საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება იმავე ძალების გავლენის ქვეშ არის, რომლებიც სააკაშვილს მართავდნენ – ვ. ხომერიკი

რუსეთში მცხოვრები უზარმაზარი ქართული დიასპორა, სხვა კავკასიელებისგან განსხვავებით, აქტიურობითა და სოლიდარობით არ გამოირჩევა. ამ სამწუხარო ფაქტზე არაერთხელ მიგვითითებია.  ბათუმში დაბადებული და გაზრდილი კაცი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, “რუს და ქართველ ხალხთა ერთიანობის ფონდის” პრეზიდენტი ვლადიმერ ხომერიკი, “მიშისტებსა” და სხვა ანტიქართულ ელემენტებს განსაკუთრებით აღიზიანებს, რადგან იგი სწორედ ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისია – საქართველოსთვის იბრძვის იმაში დარწმუნებული, რომ საქართველოს კეთილდღეობისა და აყვავებისკენ მიმავალი გზა რუსეთთან მეგობრულ ურთიერთობებზე გადის.

აგვისტოს ომის მორიგ სავალალო “იუბილესთან” დაკავშირებით ხომერიკმა ვრცელი ინტერვიუ მისცა ცნობილ ქართველ ჟურნალისტს, ზაზა დავითაიას. გთავაზობთ ამ ინტერვიუს:

აგვისტოს 3 დღიანი ომიდან თითქმის 12 წელი გავიდა. ნაცები გამალებით ცდილობენ ამ ომის ნამდვილი მიზეზების მიჩქმალვას და გადაფარვას. საინტერესოა, როგორ აფასებს აგვისტოს ომს რუსი საზოგადოება? – „დასავლეთის და განსაკუთრებით, ამერიკის ფაშისტური წრეები ძალ-ღონეს არ იშურებენ, რათა რუსეთსა და საქართველოს შორის კეთილგანწყობილი დამოკიდებულება არასოდეს აღდგეს, რაც ჯამში საქართველოს პოლიტიკური რუკიდან გაქრობას ემსახურება“ – ამ სკანდალური სიტყვებით დაიწყო ჩემთან მორიგი ინტერვიუ ნაცების მხრიდან „კრემლის ემისრად“ შერაცხულმა მოსკოველმა პროფესორმა, „რუს და ქართველ ხალხთა ერთობის ფონდის“ პრეზიდენტმა, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორმა ვლადიმერ ხომერიკმა:

– მინდა, „ასავალ-დასავალის“ ფურცლებიდან საზოგადოებას შევახსენო, რომ საქართველოს „ღირსების ორდენის“ კავალერიც გახლავართ. 2002 წელს მაშინდელმა პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ რუსეთში ქართველი დიასპორის მიმართ გაღებული ჩემი ღვაწლისთვის ეს მაღალი ჯილდო მომანიჭა, თუმცა ორდენის მისაღებად მე მას არ ვეახელი, რადგან ვთვლი, რომ შევარდნაძე საქართველოსა და მსოფლიოს უახლეს ისტორიაში ნეგატიური ფიგურაა. მინდა გითხრათ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის საფუძველი, რამაც საქართველოს (ღმერთმა ნუ ქნას, რომ – სამუდამოდ!) დააკარგვინა აფხაზეთი და სამაჩაბლო – სწორედ ედუარდ შევარდნაძემ შექმნა, ხოლო მისმა პოლიტიკურმა შვილობილმა და ანტიქართული პოლიტიკის სწორუპოვარმა გამგრძელებელმა, მიხეილ სააკაშვილმა საბოლოოდ დააგვირგვინა.

  – მოდით, ჩავუღრმავდეთ აგვისტოს ომის ანატომიას. რამ გამოიწვია ქართველი ხალხისთვის დამანგრეველი სამხედრო დაპირისპირება რუსეთთან?

