საფრანგეთში საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ საყოველთაო გაფიცვა და საპროტესტო გამოსვლები იმართება

საფრანგეთში საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ საყოველთაო გაფიცვა და საპროტეტსო გამოსვლები იმართება.

სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ქვეყანაში შეფერხებულია სარკინიგზო მიმოსვლა, დახურულია სკოლების ნაწილი, კომუნალური სამსახურების გაფიცვის გამო საფრანგეთის ქალაქების ქუჩებში ნაგავია დაგროვებული.

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა დილით ტულუზასთან ავტომაგისტრალი გადაკეტეს. ქალაქ რენში კი ბლოკირებულია ავტობუსების სადგური.

დღის მეორე ნახევარში დაგეგმილია დემონსტრაციები საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში. როგორც გუშინ ინტერვიუში პრეზიდენტმა მაკრონმა განაცხადა, სადავო რეფორმა, რომელიც მან პარლამენტის გვერდის ავლით გასულ კვირას დაამტკიცა, წლის ბოლოსთვის ამოქმედდება.

საპენსიო სისტემის ცვლილება საპენსიო ასაკის 62-წლიდან 64 წლამდე გაზრდას ითვალისწინებს. რეფორმის წინააღმდეგ საფრანგეთში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები იანვრიდან იმართება. ბოლო შვიდი ღამის განმავლობაში პარიზსა და სხვა ქალაქებში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები ხდება.