დავით ჭიჭინაძე – მარეგულირებელი ორგანოები ტოქსიკური პოლიტიკოსებითაა სავსე

„ბოლო 30 წელია ქვეყანა მხოლოდ იძარცვება და თუ რამე შეიქმნა, ისიც იმიტომ, რომ კონკრეტულ ინტერესებს მოემსახურონ და იქ ყოფილი ჩინოვნიკები დაასაქმონ”, – ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

 

ჭიჭინაძის თქმით, მარეგულირებელი ორგანოები „ტოქსიკური პოლიტიკოსებითაა სავსე“.

“მარეგულირებელი ორგანოები ტოქსიკური პოლიტიკოსებითაა სავსე. ეს სააკაშვილის დროსაც საკმაოდ ფართო მასშტაბით ხდებოდა, თუმცა “ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში რეკორდი მოიხსნა. ამ პროცესების შემყურე ხელისუფლება კი “მე არ მეხებას” პრინციპით მოქმედებს და პენსიონერებს პენსიის 20 და 30 ლარით მომატებას ამადლის. მაშინ, როდესაც მათი ქმედებების შედეგად მიღებული ზარალი რომ არა, მათი პენსიები ორჯერ და სამჯერ გაიზრდებოდა. გამოდის, რომ სახელმწიფო კომპანიები დღეს ფულის შოვნის ყველაზე კარგი საშუალებაა. თან, ახალი სქემებით საპენსიო ფულიც თურმე სახელმწიფო კომპანიებში უნდა ჩაიდოს. არადა ამ ფულის სახელმწიფო საწარმოების მიერ განთავსება, ისევ და ისევ ამ ფულის მოპარვას ემსახურება. რეალურად ჩვენ ვხედავთ, რომ სახელმწიფო კომპანიები ის მექანიზმია, სადაც ხდება მოგების გენერირება კერძო და არა სახელმწიფო სტრუქტურებისთვის“, – განაცხადა ჭიჭინაძემ.

მან ასევე ისაუბრა ეკონომიკის სამინისტროს შესახებ.

„რაც შეეხება ეკონომიკის სამინისტროს, სტრუქტურა პრაქტიკულად მოიცავს ყველა დარგს, მაგრამ არც ერთ ამ დარგს არ ჰყავს პროფესიონალი ხელმძღვანელი. ძირითადად გვყავს ე.წ. “ეფექტური მენეჯერები”, რომლებიც ბუღალტერიაში არიან კარგად გარკვეული და ფიქრობენ არა დარგის განვითარებაზე, არამედ იმაზე, როგორ მოიპარონ ზედმეტი ფული იმ ადამიანების სასარგებლოდ, რომელთა ინტერესებსაც ემსახურებიან. მოკლედ, ნებისმიერ სფერო, რომელსაც არ უნდა შევეხოთ პრაქტიკულად არის ფინანსური ჯგუფების და არა სახელმწიფო ინტერესების განმახორციელებელი”, – განაცხადა ჭიჭინაძემ.

“1 არხი”