– საქართველოს ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, სააკაშვილი რუსეთში გაემგზავრა. მოსკოვმა იგი კეთილგანწყობით მიიღო, რადგან იმედოვნებდა, რომ შევარდნაძის მხრიდან ფლიდობაზე დამყარებულ გეზს ეს ახალგაზრდა ლიდერი შეცვლიდა და საქართველო რუსეთთან ურთიერთობას საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, დასავლეთის აგრესიული წრეების კარნახის და მითითების გარეშე დაამყარებდა.

სხვათაშორის, სააკაშვილის საქართველოს ხელისუფლების სათავეში მოსვლას თავიდან რუსეთის ვერტიკალის მნიშვნელოვანი წრეები უჭერდნენ მხარს, რადგან შევარდნაძეს აღარ ენდობოდნენ, მაგრამ მერე აღმოჩნდა, რომ წინამორბედის  მსგავსად, სააკაშვილიც მხოლოდ დროს აჭიანურებდა.

 – რატომ აღარ ენდობოდა შევარდნაძეს კრემლი?

– იმიტომ, რომ შევარდნაძემ რუსეთთან მოლაპარაკების დროს აღებული ვალდებულებები არ შეასრულა. არადა, მოლაპარაკებები იმისთვის ხდება, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობა მოწესრიგდეს და თუ მხარეები ნაკისრ ვალდებულებებს არ შეასრულებენ – რაღა გამოვა?

თავის დროზე რუსეთის პრეზიდენტმა ბორის ელცინმა ერთმანეთს სოჭში შეახვედრა შევარდნაძე და აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ლიდერი ვლადისლავ არძინბა. ელცინსა და შევარდნაძეს შორის უკვე არსებობდა შეთანხმება, რომ დსთ-ში საქართველოს შესვლის საპასუხოდ, აფხაზეთის და სამაჩაბლოს პრობლემების საქართველოს სასარგებლოდ დარეგულირების დიადი პროცესი დაიწყებოდა.  ამ შეხვედრის ამსახველ ვიდეო კადრებში მოჩანს უკმაყოფილო არძინბა, რომელსაც ელცინმა ლამის, ძალის გამოყენებით ჩამოართმევინა ხელი შევარდნაძისთვის და ამით ყველაფერია ნათქვამი.

       ვიცი, ახლა ოპონენტები იტყვიან, რომ „დსთ“ – ში შესვლით საქართველო დამოუკიდებლობას დაკარგავდა, მაგრამ მათ აქვე ვუპასუხებ, რომ მაშინდელი „დსთ“-ს ქვეყნებიდან გინდ ეკონომიკური, გინდ პოლიტიკური თვალსაზრისით ყველა საქართველოზე უკეთესად არის. ყველამ მოიწყო ცხოვრება, საქართველო კი, ეკონომიკურად გაცამტვერდა და ტერიტორიებიც დაკარგა!

 – მე შეგნებულად შევიკავებ თავს პირადი პოზიციის გამოხატვისგან. მინდა, საშუალება მოგცეთ, კრემლის არგუმენტები ქართველ ხალხამდე მიიტანოთ და მერე დაე, ხალხმა თავად განსაჯოს… გავაგრძელოთ საუბარი. რა მოხდა ამ შეთანხმების შემდეგ?

– გავიდა რამდენიმე თვე, მაგრამ საქართველო არ ასრულებდა ამ შეთანხმების ფარგლებში მიცემულ პირობას. მაშინდელი პოლიტიკური ისტებლიშმენტი ხშირად კითხულობდა – დრო გავიდა და რა პასუხს ვეტყვით რუსეთს, პირობის შეუსრულებლობას რით ავხსნითო? საბოლოოდ, შევარდნაძემ საქართველო მაინც შეიყვანა საქართველო „დსთ“ – ში, მაგრამ ეს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კი არა, ძალაუფლების შენარჩუნების გამო გააკეთა, როცა ზვიად გამსახურდიას მომხრე შეიარაღებულმა ძალებმა დასავლეთ საქართველოზე კონტროლის დამყარება შეძლეს და თბილისისკენ მათ სვლას წინ ვეღარაფერი ეღობებოდა… წინა ინტერვიუში გითხარით და კიდევ გავიმეორებ – რუსეთს აქვს თავისი გეოპოლიტიკური ინტერესები, დასავლური აგრესიისგან თავის დაცვაზე რუსეთი ხელს არასოდეს აიღებს. როდესაც კრემლი მიხვდა, რომ შევარდნაძე პირობას არ ასრულებდა და ორმაგ თამაშს თამაშობდა რუსეთსა და დასავლეთს შორის, რუსეთმა აღარ შეაკავა აფხაზი სეპარატისტები, რასაც აუცილებლად გააკეთებდა, საქართველოს მოლაპარაკების დროს აღებული ვალდებულებები რომ შეესრულებინა!

