ოპოზიციის გამარჯვების ფორმულა – “ოცნების” ხელისუფლების დამარცხება, ჯერჯერობით ისევ ძალიან რთულ და შორეულ პერსპექტივად რჩება.
საზოგადოების მოლოდინი, მესამე ცენტრის შექმნა და ერთი ლიდერის გარშემო გაერთიანება, ამაო აღმოჩნდა. ხელისუფლების დამარცხების იდეით “გაერთიანებული ოპოზიცია”, არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე იშლება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ხმებს ერთმანეთს წაართმევენ, რაც ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს. პოლიტოლოგ-ექსპერტები დარწმუნებულები არიან, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ისევ “ქართული ოცნება” გაიმარჯვებს.
აღსანიშნავია, რომ ოპოზიციის გაერთიანების მცდელობა საქართველოს მოსახლეობისთვის უცხო არ არის. თითქმის ყველა არჩევნების წინ ამის კონტურები ჩნდებოდა, მაგრამ არჩევნების მოახლოებასთან ერთად უკვალოდ ქრებოდა და პარტიების ძალაუფლების სურვილი დაპირისპირების საგნად არაერთხელ ქცეულა. ამჯერად, პოლიტიკურ გაერთიანებაში “ძალა ერთობაშია” განხეთქილების ვაშლი “კანონი და სამართლის” ლიდერი თაკო ჩარკვიანი და “ახალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ვაშაძე გახდნენ, რომლებიც ერთიან კოალიციას გამოეყვნენ და დამოუკიდებლად აპირებენ ბრძოლას “ქართული ოცნების” ხელისუფლების დამარცხებისთვის.
“ევროპულ საქართველოში” მიაჩნიათ, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთიან მაჟორიტარულ კანდიდატზე უნდა შეთანხმდნენ. “ნაციონალურ მოძრაობაში” კი პირიქით ფიქრობენ.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერის რომან გოცირიძის თქმით, მაჟორიტარის მიერ წარმართულ კამპანიას დიდი მნიშვნელობა აქვს პროპორციული სიით გამარჯვებაში, რაც მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურში გამარჯვების საწინდარი იქნება.
“ამბები”