დასუსტებული ამერიკა ცდილობს, კავკასიაში თურქეთი დატოვოს “მაყურებლის” როლში

საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ შეერთებული შტატები სწრაფად და, რაც მთავარია, შეუქცევადად თმობს თავის პოზიციებს მსოფლიოს მასშტაბით. კორუფციაში, რასიზმში, იდეოლოგიური ორიენტირების დაკარგვასა და არეულობებში ჩაფლული ბირთვული სახელმწიფო მაინც ცდილობს პლანეტაზე გავლენის შენარჩუნებას, მაგრამ მას ეს კარგად არ გამოსდის – განსაკუთრებით ჩვენთან, კავკასიის რეგიონში.

სურათზე: ერდოღანი და ტრამპი, 2019 წლის ნოემბერი.

 

ამერიკელების ერთადერთი ყურმოჭრილი მონა რეგიონში საქართველოა, თავისი ნაც-ქოცებითა და სხვა პარტიებით, მასმედიითა და არასამთავროებით; ყველა დანარჩენი მეზობელი მეტ-ნაკლებად მისდევს საკუთარ ინტერესებს. ისე ღრმად, როგორც საქართველოში აქვს ამერიკას ფესვები გადგმული, ჰონდურასსა და პანამაშიც არ აქვს. მაგრამ საქართველო შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარეობს, სადაც ამერიკას არ გააჩნია პირდაპირი და იოლი საზღვაო და საჰაერო წვდომა, კომუნიკაციები მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია თურქეთზე, რომელიც ფორმალურად აშშ-ის მოკავშირე და ნატოს წევრია. თურქეთი აკონტროლებს ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებს, შავი ზღვის ჩრდილოეთ და ასევე აღმოსავლეთ ნაწილში კი, სადაც საქართველო მდებარეობს, რუსეთის ფლოტი დომინირებს. ნატოს წევრი ბულგარეთი, რუმინეთი და უკრაინა ერთად აღებულნი, სათვალავში ჩასაგდებიც არ არიან რუსეთთან შედარებით. ერთადერთი სერიოზული პოტენციური მეტოქე რუსეთისთვის შავი ზღვის რეგიონში თურქეთია, რომელიც ამერიკის ფორმალური მოკავშირეობიდან რუსეთთან თანამშრომლობისკენ დიდი ხანია, რაც გადაიხარა.

თუმცა ეს თანამშრომლობაც არ არის უღრუბლო და უპრობლემო. თურქეთის ლიდერი ერდოღანი უკომპრომისოა თავისი პანთურქიზმისა და ნეოოსმანიზმის დოგმებით შეჯერებული პოლიტიკის განხორციელების გზაზე. ერდოღანი პირდაპირ უპირისპირდება რუსეთს ყირიმის საკითხის გარშემო. ამ შემთხვევაში მას უკრაინა საერთოდ არ აინტერესებს, არამედ თურქეთის გავლენის ზრდას ესწრაფის ოდესღაც ოსმალეთის იმპერიის ვასალურ ყირიმში, სადაც თურქული ტომები სახლობდნენ და, ძირითადად, მტაცებლობითა და მონებით ვაჭრობით იყვნენ დაკავებულნი; ყირიმელი თათრები ამ მხრივ საქართველოსაც აყენებდნენ ზიანს. გარდა ყირიმის საკითხისა, თურქეთი და რუსეთი ბოლომდე ვერ რიგდებიან სირიის საკითხებში, მაგრამ განსაკუთრებით, ლიბიის მომავალთან მიმართებით. თურქეთი ტრადიციულად ეჭის თვალით უყურებს სომხეთში განლაგებულ რუსულ სამხედრო ბაზასაც და ერდოღანის სტრატეგიული ფარული მიზანია, რუსეთმა მინიმუმამდე დაიყვანოს ან სულაც შეაჩეროს სომხეთთან სამხედრო-სტრატეგიული თანამშრომლობა; იდეალური ვარიანტი ერდოღანისთვის იქნებოდა ამ ბაზის ლიკვიდაცია, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე – ბათუმსა და ახალციხეში მდებარე რუსული ბაზების ლიკვიდაცია მოხდა 2006 წელს, რის შემდეგაც თურქეთმა საქართველოში, განსაკუთრებით, აჭარასა და სამცხეში, პირდაპირ ფრთები გაშალა. საქართველოს ამ სტრატეგიული მარცხით (რუსული ბაზები საქართველოს საზღვარს ამაგრებდნენ და თურქეთის სტრატეგიულ გაძლიერებას ზღუდავდნენ) დღემდე ამაყობს ნახევრად შეშლილი პრეზიდენტი ზურაბიშვილი, რადგან აღნიშნულ ფაქტს მისი საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს ჰქონდა ადგილი, როდესაც სააკაშვილი ყველაფერს ჰყიდდა და ანიავებდა თურქებზე, ასევე აზერბაიჯანზე.