 – თქვენი აზრი მაინტერესებს – სააკაშვილი საქართველოს სათავეში ვინ მოიყვანა?

– რა თქმა უნდა, სოროსმა და ამერიკელმა ქორებმა, რომლებმაც სააკაშვილს ამ რეგიონში დააკისრეს რუსეთთან დაპირისპირების და ქართველი ერის გენოციდის ხარჯზე რუსეთთან პირდაპირ, ფრონტის ხაზის შექმნის მისია. ოღონდ, თავიდან სააკაშვილიც, შევარდნაძის მსგავსად, შეეცადა, ნამდვილი მიზანი დროის გაჭიანურებით შეენიღბა. მე პირადად, რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა მომიყვა – სააკაშვილის რუსეთში ჩამოსვლის მერეც, ცხინვალში ფაქტობრივად დაიწყო შეთანხმების აღსრულების პროცესი, რომელიც საქართველოს შემადგენლობაში დააბრუნებდა ცხინვალის რეგიონს, მერე კი, ეს პროცესი აფხაზეთზეც განივრცობოდა.

მაგრამ მოხდა წარმოუდგენელი რამ – სააკაშვილი მოსკოვთან კავშირზე აღარ გამოვიდა! დიმიტრი მედვედევმა (იმდროინდელი რუსეთის პრემიერი) თქვა, იმ მოლაპარაკების შემდეგ ამ კაცს ვეღარ დავუკავშირდით, ორი კვირაა, ხან მე, ხან პრეზიდენტი პუტინი ვურეკავთ და ზარს არ პასუხობსო!

 – რას მოითხოვდა იმ ეტაპზე საქართველოსგან რუსეთი?

– იმ ეტაპზე ასე მწვავედ არ იდგა ნატოს საკითხი. რუსეთი ითხოვდა, რომ დაწყებულიყო იმ პირობების შესრულება, რაც პირველ პირებთან შეთანხმებაში სააკაშვილმა საკუთარ თავზე აიღო, ის კი, სამარცხვინოდ გაურბოდა სატელეფონო საუბარსაც კი, რადგან მისმა პატრონებმა ასე უბრძანეს! შეეშინდათ, რომ თუ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად რუსეთი ქმედით ნაბიჯს გადადგამდა, ისინი სამუდამოდ დაკარგავდნენ ქართველ საზოგადოებაზე ზემოქმედების ბერკეტებს. აი, ამ მომენტიდან, სააკაშვილმა რადიკალურად შეცვალა პოზიცია და ნატოში გაწევრიანებაზე იწყო ზღაპრების თხზვა და ამ ზღაპრის მყვირალა პიარით შეფუთვა, პარალელურად, მასშტაბური ანტირუსული ისტერია გააჩაღა. ფაქტობრივად, რუსეთისთვის აშკარა გახდა, რომ სააკაშვილი დამოუკიდებელი ლიდერი კი არა, ამერიკელი „ქორების“ წვრილი აგენტი იყო, რომელსაც საკუთარი ნებით, მხოლოდ სისულელის ჩადენა შეეძლო.  აშკარა ტყუილი უბრალო ადამიანებს შორისაც კი ნდობას კლავს, არამც თუ სახელმწიფოებს შორის…  ბევრჯერ მითქვამს და გავიმეორებ: რუსეთი არ დაუშვებს, რომ საქართველოდან მის ქალაქებს ნატოს ქვემეხები დაუმიზნონ, ხოლო ამერიკელ „ქორებს“ საერთოდ არ ადარდებთ საქართველოს მთლიანობის ბედი,

მათი ერთადერთი მიზანია, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ იარაღად გამოიყენონ! მათი ყურმოჭრილი მონა რომ არ ყოფილიყო, სააკაშვილი ისტორიაში საქართველოს გამაერთიანებლის სახელით შეაბიჯებდა!

