ემანუელ მაკრონი იმედს გამოთქვამს, რომ დამტკიცებული საპენსიო რეფორმა წლის ბოლომდე განხორციელდება

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონ იმედს გამოთქვამს, რომ დამტკიცებული საპენსიო რეფორმა წლის ბოლომდე განხორციელდება, საკონსტიტუციო საბჭოს შემოწმების შემდეგ, – ამის შესახებ ემანუელ მაკრონმა ფრანგულ მედიასთან სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა.

„რაც უფრო დიდხანს ველოდებით, მით უფრო გაუარესდება დეფიციტი. ეს რეფორმა აუცილებელია, ის მე არ მაბედნიერებს. ვამჯობინებდი, არ მიწევდეს მისი განხორციელება. ეს რეფორმა არ არის ფუფუნება, არ არის სიამოვნება, ეს აუცილებლობაა“, – განაცხადა საფრანგეთის ლიდერმა.

ეს მაკრონის პირველი მიმართვაა მას შემდეგ, რაც მან საკონსტიტუციო უფლებამოსილება გამოიყენა და პარლამენტის გვერდის ავლით საპენსიო სისტემის სადავო ცვლილებები დაამტკიცა, რომლებიც საპენსიო ასაკის 62-დან 64 წლამდე გაზრდას ითვალისწინებს.