ირაკლი კობახიძე – პრემიერმა დღეს, კიდევ ერთხელ, დებატები 10:0 მოუგო რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს

ბატონო ირაკლი, მადლობა არაჩვეულებრივი გამოსვლისთვის. პრემიერმა დღეს, კიდევ ერთხელ, დებატები 10:0 მოუგო რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს და მათი ნამდვილი სახე კიდევ ერთხელ გააშიშვლა, უსუსური და ასევე, პირდაპირ ვიტყვი ცოტა უხეშად, უინტელექტო სახე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრი ინტერპელაციის წესით იმყოფება.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ოპოზიციაში ინტელექტის დეფიციტია.

„აშკარად ჩანს ინტელექტის დეფიციტი და ამ ყველაფრის გამოხატულებაა მათი პოლიტიკური პოზიციაც. აქ, ძალიან სერიოზული მიზეზშედეგობრივი კავშირია. კიდევ ერთხელ მადლობა ამისთვის პრემიერს. სხვათა შორის, როდესაც ინტელექტზე და განათლებაზე არის საუბარი ქალბატონმა ეკამ [ხერხეულიძე] დაუწუნა პრემიერს განათლება, როგორც ჩანს სორბონის განათლება, ქალბატონ ეკას არ აკმაყოფილებს. ეს იყო მცირე გადახვევა.

ეს ყველაფერი აჩვენებს, რა ხდება რადიკალური ოპოზიციის მხარეს და რა ხდება უმრავლესობის მხარეს, პრემიერის მხარეს, სად არის ევროპა, სად არ არის ევროპა, სად არის განათლება, სად არ არის განათლება და ა.შ. მე მგონი, ეს ყველაფერი საზოგადოებისთვის ძალიან ნათელია და კიდევ ერთხელ წარმოჩინდა დღევანდელი დებატების დროს“, – განაცხადა კობახიძემ.