სააკაშვილის ექიმი: საჭიროა დანამატების, ცილოვანი საკვების მიღება, მაგრამ უარს აცხადებს მიღებაზე და აღნიშნავს, რომ არ მოსწონს გემო

პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი „ვივამედში“, ლუიზა შენგელია „ქრონიკასთან“ სატელეფონო კომენტარში ამბობს, რომ პაციენტი უარს აცხადებს საკვები დანამატების მიღებაზე, რომელიც მისი მდგომარეობისთვის აუცილებელია.

„ყოველდღიურად, დღეში რამდენჯერმე ვუხსნით ბატონ მიხეილს, რომ საჭიროა დანამატების, ცილოვანი საკვების მიღება, მაგრამ ესეც არ უშველის. ახლა აუცილებლად უნდა დაამატოს ეს დანამატები, მაგრამ უარს აცხადებს ამის მიღებაზე და აღნიშნავს, რომ არ მოსწონს გემო, ვერ იღებს. ჩემთვის ჯერ ისტორია არავის მოუთხოვია. ქალბატონ დავარაშვილს ისტორია მზად აქვს და არავინ მოსულა, რომ წაეღო“, – განაცხადა ექიმმა.

კლინიკა „ვივამედი“ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც განმარტავს, რომ პაციენტი იმყოფება მხოლოდ სიმპტომურ მკურნალობაზე, უნდობლობას აცხადებს მედპერსონალის მიმართ და უარს ამბობს შეთავაზებულ მკურნალობის სქემაზე. მათივე განცხადებით, ამის შედეგად „ვივამედი“, დაუმსახურებლად იღებს უზარმაზარ რეპუტაციულ დარტყმას, რაც კატეგორიულად მიუღებლად მიაჩნიათ.

„ყველაფერ ამის გათვალისწინებით, სავარაუდოდ, იძულებული ვხდებით, მივმართოთ პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო სამსახურს, შეაფასოს პაციენტ მ. სააკაშვილის კლინიკა „ვივამედში“ შემდგომი დაყოვნების მიზანშეწონილობა, ვინაიდან ის სიმპტომური მკურნალობა, რაზეც თანხმობას აცხადებს პაციენტი, შესაძლებელია ნებისმიერ სხვა დაწესებულებაში“, – ნათქვამია განცხადებაში.