სანქციების დაწესებისგან თავის შეკავება დადებითი მოვლენაა, მაგრამ არა ის, რასაც „ოცნება“ დაპირდა ხალხს 10 წლის წინათ — რუსეთთან ურთიერთობების დალაგება!

საბჭოთა კავშირში დაბადებულებს და გაზრდილებს კარგად მოეხსენებათ დიდი ოქტომბრის რევოლუციის ისტორია. რევოლუციამდე არსებული პერიოდი, რევოლუციონერთა ხანგრძლივი ბრძოლა ცარისტული რუსეთის შესაცვლელად და ამისთვის მრავალი ტანჯვა-წამების, გადასახლების ატანა, ქაღალდზე გადატანილი და შემდეგ პროკლამაციის სახით ხალხში გავრცელებული იდეების, მოსაზრებების, სამომავლო გეგმების, სახელმწიფო მოწყობის ახალი სისტემის ქვეყნისთვის გაცნობა და სხვა მრავალი.

საზოგადოების წინ იდო ლენინ-სტალინის, სხვა რევოლუციონერების ნაშრომები — ახალი ცხოვრების კომპასად ქცეული. მოკლედ და კონკრეტულად ხალხმა იცოდა რას უპირებდნენ მას რევოლუციონერები გამარჯვების შემთხვევაში.

დღეს? არც დღეს და არც გასული საუკუნის 90-იან წლებში ხალხმა არ იცოდა და არ იცის რა სურდა და სურს მაშინდელ და დღევანდელ „რევოლუციონერებს“.

მარტივი, პრიმიტიული სახე მიიღო ე.წ. რევოლუციებმა. არც ხალხია სერიოზულად განწყობილი „რევოლუციების“ მიმართ, ვინაიდან იცის, რომ ამ „რევოლუციონერებიდან“ აზრიანს ვერაფერს მოისმენს, ვერაფერს წაიკითხავს მარტივი მიზეზის გამო. ხალხმა იცის, რომ დაბალი განათლება დღევანდელ რევოლუციონერებს არ აძლევს საშუალებას ღრმა აზროვნების, მითუმეტეს ანალიტიკურის გამოვლინების, სადღეისო და სამომავლო გეგმების გონივრული ჩამოყალიბების.

ხალხს ხელში შერჩა ქარაფშუტა, მოტლიკინე „რევოლუციონერები“, ვითომ პოლიტიკოსები, ხელისუფლების ხელში ჩაგდების სურვილით ანთებულები, რომელთაგან ის არაფერს მოელის.

ხალხი ცალკეა, ხელისუფლება ცალკე, ხელისუფლების დაპყრობის მსურველი „რევოლუციონერები“ ცალკე.

პირველ „რევოლუციონერებს“, შემდგომში რატომღაც საზოგადოების მიერ „ეროვნულ ხელისუფლებად“ მონათლულებს, რომ ხელისუფლების ხელში ჩაგდების სურვილის გარდა გონივრული გადაწყვეტილებები მიეღოთ და ხელისუფლებაში მისვლის შემდეგ ცოტა რამ მაინც გაეკეთებინათ ქვეყნისა და ხალხისთვის, შემდგომი 30-წლიან ცხოვრებას სხვა იერსახე, შინაარსი ექნებოდა.

განათლების უქონლობამ, როგორც საერთო განათლების, ისე სახელმწიფო მართვის (თითო-ოროლა, ერთი მერცხალივით გაზაფხულს ვერ მოიყვანდა) შესაძლებლობა არ მისცა გამარჯვებულებს საშუალო დონეზე მაინც გაძღოლოდნენ ქვეყანას.

მაშინ, გამარჯვებულებში სისტემატურად ტრიალებდა რუსთაველის თეატრის მსახიობის იზა გიგიშვილის გამონათქვამი რევოლუციის „ბელადის“ გამსახურდიას მიმართ — რას ამბობთ, ზვიადი განათლებული კაცია, ბოდლერი თარგმნაო.

დიახ! ბოდლერი თარგმნა, მაგრამ ქვეყანა ვერ მართა და მწარე შედეგიც მიიღო — სამწუხაროდ არა მარტო მან, არამედ ქვეყანამ.

