“ტაბულა”-ს სტატია: როგორ მარცხდება რუსული პროპაგანდა ლუგარის ლაბორატორიაზე ქართულ საზოგადოებასთან.
არახალია, რომ ლუგარის ლაბორატორია საქართველოში რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა და ყველაზე მეტი კონსპირაცია სწორედ მის გარშემო ვრცელდება.
ძირითადი მითები, რაც რუსეთიდან ლაბორატორიის გარშემო მიმდინარეობს, ეხება ბიოლოგიური იარაღის შექმნას, ადამიანებსა და ცხოველებზე ჩატარებულ ცდებს და იმას, რომ ლუგარის ცენტრი ამა თუ იმ დაავადების წყაროა.
როგორც მედიის განვითარების ფონდის (MDF) ანტიდასავლური პროპაგანდის 2019 წლის ანგარიშში ვკითხულობთ, “რუსეთის ხელისუფლებისთვის ლუგარის ლაბორატორიის მნიშვნელობას ისიც ცხადყოფს, რომ ეს თემატიკა თვით პრეზიდენტ პუტინისა და სხვა მაღალი რანგის პოლიტიკური თანამდებობის პირების დღის წესრიგის შემადგენელია და წინასწარ დაგეგმილი ინფორმაციული გავლენის ოპერაციებს ხშირად სწორედ მათი კომენტარები მოსდევს”.
კორონავირუსის პანდემიის დაწყებამდე საზოგადოებრივი გამოკითხვებიდან ჩანდა, რომ რუსულ პროპაგანდას გარკვეული შედეგი მართლაც ჰქონდა. მაგალითისთვის, NDI-ს 2019 წლის აპრილში ჩატარებული კვლევა აჩვენებდა, რომ საზოგადოების დაახლოებით 40%-მა არ იცოდა, მართლა ვრცელდებოდა თუ არა დაავადებები ლუგარის ცენტრიდან, ხოლო 20% ლაბორატორიას ეპიდემიების გავრცელების კერად მიიჩნევდა.
MDF-ის თანახმად, როგორც NDI-ს კვლევა, ისევე ორგანიზაციის ჩატარებული ინტერვიუები აჩვენებდა “კორელაციას კრემლის გზავნილებსა და საზოგადოებრივ აღქმებს შორის”.
ახალი კორონავირუსის პანდემიის შემდეგ საზოგადოებრივი აზრი სასიკეთოდაა შეცვლილი. როგორც NDI-ს უკანასკნელი გამოკითხვით ირკვევა, საზოგადოების დიდი უმრავლესობა რუსულ გზავნილებს არ იზიარებს.
კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 66% თვლის, რომ ლუგარის ლაბორატორია კორონავირუსის გავრცელებას ხელს უშლის. მხოლოდ და მხოლოდ 4% მიიჩნევს, რომ პირიქით, ლაბორატორია ვირუსის გავრცელებას ხელს უწყობს.
იმ 66%-დან, ვინც მიიჩნევს, რომ ლუგარის ლაბორატორია COVID-19-ის გავრცელებას ხელს უშლის, 73% ამბობს, რომ ლაბორატორიის როლი ვირუსთან ბრძოლაში ძალიან მნიშვნელოვანია, 25% კი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია.
რაც შეეხება რუსული პროპაგანდის კიდევ ერთ ძირითად გზავნილს, რომ ლუგარის ცენტრში ბიოლოგიური იარაღი იქმნება, გამოკითხვა აჩვენებს, რომ ამის მოსახლეობის 4%-ს სჯერა, 60% არ ეთანხმება, ხოლო 36% ამბობს, რომ არ იცის.
აღსანიშნავია ისიც, რომ გაზრდილია საზოგადოების ინფორმირებულობა ლაბორატორიის შესახებ. თუ 2019 წლის აპრილის კვლევაში 40% ამბობდა, რომ არ იცოდა, მართლა ავრცელებდა თუ არა ლაბორატორია დაავადებებს, ახლა 17% ამბობს, რომ არ იცის, ხელს უწყობს თუ არა ლუგარის ცენტრი COVID-19-ის გავრცელებას. მხოლოდ 6% ამბობს, რომ ლუგარის ლაბორატორიაზე არ სმენია.
“ტაბულა”