ფასების ზრდის პარალელურად, მოსახლეობის შემოსავლები კიდევ უფრო საგრძნობლად მცირდება და ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს კვლავ ორჯერ აღემატება!
მიმდინარე თვეში საქართველოს სტატისტიკის სამსახურმა ინფლაციის მაჩვენებელი გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ წლიური ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს ორჯერ აღემატება და 6.1 პროცენტს შეადგენს. პროდუქტებზე ფასები რომ მომატებულია, ეს სავაჭრო მარკეტებსა თუ ცენტრებში შესვლისას შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს. ფასების ზრდის ტალღა განსაკუთრებით აისახება საკვებ პროდუქციაზე – ხილზე, ყველზე, რძეზე, ხორცსა თუ სხვა დასახელების ნაწარმზე. გარდა საკვებისა, ფასები მომატებულია როგორც სასმელზე, ასევე მედიკამენტებსა და თამბაქოზე.
რომ გადავხედოთ საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს, დავინახავთ, რომ წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა ზემოთ ჩამოთვლილმა პროდუქტებმა იქონია. კერძოდ, ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე – სურსათი და უალკოჰოლო სასმელები, სადაც ფასები გაიზარდა 13.6 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 4.15 პროცენტული პუნქტით აისახა.
ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე – ხილი და ყურძენი (46.5 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (17.2 პროცენტი), თევზეული (15.8 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (14.8 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (13.5 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (13.1 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (12.6 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (10.0 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (9.3 პროცენტი).
ჯანმრთელობის დაცვა – ფასები გაზრდილია 7.5 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.61 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების ზრდა დაფიქსირდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (11.6 პროცენტი) და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (10.2 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.
გამონაკლისია სატრანსპორტო მიმართულება, სადაც ფასების კლების ტენდენცია დაფიქსირდა. კერძოდ, მოცემულ პერიოდში ფასები შემცირდა 8.6 პროცენტით, რის შედეგადაც ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში -1.08 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების კლება დაფიქსირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-11.8 პროცენტი).
აღსანიშნავია, რომ ფასების ზრდიდან მომდინარე სოციალური ფონის გაუარესების პარალელურად, ეკონომისტებსა და ანალიტიკოსებს ფასების საერთო დონის კლების მოლოდინები არ აქვთ. პირიქით, ისინი საერთო დონის ზრდის გაგრძელების ტენდენციებს პროგნოზირებენ.
ეკონომისტი სოსო არჩვაძე ფასების მომატებაზე საუბრისას აცხადებს, რომ პროდუქტებზე ფასების მომატება ასე მწვავედ არ იქნებოდა აღქმული, რომ არა იმავე პერიოდში მოქალაქეების შემოსავლების კლება.
„შემოსავლები იმავე დონეზე რომ დარჩენილიყო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდში იყო, ფასების მომატება ასე მწვავედ არ იქნებოდა აღქმული. ახლა ფასებმა მოიმატა, ხოლო შემოსავლებმა მოიკლო. ჩამოყალიბდა ერთგვარი „სენდვიჩის ეფექტი“. მოსახლეობის ჯიბეზე ორი მხრიდან ხდება ზეწოლა, შემოსავლებზე და ამიტომ, ორმაგ წნეხს განიცდის თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა“
მისივე თქმით, ერთადერთი ბერკეტი, რაც სახელმწიფომ შესაძლოა დაუპირისპიროს ამ პროცესს, არის სამუშაო ადგილების შექმნა.
„ამის უნივერსალური რეცეპტი არ არსებობს. სახელმწიფო რაც არ უნდა დახმარებები და არამონეტარული ღონისძიებები გაატაროს, ერთადერთი საშუალება არის სამუშაო ადგილების შექმნა“, – დასძენს არჩვაძე.
ეკონომისტი დემურ გიორხელიძე პროდუქტებზე ფასების ზრდას წლის ბოლომდე პროგნოზირებს. როგორც გიორხელიძე აცხადებს, დეკემბერში ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად დამძიმდება.
„ფასები არამხოლოდ საკვებ პროდუქტებზე, არამედ მედიკამენტებზეც გაზრდილია. ზრდაა ფაქტობრივად ყველა პროდუქტზე და არ ჩანს, რომ ეს ტენდენცია დასასრულისკენ მიდის. როგორც ჩანს, შემოდგომა და ვითარება წლის ბოლომდე ძალიან მძიმე იქნება ყველასთვის. ჩვენ არ ვიცით სად გავა კრიზისი. ამიტომ, თუ რაიმე განსაკუთრებული არ მოხდა, ამ თვეების განმავლობაში რაიმე იმედი სტაბილურობისკენ წასვლის არაა“, – აცხადებს გიორხელიძე.
წლის ბოლომდე ინფლაციის დონის მიზნობრივ მაჩვენებელთან დაახლოებას არ პროგნოზირებენ „თიბისი კაპიტალშიც“. მათ მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ისინი წლის ბოლომდე ინფლაციის დონის 5-დან 4.5 პროცენტულ პუნქტამდე ჩამოსვლას პროგნოზირებენ.
„თიბისი კაპიტალის საბაზო სცენარით, 2020 წელს ეკონომიკის კვლავ 4.5-5.5%-იანი კლებაა ნავარაუდევი. 2020 წლის ტურისტული შემოდინებების და FDI-ს პროგნოზი გაუარესებულია, თუმცა გაუმჯობესებულია საგარეო ვაჭრობის და გზავნილების მოლოდინი.
ამასთან, თიბისი კაპიტალის მოლოდინით, ლარის გაცვლითი კურსის მკვეთრი გაუფასურება ნაკლებსავარაუდოა და წლის ბოლოსთვის ლარი 3.0 ნიშნულზე დასტაბილურდება. წლის ბოლოსთვის ინფლაციის მოლოდინი 5%-დან 4.5%-მდე, რეფინანსირების განაკვეთის მოლოდინი კი 8%-დან 7.75%-მდე შემცირდა“, – აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში.
ამასთან, შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მაისის თვის მონაცემების თანახმად, კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოში სამსახური 78 ათასზე მეტმა ადამიანმა დაკარგა. თუმცა, ეს მხოლოდ დაქირავებით დასაქმებული ადამიანების რაოდენობაა და რეალური რიცხვი იმათი, ვისაც შემოსავალი გაუქრა ან საგრძნობლად შეუმცირდა, უფრო მეტია. შედეგად, ფასების ზრდის და შემოსავლების კლების პარალელურად, ინფლაციიდან მომდინარე წნეხის აღქმა მოსახლეობის ჯიბეზე ერთი-ორად გაიზრდება.
ავტორი: სანდრო პირველი
წყარო: “ბანკები და ფინანსები”
წყარო: bpn.ge