარლამენტთან საპროტესტო აქციის დროს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს პარლამენტთან დღეს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო, რამდენიმე საათში კი საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა ისევ აღმართეს.