რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ მომღერალ ვალერი მელაძის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება დაასრულა. გამოძიება შეეხებოდა დუბაიში, კორპორატიულ წვეულებაზე მელაძის მიერ წარმოთქმულ სიტყვებს – “დიდება გმირებს.“
აღნიშნული ინფორმაციის შესახებ რუსული მედია წერს.
“კომპეტენტურმა ორგანოებმა განიხილეს ვიდეო და გადაწყვიტეს რომ საქმის მასალებში არ არის საკმარისი ობიექტურად დადასტურებული მონაცემები იმის შესახებ, რომ ვალერი მელაძემ კანონი დაარღვია“, – აცხადებენ რუსი სამართალდამცველები.
ცნობისთვის, 2 იანვარს, ვალერი მელაძემ დუბაიში საახალწლო კორპორატიულ წვეულებაზე იმღერა. ერთ-ერთ მომენტში, სცენასთან ახლოს მყოფმა მსმენელმა მიმართა: “Слава Україні!“, რაზეც მელაძემ უპასუხა – ” Героям слава.” მომღერალმა ეს სიტყვები მიკროფონის გარეშე წარმოთქვა.
რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის, ფედერაციის საბჭოს წევრმა ელენა აფანასიევამ ვალერი მელაძის საქციელს “პირუტყვობა” და “ღალატი” უწოდა და მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა მოითხოვა.
წყარო – ambebi.ge