 – მაგრამ, საქართველოში ძალიან ბევრი თვლის, რომ სააკაშვილი დღემდე რუსეთის დავალებებს ასრულებს.

– ამ მოსაზრებას არ გააჩნია მყარი არგუმენტი. რუსეთმა, როგორც კი შეამჩნია, რომ სააკაშვილი წინამორბედი შევარდნაძის გზას აგრძელებდა და შეთანხმებებში ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებდა, მის მიმართ დამოკიდებულება შეცვალა და სააკაშვილის ყველა მანკიერი თვისება, მის მიერ ჩადენილი ყველა სისულელე თავის სასარგებლოდ გამოიყენა. სააკაშვილმა საზოგადოების ნაწილი დააჯერა, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას რუსეთის გვერდის ავლით, ძალის გამოყენებით შეძლებდა. იგი ამ დროსაც „ქორების“ მითითებით მოქმედებდა, რომლებმაც, რუსეთთან ფრონტის ახალი ხაზის შექმნა დაავალეს. არ უარვყოფ, რომ სეპარატისტულად განწყობილი ოსებისგანაც იყო პროვოკაციები, ისინი გამალებით ცდილობდნენ, რუსეთი ფაქტის წინაშე დაეყენებინათ, რომ „სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა“ ეღიარებინა ან სულაც რუსეთისთვის მიეერთებინა. საქართველოს ბეწვის ხიდზე გავლა მართებდა, რის ნაცვლად, სააკაშვილმა ამ წუმპეში უტიფრად შეტოპა და ცხინვალში შეიარაღებული ძალები შეიყვანა, რასაც რუსეთის მხრიდან გარდაუვალი გამოპასუხება მოყვა.

 – მაგრამ, თუ სააკაშვილი ამერიკელი „ქორების“ აგენტია, საქართველოს მთელი ეკონომიკა რატომ გაასხვისა რუსეთზე?

– ამ შემთხვევაში სააკაშვილმა იმოქმედა პირადი ბიზნესინტერესების ფარგლებში. თანაც, ქართული ეკონომიკა მან რუსეთის სახელმწიფოს კი არა, ცალკეულ რუს ბიზნესმენებს მიჰყიდა, რომლებიც პერიოდულად, სააკაშვილს აფინანსებდნენ და სალაროს უვსებდნენ. სააკაშვილი ამერიკელებთანაც და რუსებთანაც ურთიერთობაში მხოლოდ ფულის შოვნაზე იყო ორიენტირებული, მისთვის ქვეყნის პრეზიდენტობა ოდენ, ფულის შოვნის საშუალება გახლდათ. სააკაშვილი არ გახლავთ პოლიტიკოსი, ის მხოლოდ ავანტიურისტი ბიზნესმენია, რომელსაც უდავოდ აქვს ერთი ნიჭი: თავისი ნამდვილი განზრახვა მყვირალა ფსევდოპატრიოტული ლოზუნგებით შეფუთოს. ასეთმა მიდგომამ განაპირობა, რომ გარშემო ყველა ქვეყანამ საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების შევიწროების ხარჯზე იხეირა, რომ დღეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობაც დარღვეულია, წარმოება ფაქტობრივად აღარ არსებობს და დამოუკიდებლობის სტატუსიც, მხოლოდ ფორმალურად გაგვაჩნია, რეალურად კი, ქვეყანაში ხელისუფლების კი არა, დამლაგებლის სამსახურში დანიშვნის საკითხსაც ამერიკის ელჩი წყვეტს.

 – აღარც შევარდნაძეა ცოცხალი და არც სააკაშვილია ხელისუფლებაში. ახლა რაღა უდგას წინ, რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების გამოსწორებას?

