ვლადიმერ ზელენსკის ავსტრიის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტიის“ დეპუტატებმა სხდომათა დარბაზი დატოვეს

არ შეიძლება, ბოროტების მიმართ დარჩე მორალურად ნეიტრალური, – ამის შესახებ უყრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ ავსტრიის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ზელენსკიმ ავსტრიის პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერი ვოლფგანგ სობოტკა და სხვა დეპუტატები უყრაინაში მიიწვია.

„ამის დანახვა ნიშნავს ჩვენი ხალხის გაგებას. იმის გაგებას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ხმა საერთაშორისო სასამართლისა და უკრაინის მხარდასაჭერად, როდესაც აღნიშნული საკითხები განიხილება გაერო-ს გენერალურ ასამბლეაში, ევროპარლამენტში ან სხვა საერთაშორისო პლატფორმებზე. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რამდენად მნიშვნელოვანია, არ იყო მორალურად ნეიტრალური ომის წინააღმდეგ. ეს გეოპოლიტიკას არ ეხება, ეს ეხება იმას, რომ ყოველთვის დარჩე ადამიანად და გაუფრთხილდე ადამიანობას“, -განაცხადა უკრაინის ლიდერმა.

ამასთან, ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ავსტრიას უყრაინისთვის გადაცემული ჰუმანიტარული დახმარებისთვის, ენერგეტიკული სექტორის და განაღმვითი სამუშაოების მხარდაჭერისთვის, ასევე  დაშავებული უკრაინელების რეაბილიტაციისთვის.

ავსტრია სამხედრო თვალსაზრისით ნეიტრალური ქვეყანაა. როგორც ნეიტრალური სახელმწიფო ის არ აწვდის უყრაინას შეიარაღებას.

ავსტრიის პარლამენტში ზელენსკის ვიდეომიმართვა ჯერ კიდევ გასულ წელს იგეგმებოდა, თუმცა ის არ შედგა ავსტრიის ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტიის“ წინააღმდეგობის გამო.

აღსანიშნავია, რომ ზელენსკის სიტყვით გამოსვლის დაწყებისას აღნიშნული პარტიის დეპუტატებმა პლენარულ სხდომათა დარბაზი დატოვეს.