დღესდღეობით თურქეთის ეკონომიკა, გასულ წლებთან შედარებით, შორს არის საუკეთესო მდგომარეობისგან. თურქეთზე სერიოზული გავლენა იქონია კორონავირუსის გლობალურმა კრიზისმა. ერდოღანი ამიტომ კიდევ უფრო არის გააქტიურებული საგარეო პოლიტიკის ასპარეზზე, რათა საკუთარი ხალხის თვალში ძლიერი ლიდერის იმიჯი არ დაკარგოს. ჰაგია სოფიას (აია სოფიას) მუზეუმად დაკონსერვებული ტაძრის კვლავ მეჩეთად გადაკეთება სწორედ ამ კონტექსტშია განსახილველი. ერდოღანი ასევე აქტიურად გამოეხმაურა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ივლისის შუა რიცხვებში გაჩაღებულ საბრძოლო მოქმედებებს, ეს პირდაპირ საჩუქარი იყო მისთვის, პანთურქული რიტორიკის ახალი ძალით “გასახურებლად”. ოფიციალურმა ანკარამ ცალსახად დაუჭირა მხარი აზერბაიჯანს და იარაღიც კი ააჟღარუნა. გუშინწინ თურქებმა სამხედრო ტექნიკა შეიყვანეს აზერბაიჯანის ნახჭევნის ავტონომიურ მხარეში და იქ ერთობლივი სამხედრო წვრთნები წამოიწყეს. ეს ყველაფერი ვითარებას სომხეთ-აზერბაიჯანს შორის და, მთლიანად კავკასიაში, კიდევ უფრო ძაბავს.

გამოჩნდა ცნობები იმის შესახებ, რომ თურქეთი სამხედრო ძალებს არ დაიშურებს აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით გაყვანილი კომუნიკაციების, ნავთობ- და გაზსადენების დასაცავად; თითქოს შეზღუდული თურქული კონტინგენტი აზერბაიჯანის ტოვუზის ოლქშიც კი იქნა გადასროლილი. ეს ყველაფერი საბუთთება იმით, რომ სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა, თითქოს, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნან ამ კომუნიკაციებს უშუალოდ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე.

რუსეთი ფრთხილ პოზიციას იკავებს. მას სომხეთთან სამოკავშირეო ურთიერთობები აქვს, რუსეთი სომხეთის სახელმწიფოებრიობის გარანტს წარმოადგენს; სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ოდკბ) წევრია, სადაც ისევ და ისევ რუსეთია ლიდერი-სახელმწიფო. მაგრამ რუსეთი, ამისდა მიუხედავად, აზერბაიჯანთანაც კარგ ურთიერთობებს ესწრაფის (შეგახსენებთ, რომ როგორც სომხეთი, ისე აზერბაიჯანი, დსთ-ს წევრები არიან). მოსკოვსა და ბაქოს შორის ინტენსიური კონტაქტები და დიალოგი არსებობს. რუსეთს არასგზით არ აწყობს, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ომი გაჩაღდეს და მოსკოვს არჩევანის გაკეთება მოუწიოს ბაქოსა და ერევანს შორის.

რუსეთისთვის წითელი ზღვარი იქნება თურქეთის ჩარევა სამხედრო კონფლიქტში აზერბაიჯანის მხარეს (სინამდვილეში, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე). ამ შემთხვევაში, რუსეთი იძულებული იქნება, სომხეთს აღმოუჩინოს სამხედრო დახმარება და პირდაპირ ბრძოლებში ჩართოს გიუმრის სამხედრო ბაზა. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც აკავებს ერდოღანს ფიცხი გადაწყვეტილებების მიღებისაგან.