– მართალია, საქართველოს ამჟამინდელო ხელისუფლება რუსეთს სააკაშვილის მსგავსად პროვოკაციებს არ უწყობს, თუმცა, არც ურთიერთობის დასარეგულირებლად ჩქარობს, რაც საფუძველს იძლევა დასკვნისთვის, რომ იგივე ძალების გავლენის ქვეშ არის, რომლებიც სააკაშვილს მართავდნენ. ესეც სააკაშვილის ბრალია, რადგან შევარდნაძის დროინდელი საქართველოს საგარეო ვალი 2 მილიარდიდან 12 მილიარდამდე აიყვანა და ქვეყანა უკვე ფინანსურად არის დაკაბალებული, ეკონომიკურად მთლიანად ამერიკაზე და მსოფლიო ბანკზეა დამოკიდებული, მანევრების საშუალება აქვს მოსპობილი. საქართველოს ყველა სამინისტროში ამ რეაქციული ძალების რეზიდენტები სხედან და კარნახობენ სვლებს. ამას გარდა, ამავე აგრესიული ძალების სრული კონტროლოს ქვეშ არის მათ მიერ დანიშნული ე.წ. ოპოზიციაც, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას რუსეთისკენ ნაბიჯების გადადგმის საშუალებას არ აძლევს.

 – ნუთუ აშშ-ს პრეზიდენტის, ტრამპის პოლიტიკაც იგივეა საქართველოსთან მიმართებაში, რაც წინა პრეზიდენტების?

– ტრამპს ნამდვილად განსხვავებული განწყობა აქვს, მეტიც – მან სააკაშვილს მოქალაქეობაც კი არ მისცა და ამერიკიდან გუდა-ნაბადი აუკრა. სამაგიეროდ, სააკაშვილს ისევ სწყალობს ძველი ლობი, დემოკრატიული პარტიიდან, რომელმაც თავისი რეზიდენტი ამჯერად, უკრაინაში დააბინავა და იქაც რუსეთთან დაპირისპირების დავალებებით აღჭურვა. პარალელურ რეჟიმში, საქართველოს ხელისუფლებაშიც ცდილობს მის რეანიმაციას. ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ თუ მცირე ალბათობის ფარგლებში ეს მოხდება, საქართველოს უეჭველი განადგურება მოელის, რადგან სააკაშვილს პირდაპირ, რუსეთთან ახალი ომის გაჩაღება აქვს დავალებული. თუ ეს მოახერხა, საქართველო აუცილებლად დაკარგავს ჯავახეთსა და ქვემო ქართლის მნიშვნელოვან ნაწილს – სომხეთის და აზერბაიჯანის სასარგებლოდ, ასევე ყარსის ხელშეკრულების ამოწურვის შემდეგ დიდი საფრთხე დაემუქრება თურქეთიდან აჭარას, რომლის ერთადერთი შემაკავებელი რუსეთია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველო შეიძლება, პოლიტიკური რუქიდან გაქრეს და მისი ტერიტორიები სხვა ქვეყნებმა გადაინაწილონ.

 

ქართველმა ერმა ყველაფერი უნდა იღონოს, რომ ამ მდგომარეობამდე არ მივიდეს. ისტორია მეორდება – საქართველოს სულიერი და ფიზიკური გადარჩენა მხოლოდ რუსეთს შეუძლია! ოღონდ, რუსეთმა ამის გაკეთება რომ მოინდომოს, საქართველომ ალღო უნდა აუღოს შექმნილ გეოპოლიტიკურ სიტუაციას,  უარი უთხრას დასავლეთის აგრესიულ ძალებს, რუსეთის წინააღმდეგ პროვოკაციული დავალებების შესრულებაზე. დროა, საქართველომ დასავლეთის კი არა, საკუთარი ინტერესები განახორციელოს, რათა თანამედროვე მსოფლიოში სახელმწიფოებრიობა შეინარჩუნოს და არსებობის უფლება მოიპოვოს!

 

თვალსაზრისი