ახლოვდება ის დღე, როცა ამ მანქურთების ხანა ჩვენს პოლიტიკაში დასრულდება, – ამის შესახებ “ლელოს” დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნება” დღეს მოქმედებს ერთადერთი დღის წესრიგით, რომ ნებისმიერ ფასად არ მიიღოს ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი და ამას მოწმობს მათ შორის, თუნდაც, ის გზავნილები, რითაც დახვდნენ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს.
სამადაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდი მიზანმიმართულად ეწევა ევროპული დღის წესრიგის საბოტაჟს და მისი ყველა ქმედებაც სწორედ ამ მიზნიდან გამომდინარეობს.
„ის განსაკუთრებული აგრესია, რომლითაც იქცევა უკანასკნელ დღეებში აჩვენებს, რომ ეს ხალხი აგონიაშია შესული, რადგან ესმით, რომ ამოიწურა დრო, როცა ისინი შეძლებენ წარმატებით გააგრძელონ ქართველი ხალხის და ჩვენი მოტყუება და ახლოვდება ის დღე, როცა ამ მანქურთების ხანა ჩვენს პოლიტიკაში დასრულდება, პოლიტიკურ ძალაუფლებას გამოემშვიდობება. ისინი კარგავენ ყველაფერს, არამხოლოდ ძალაუფლებას, არამედ შემოსავლის წყაროს და სხვა ბევრ პრივილეგიას. ამიტომ ფიქრობენ, რომ აქ ხან მიკროფონს მოგლეჯენ და ვიღაცას ჩაარტყამენ, ან იქ დადგებიან და ჩაუსაფრდებიან კოლეგას. სამარცხვინო ფაქტია ის, რომ ღარიბაშვილისნაირ ადამიანს, ამ გაყალბებული დიპლომების მქონე, გაუნათლებელ, უვიც კაცს ჰქვია პრემიერ-მინისტრი, რომლის ერთადერთი დამსახურებაა ბერა ივანიშვილის მონობა და ეს ბერა ივანიშვილის მონა უკვე მერამდენედ აქეზებს ძალადობას, ჩვენ გვახსოვს 5 ივლისის მოვლენები, როცა თქვენი კოლეგები დაარბიეს და ერთ- ერთო დაიღუპა, მოუწოდა მაშინ ძალადობისკენ, დღესაც მისი გამოსვლა იყო თავდასხმა ოპოზიციონერ დეპუტატზე და მოწოდება ძალადობისკენ,”- განაცხადა სამადაშვილმა.
ის გამოეხმაურა ასევე მომხდარ ფაქტზე კობახიძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ სანიკიძემ მიიღო სათანადო პასუხი და აღნიშნა, რომ კობახიძეს ძალაუფლების დაკარგვის ეგზისტენციალური შიში აქვს.
“ირაკლი კობახიძე არის ღრმას დაავადებული ადამიანი, ეშინია, რადგან როცა ძალაუფლებას დაკარგავს, სად აღმოჩნდება არ იცის, ეგზისტენციალური შიში აქვს ძალაუფლების დაკარგვის და ყოველ ახალ დღეს, როცა ხვდება, რომ სრულდება ის პერიოდი და ერა, როცა ძალაუფლებაშია, სულ უფრო დამძიმდება მისი მდგომარეობა და სულ უფრო არაადეკვატურ განცხადებებს მოვისმენთ. განსაკუთრებით აგრესიული ხდება ურჩხული მაშინ, როცა გრძნობს აღსასრულის მოახლოებას და ურჩხული, რომელიც რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის სახით დაეუფლა ძალაუფლებას, გრძნობს აღსასრულის მოახლოებას,”- განაცხადა სამადაშვილმა.
ინფორმაციისთვის, პარლამენტის დერეფანში ფიზიკურ და სიტყვიერ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი.
პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრის მოსმენის დასრულების შემდეგ, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ოპოზიციონერ გუბაზ სანიკიძეს კიბეებთან დაედევნენ.
დაპირისპირებაში მონაწილეობდნენ დავით მათიკაშვილი და ალუდა ღუდუშაური. ღუდუშაურმა სანიკიძეს ფეხი მოუქნია.
დაპირისპირება სხდომათა დარბაზში მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა გუბაზ სანიკიძეს გაყიდული ადამიანი უწოდა.