ქვეყნის მართვას სხვა ხელოვნება სჭირდება. მას ისე, როგორც თარგმნას, ნიჭი განაპირობებს, მართვის ნიჭი. იშვიათია, როდესაც კარგი მთარგმნელი, კარგი ან თუნდაც საშუალოზე დაბალი მმართველია. ნათელი მაგალითი ამისა „ეროვნული ხელისუფლების“ მოკლევადიანი, ძალით შეწყვეტილი მართვა იყო და მასთან ერთად ქვეყნის მართვის ანბანის უცოდინრობა, რომელიც, როგორც გადაშლილი წიგნი, ისე იდო ჩვმს წინ — იმ შენობაში „ეროვნულ ხელისუფლებამდე“ და „ეროვნული ხელისუფლების“ დროს მომუშავე პასუხისმგებელი მუშაკის წინ.

ქვეყნის მართვის არმცოდნე ეროვნულმა ხელისუფლებამ, თავი რომ ვერ მოაბა საქმეს — ცნობილი ფაქტია, რამაც სახელმწიფო შეიყვანა ისეთ ჩიხში, რომლიდან გამოსვლას აღარც კანონი და აღარც კონსტიტუცია აღარ უშველიდა. ახალი რევოლუცია იყო საჭირო და მოხდა კიდევაც.

აი, იმ ინერციით — არაკანონიერით, არაკონსტიტუციურით მოვდივართ და „მოგვიხარია“ 30 წლის განმავლობაში.

ხელისუფლების ქუჩიდან შეცვლა, კონსტიტუციური ნორმების მსგავსად არის ჩაწერილი საქართველოს მოსახლეობის გონებაში და რახან ასეა, ამჯერადაც შევეცადეთ ქუჩის მეთოდის გამოყენებას,თუმცა წინა მცდელობებიდან განსხვავებით, ბოლომდე არ გამოგვივიდა. მაგრამ შექმნილი ვითარება გვკარნახობს, რომ გამოგვივა. ტრადიციას არ ვუღალატებთ  და გავაკეთებთ იმას, რასაც ვაკეთებთ — „რევოლუციებით“ ხელისუფლების დამხობას.

აბა, მითხარით, რომელ ქვეყანას შეეძლო, 30 წლის განმავლობაში ყველა ხელისუფლების დამხობა? ჩვენ შევძელით. გავიხსენოთ ისტორია. „ეროვნულმა ხელისუფლებამ“ ხალხის ამბოხის დახმარებით გააძევა კომუნისტური ხელისუფლება. მავანი შემედავება — ამბოხით კი არა, უზენაესი საბჭოს არჩევნებითო.

არა, პატივცემულო მკითხველო. უზენაესი საბჭოს არჩევნების ბედი გადაწყდა არჩევნებამდე, უზენაესი საბჭოს (კომუნისტურის) მიერ საარჩევნო ორი კანონპროექტის განხილვით. ერთის — კომუნისტების მიერ ინიცირებულის და მეორის — ოპოზიციის, ანუ „მრგვალი მაგიდის“ მიერ შექმნილის. და ვიდრე კენჭისყრამდე მივიდოდა საქმე, მთელი შენობა „ანთებული“ თბილისელების ალყაში აღმოჩნდა. ისინი დედ-მამის გინებით, მუქარით მოუწოდებდნენ დეპუტატებს მხარი გამსახურდიას კანონპროექტისთვის დაეჭირათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ცოცხალს არავის დატოვებდნენ. და მათაც შეასრულეს ხალხის „თხოვნა“.

არჩევნებზე ძალის გამოყენება და გაყალბებაც არ ყოფილა უცხო. ძალაგამოცლილმა და შეშინებულმა ხელისუფლებამ პოზიციები დათმო და ქვეყნის მართვის სადავეები „კანონიერად“ გადასცა არჩევნებში გამარჯვებულ ოპოზიციას.

ქვეყნის მაშინდელმა ლიდერმა გუმბარიძემ ხალხის გადაწყვეტილების საპასუხოდ, ჩემთან საუბარში თქვა — ინანებენ, მაგრამ გვიან იქნებაო.

ვინანეთ თუ არა, ძნელი დასადგენია. თითქოს ვინანეთ, მაგრამ გავიდა დრო და იგივე გავაკეთეთ — გამსახურდიას ხელისუფლების დამხობით. შემდეგ შევარდნაძის, სააკაშვილის, ახლა „ოცნების“ და მისი დამფუძნებლის, ქვეყნის რეალური მმართველის ივანიშვილის, თუმცა ბოლო „რევოლუცია“ არ გამოდგა ისეთი, „რევოლუციონერები“ და მათი დასავლელი წამქეზებლები რომ ინატრებდნენ. რომ იტყვიან „წაიფორხილა“.

