პრემიერი – „ფრანკლინის კლუბი“- საერთოდ რა კავშირი აქვს ფრანკლინს საქართველოსთან, აქედან დავიწყოთ

„ფრანკლინის კლუბი“ – საერთოდ რა კავშირი აქვს ფრანკლინს საქართველოსთან, აქედან დავიწყოთ. რაც „ფრანკლინის კლუბში“ მიმდინარეობს, ეს არის ჩვეულებრივი, სპეცსამსახურების მიერ შედგენილი გეგმა, პროგრამა. მიდის ახალგაზრდების, მოსწავლეების, სტუდენტების ტვინის გამორეცხვა – ეს არ არის „ფრანკლინის კლუბი“, ესენი არიან ანარქისტული მოძრაობის წევრები, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით იმყოფება.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, „ფრანკლინის კლუბში“ ახალგაზრდებს დემოკრატიულ ღირებულებებს არ ასწავლიან.

„ძალიან ბევრჯერ გაისმა ის ბრალდებები, რომ თითქოს, მე ახალგაზრდებს მთლიანად, განზოგადებულად ვუწოდე სატანისტები და ა.შ. ასევე, მოიყვანეს პარლამენტის თავმჯდომარის გამონათქვამიც, რომელიც კონკრეტულ შემთხვევას შეეხებოდა. მეც, ჩემს გამოსვლაში ვთქვი, რამდენიმე ახალგაზრდა. შეგნებულად არ მინდოდა და არც ახლა მინდა, რომ ამ 4-5 ახალგაზრდის სახელის იდენტიფიცირება მოვახდინო. ეს იყო ჩემი სურვილი და მე, ამის თაობაზე ვისაუბრე, მართლაც არანორმალურ შემთხვევებთან გვქონდა საქმე და ამის თაობაზე მე, ინფორმაცია მივიღე პოლიციის სამსახურებიდან, მაგრამ ზოგადად, მე მინდა გესაუბროთ იმ საფრთხეზე, რომელიც უკავშირდება ე.წ. “ნაცმოძრაობის” ახალგაზრდული ფრთის აქტივობას, „გირჩი- მეტი თავისუფლება“ და „ფრანკლინის კლუბი“. „ფრანკლინის კლუბი“ – საერთოდ რა კავშირი აქვს ფრანკლინს საქართველოსთან, აქედან დავიწყოთ. მეორე მთავარი, რაც „ფრანკლინის კლუბში“ მიმდინარეობს, ეს არის ჩვეულებრივი, სპეცსამსახურების მიერ შედგენილი გეგმა, პროგრამა. მიდის ახალგაზრდების, მოსწავლეების, სტუდენტების, რომ იტყვიან, ტვინის გამორეცხვა. ეს არ არის „ფრანკლინის კლუბი“, ესენი არიან ანარქისტულო მოძრაობის წევრები. 1 000-ზე მეტი ანარქისტი, პირდაპირ ასე დავარქვათ, მონაწილე ესწრებოდა ამ ცნობილ მოვლენებს, 7 და 8 მარტის აქციებს. მათ კონკრეტული ინსტრუქციები ჰქონდათ მიცემული, როგორ უნდა მომხდარიყო პროვოკაციები, როგორც უნდა შესულიყვნენ პროვოკაციებში, კონფლიქტში პოლიციასთან, სპეცრაზმთან. მათი წარმომადგენლების მხრიდან იყო “მოლოტოვების კოქტეილების” სროლა და ამის თაობაზე მიმდინარეობს გამოძიება. ახლა გაიკვირვეს ჩვენმა ექსტრემისტებმა, რომ თითქოს ეს არის ინტელექტუალური კლუბი და თითქოს აქ, ახალგაზრდებს დემოკრატიულ ღირებულებებს ასწავლიან. არა მეგობრებო, აქ, მიდის ჩვეულებრივი დამუშავება სპეცსამსახურების. აქვე მინდა ინფორმაცია მოგაწოდოთ თქვენ და საზოგადოებას. სამწუხაროდ, ამ კლუბის, ამ ე.წ. ანარქისტული ახალი მოძრაობის სათავეებთან ფიქსირდებიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც. მინდა ამ ტრიბუნიდან გავაფრთხილო ვინც არ უნდა იყოს, ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენელი, ვინც ამ ანარქისტულ, ანტისახელმწიფოებრივ, ანტიკონსტიტუციურ მოძრაობაში მიიღებს მონაწილეობას და ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს ახალგაზრდა ჯანსაღ თაობას ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ გამოიყენებს, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ძალიან მკაცრი რეაგირება ექნება, რომელი ქვეყნის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს ეს ადამიანი. ჩვენი სამსახურები ძალიან ყურადღებით მუშაობენ „მეხუთე კოლონის“ წევრების გამოვლენაზე“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.