თუმცა ყველაზე საინტერესო აქ ამერიკელების პოზიციაა. ერდოღანი, მიუხედავად იმისა, რომ როგორც მოსკოვისგან, ისე ვაშინგტონისგან დამოუკიდებელ საშინაო და საგარეო პოლიტიკას აწარმოებს, ასე შორს ვერ შეტოპავდა ვითარების ესკალაციაში, თავის ზურგს უკან შეერთებული შტატების ფარულ მხარდაჭერას რომ არ გრძნობდეს. სწორედ შეერთებული შტატებია ის მესამე ძალა, რომელსაც, განსხვავებით წინა წლებისაგან, ახლა, საკუთარი დაცემისა და დასუსტების ჟამს, წყლის ამღვრევა აქვს გადაწყვეტილი კავკასიაში. ვაშინგტონს შეუძლია, ერდოღანის გული მოიგოს იმით, რომ მას ხელ-ფეხი გაუხსნას კავკასიის მიმართულებით. ერდოღანი ხომ ნაწყენია იმით, რომ ვაშინგტონმა მას თავისი მთავარი მტერი – ფეთხულა გიულენი არ გადასცა. ამიტომ, ამერიკა იძულებული იქნება, დაუოკებელი ერდოღანი რაიმე სასიამოვნო საჩუქრით დააშოშმინოს. მთავარი “პრიზი” ამ შემთხვევაში, თურქეთს არა სომხეთის სახით ერგება (სადაც რუსეთია გადამწყვეტი ფაქტორი, ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია სომხური ლობი აშშ-ში), არამედ – ამერიკის ვასალი საქართველო, რომელიც ვაშინგტონის მიერ თურქეთზე იქნება “გადაბარებული”. ვაშინგტონი თავის “მოადგილედ” და,  სააკაშვილის პერიოდის კრიმინალურ-პოლიციური ჟარგონით რომ ვთქვათ, “მაყურებლად” კავკასიაში, თურქეთის გარდა ვერც ერთ ძალას ვერ ხედავს. ტრამპის ადმინისტრაციას ურჩევნია, ისევ თურქეთი იყოს დომინანტი ძალა ჩვენს რეგიონში, ვიდრე რუსეთი, ჩინეთი და ირანი. ამერიკას რის გაკეთებაც შეუძლია, ეს არის საქართველოს შეწირვა თურქეთის ინტერესების სასარგებლოდ.

რა თქმა უნდა, თურქეთი საქართველოს არ დაიპყრობს პირდაპირი გაგებით და ყველაფერი “ცივილიზებულად” მოხდება, ქართულ-თურქული “საუკუნოვანი მეგობრობის” სულისკვეთებით. მერე რა, რომ კიდევ დავუთმობთ თურქებს ათასობით ჰექტარ მიწებს, როდესაც მოგვეჩვენება, რომ რომელიმე მდინარემ კალაპოტი შეიცვალა, მერე რა, რომ აზერბაიჯანს გავუფორმებთ დავით გარეჯის მონასტრების უდიდეს ნაწილზე კონტროლს… ეს წვრილმანია ამერიკისთვის, მთავარია, საქართველო (საქართველოს ნარჩენი ტერიტორია – უფრო ზუსტად რომ ვთქვათ) მუდამ იყოს ანტირუსული ისტერიის ფერხულში, თავად ამერიკა კი, ნაკლებად აქტიური იქნება და თავის ქმედებებში თურქეთსა და ნატოს სტრუქტურებს ამოეფარება. რუსეთიც ამ ვითარებას შედარებით მშვიდად შეხვდება, რადგან საქართველოს რუსეთი “მტრად” ჰყავს გამოცხადებული და მასთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენასა და, უბრალოდ, დიალოგს, ამთავითვე გამორიცხავს. აღარ განმეორდება ის დრო, როდესაც რუსეთი ათავისუფლებდა ჩვენს მიწებს თურქეთისაგან, რუსეთი ამ შემთხვევაში ნეიტრალური იქნება, თუკი დროზე არ მოვალთ გონს.

 

გულბაათ რცხილაძე