 

მიმდინარე წლის 8-9 მარტის „რევოლუცია“ მარტო კანონპროექტის პარლამენტიდან გამოწვევას დასჯერდა, თუმცა იყო კატეგორიული მოთხოვნებიც — ხელისუფლების გადადგომის, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების, დამნაშავე რუსოფილ ხელისუფალთა პასუხისმგებაში მიცემის და სხვა. მაგრამ ჯერ-ჯერობით „რევოლუციას“ რადიკალური მოწოდებების შესრულების მუხტი განელებული აქვს და ის ნაკლებად წააგავს „გავრილოვის“ რევოლუციას, რომელსაც სერიოზული საკადრო ცვლილებებიც მოჰყვა — პარლამენტის თავმჯდომარისა და პრემიერ-მინისტრის შეცვლის სახით, ხანგრძლივი მოლაპარაკებათა სერიების გამართვით ხელისუფლება-ოპოზიციას შორის — ევროკავშირისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს შუამავლობით.

დასჯერდება თუ არა ოპოზიცია მისთვის მიუღებელი კანონპროექტის გამოწვევას, ძნელი სათქმელია, ისე, როგორც შეძლებს თუ არა ხელისუფლება, უდავოდ მცირე დანაკარგით, მისთვის ხელსაყრელი მშვიდობის მოპოვებას.

ხელისუფლების მდგომარეობა რომ არასახარბიელოა და ბობოქრობით აღვსილი, ფაქტია. ოპოზიციისთვის მიუღებელი ხელისუფლების პატარა ნაბიჯიც კი გამოიწვევს ხანძარს, რომელსაც უმალ აიტაცებს ხელისუფლების პოლიტიკით უკმაყოფილო დასავლეთი, რომელიც ნავთით შეეცდება ხანძრის ჩაქრობას.

 

ოპოზიციის რადიკალიზმის გამოვლინებას ჰქონდა ადგილი 8-9 მარტის ანტისამთავრობო გამოსვლების დროს. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მერაბიშვილმა უცხოური მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში არც ციხეში ყოფნის „საამური დღეები“ გაიხსენა და არც 2008 წლის ცხინვალის ომის შედეგად მოტანილი „სიკეთეები“ და ყოველგვარი უხერხულების გარეშე ჟურნალისტსა და საქართველოს ბედკრულ მოსახლეობას აჯახა — მიზანი ჩვენი ხელისუფლების შეცვლა, ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის პატიმრობიდან გამოხსნა, უკრაინის გვერდში დგომა, რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნა, რუსეთისთვის სანქციების დაწესებააო.

როგორც ჩანს, ჩვენში ომის პროპაგანდა არ ისჯება, არც მთავრობის დამხობის მოწოდება, არც პარლამენტის შენობის შტურმით აღება, არც „მოლოტოვის კოქტეილების“, ქვების შენობისთვის და პოლიციელებისთვის დაშენა, არც პოლიციის ავტომანქანების დაწვა და ა.შ.

ხელისუფლებამ — მომიტინგეთა რადიკალიზმით შეშინებულმა, უკან დაიხია. კანონპროექტი — პირველი მოსმენით მიღებული, უკან გაიწვია, დაკავებული „რევოლუციონერებიც“ გაათავისუფლა. ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯი საკუთარი ავტორიტეტის დასასამარებლად.

„ამ ხელისუფლების იმედი უნდა ჰქონდეს ხალხსო“ — იყო ბევრი თბილისელის და არა მარტო გულწრფელი გამონათქვამი.

ხალხს არ მოეწონა ხელისუფლების უკან დახევა იმ ძალასთან, რომელსაც ის ხელისუფლებაზე მეტად არ სცემს პატივს. ამ დღეებში ხშირად ვისმენდი საზოგადოების არათუ უმნიშვნელო ნაწილის ნათქვამს — ოპოზიცია რომ ოდნავ მაინც ანგარიშგასაწევი იყოს, მაშინ ხელისუფლებას არვინ არაფრად ჩათვლიდაო.

