დასავლური ნეოკოლონიალიზმის მოდელირების მცდელობა საქართველოში

საქართველო კვლავ, დასავლეთის ყურადღების ცენტრშია. მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ საქართველოს მიმართ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე უარი გვითხრა, ქვეყნის შიდა პოლიტიკური პროცესები სხვადასხვა მიმართულებით განვითარდა. კერძოდ, მმართველ უმრავლესობას – “ქართულ ოცნებას” გამოეყო დეპუტატების ნაწილი, რომლებმაც გადაწყვიტეს, საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფისა და საშინაო საქმეებში ჩარევის ყველა შემთხვევა ემხილათ. ამგვარად შეიქმნა “უცხოური გავლენის აგენტის შესახებ კანონპროექტი”, რომელიც პარლამენტმა ერთი მოსმენით მიიღო, თუმცა ამის იქით საქმე ვერ წავიდა. კანონპროექტი რადიკალურმა ოპოზიციამ და მასთან დაკავშირებულმა არასამთავრობო სექტორმა “რუსულ კანონად” მონათლა, რითაც ქვეყნის მოსახლეობაში საპროტესტო მუხტის გაძლიერებას შეუწყვეს ხელი.

ცხადია, ნდობადაკარგული პოლიტიკოსები ვერაფერს გახდებოდნენ, ანალოგიური შინაარსის შეფასებები რომ არ წამოსულიყო ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენელი დიპლომატების მხრიდანაც. საბოლოოდ, საქართველოს მოსახლეობის ერთმა ნაწილმა დაიჯერა, რომ “აგენტების შესახებ კანონპროექტი” ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას უქმნიდა საფრთხეს და საპროტესტო გამოსვლებით მისი ჩაგდება მოითხოვეს. მმართველმა პარტიამ კანონპროექტი უკან გაიწვია, როგორც პარლამენტიდან, ასევე ვენეციის კომისიიდან, სადაც კანონპროექტი შეფასებისთვის გაიგზავნა.

ამის შემდეგ, თბილისს ერთმანეთის მიყოლებით სტუმრობდნენ გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრები. საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთდა განცხადებები ბრიუსელში – ნატოს შტაბ-ბინაში, ვაშინგტონში, ასევე ევროპარლამენტში. საუბარია ძირითადად იმაზე, რომ რუსეთ-უკრაინის ომმა მსოფლიო მნიშვნელოვნად შეცვალა, რომ საქართველოს მიმართ შეცვლილია იმ ქვეყნების პოზიციაც (საფრანგეთი და გერმანია), რომლებიც ჩვენი ქვეყნის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების ყველაზე დიდი მოწინააღმდეგეები იყვნენ. რომ ახლა, ამ ქვეყნების პირველი პირები დიამეტრულად განსხვავებულ განცხადებებს აკეთებენ.

“ჩვენ გვინდა ვნახოთ საქართველო ევროკავშირში, გვინდა ქართველებმა გაამდიდრონ ევროკავშირი. ვნახე არაჩვეულებრივი ქალაქი თბილისი, არაჩვეულებრივი არქიტექტურით, სადაც გერმანული არქიტექტურა შინაურია. ეს უკავშირდება ორმხრივ ურთიერთობას. გერმანიაში, გასული კვირების განმავლობაში ინტენსიურად ვაკვირდებოდით თქვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, რაც ხდებოდა „უცხოური აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით. ევროპული დროშები ფრიალებდა. დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი”, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა საქართველოში ვიზიტისას.

მისივე თქმით, საქართველოს ჰყავს მეგობრები ბრიუსელსა და ბერლინში, ვისი იმედიც შეიძლება გვქონდეს.

ცოტა უცნაურია ის, რომ საქართველოს ევროპული მისწრაფება დასავლეთიდან მხოლოდ 2023 წლის 7-8 მარტს დაინახეს, ანუ მას შემდეგ, რაც საქართველოში უცხოური დაფინანსების კონტროლის სურვილი გამოითქვა და ამისთვის საკანონმდებლო ბაზის შექმნა გადაწყდა.

ხელისუფლების ოპონენტები ავითარებენ მოსაზრებას, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა დიდი ხნის წინ გადაუხვევდა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან, რომ არა ქართული საზოგადოების საყოველთაოდ გაცხადებული ევროპასთან ინტეგრაციის სურვილი. მათი აზრით, ხელისუფლება ცდილობს საზოგადოებაში ეს კონსენსუსი „რუსული ტექნოლოგიებისა და ინსტრუქციების“ მეშვეობით მოშალოს. როგორც ჩანს, ამ მოსაზრების ავტორებს ავიწყდებათ ის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ევროკომისიამ საქართველოსთან დაკავშირებით მიიღო, როდესაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიანიჭეს ომში მყოფ უკრაინასა და ომის მოსაზღვრე მოლდოვას, მაგრამ საქართველოს უარის გასამართლებლად 12-პუნქტიანი რეკომენდაცია ჩამოუწიკწიკეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი 23 მარტს ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინას ეწვია და ნატო-საქართველოს კომისიის ფორმატში გამართულ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა. ალიანსისა და წევრი-სახელმწიფოების მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების ერთგულება და საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერა.

როგორც Dalma News-ს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუმარტეს, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობაზე შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში. აღინიშნა ნატო-საქართველოს პოლიტიკური დიალოგის გაღრმავებისა და პრაქტიკული თანამშრომლობის კუთხით მიღწეული ხელშესახები პროგრესი.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ილია დარჩიაშვილი პარლამენტის წინაშე მოხსენებით წარსდგა, სადაც ინტერპელაციის წესით დეპუტატების დასმულ კითხვებს უპასუხა. საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, 2023 წლის შემოდგომით, ევროკომისია პირველად შეაფასებს საქართველოს პროგრესს და 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესს.

 

გიორგი ქართველი

(ქვეყნდება შემოკლებით, სრული ვერსია “DalmaNews”)