რაღა დაგიმალოთდა სინამდვილე ასეთია. 30 ბობოქარი წლის შემდეგ, ვითომ დამოუკიდებელმა და სუვერენულმა, მარტივი არჩევანის შანსიც დავკარგეთ და მასთან ერთად პოლიტიკური თავმოყვარეობაც, თორემ ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს ელჩის დაბარება — ყურების აწევის მიზნით — ვინ მოგცათ ასეთი კანონის მიღების და მომიტინგეთა მშვიდობიანი აქციისთვის ხელის შეშლის უფლებაო, სხვაგვარად იქნებოდა აღქმული ხელისუფლების მიერ.

როგორო, — მკითხავთ. გიპასუხებთ — კონსულტაციებისთვის საქართველოს ელჩის გამოწვევით ესტონეთიდან. ესტონეთის ელჩის საგარეო უწყებაში დაბარებით და მისთვის საპროტესტო ნოტის გადაცემით — ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევის გამო.

საქართველოს ხელისუფალთა განცხადებით უკანდახევა პოლიტიკური თამაშის წაგებას არ ნიშნავს. უკანდახევით მთავრობამ შექმნილი დაძაბულობა განმუხტა, თუ რა ხნით არვინ იცის.

გამარჯვებულ ოპოზიციას, რომელმაც ხელისუფლების უსუსურობა დაინახა, აწი რაღა დააკავებს?! პატარა ნაპერწკალიც საკმარისი იქნება დიდი ხანძრის გასაჩენად. მიტინგზე მისული ეკზალტირებული სტუდენტების „პატრიოტული“ მოწოდებები „აფხაზეთი“, „სოხუმი“, „აფხაზეთი“, ომისკენაა მიმართული, რომელიც 2008 წლის ომის მსგავსად საქართველოსთვის ტერიტორიების ჩამოჭრით არ დამთავრდება, საქართველოს არსებობას დაუსვამს წერტილს.

8-9 მარტის მოვლენებმა ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის ბევრი არასასიამოვნო მომენტი გამოავლინა. უპირველეს ყოვლისა პრეზიდენტის აშკარა ანტისახელისუფლებო განწყობა, რაც არაერთხელ გამოჩნდა უცხოეთში მყოფი ზურაბიშვილის ამერიკელ-ევროპელ პოლიტიკოსებთან შეხვედრების დროს.

ზურაბიშვილმა მხარი დაუჭირა ოპოზიციას და თქვა, რომ პრორუსულ კანონს ვეტოს დაადებს. მან ისიც თქვა, რომ კანონპროექტი არ წაუკითხავს, მაგრამ რახან ის პრორუსულია, წინააღმდეგია ამ კანონის მიღების.

პრეზიდენტი, რომელიც არ იცნობს კანონპროექტს, ეწინააღმდეგება მის დაკანონებას. ქალბატონო სალომე, იქნებ წაგეკითხათ და შემდეგ გამოგეთქვათ თქვენი „ბრძნული“ აზრები?!

ზურაბიშვილი, ივანიშვილისა და „ოცნების“ შეცდომაა, რომელიც არაერთხელ შეახსენებს მათ თავს უახლოეს მომავალში.

8-9 მარტმა საქართველოს მოსახლეობას დაანახა, რომ ხალხს არც „ოცნების“ და არც ივანიშვილის იოტისოდენა პატივისცემა არ აქვს, რომ ხალხი მათ მხარს არ უჭერს და თუ „ოცნება“ არჩევნებში ადმინისტრაციული ხრიკებით იღებს ამომრჩეველთა ხმებს, სიყვარულით არ არის გამოწვეული — ალტერნატივის უქონლობის ნაყოფია.

ხალხი არ გამოვიდა ხელისუფლების დასაცავად. არც საჯარო განცხადებები გაუკეთებია — მსგავსი სურვილის შემცველი. ხალხი უკმაყოფილოა ხელისუფლებით. ის ამბობს, რომ რუსეთისთვის მეორე ფრონტის გახსნისა და სანქციების დაწესებისგან თავის შეკავება დადებითი მოვლენაა, მაგრამ არა ის, რასაც „ოცნება“ დაპირდა მას 10 წლის წინათ — რუსეთთან ურთიერთობების დალაგება.

 

ჰამლეტ ჭიპაშვილი

ჰამლეტ ჭიპაშვილის სტატიების სრული ვერსიები იხილეთ გვერდზე: isari.ge