მხოლოდ ივანიშვილს შეუძლია კალაძის მოშორება — საბაბით თუ უსაბაბოდ, მაგრამ გააკეთებს ის ამას?

თბილისის მერი კორიდაზე გამოვარდნილ ხარს მაგონებს, რომელიც წალეკვას უქადის ყველას, ვინც მის მოთოკვას შეეცდება. კორიდაზე აგრესიულად მონავარდე ხარს მაინც ჰყავს მომთვინიერებელი, ტორეადორის სახით. რაც შეეხება მერს, ასეთი არ ჰყავს. არვინ აქცევს ყურადღებას მის „შემოქმედებას“ — არც ხელისუფლება, არც პარტია, თუმცა პარტია რას მიაქცევს ყურადღებას, როდესაც მერი პარტიის გენერალური მდივანიც არის და, როგორც ამბობენ, პარტიის დამაარსებლის, ივანიშვილის ფავორიტიც.

მერის საქმიანობას, უპირველეს ყოვლისა, ამომრჩეველი ანუ ხალხი უნდა აქცევდეს ყურადღებას, მაგრამ ამომრჩეველმა არ იცის, რომ არჩეულის მუშაობა სისტემატურად უნდა აკონტროლოს და არა მარტო ის, არამედ მისივე არჩეული ქალაქის საკრებულო. საკრებულო კი ვალდებულია ზედამხედველობა გაუწიოს ქალაქის მერისა და მერიის მუშაობას, მიუხედავად იმისა, საკრებულო სრულად რომ „ოცნების“ დეპუტატებით იყოს დაკომპლექტებული.

ქალაქის მერი არჩეულია და კაცი თუ არ მოკლა, საარჩევნო ვადის დასრულებამდე მერი იქნება. „ოცნების“ ხელისუფლება, დიდი სურვილის შემთხვევაშიც კი ვერ გაათავისუფლებს მერს. რჩება ერთი გზა — სხვა, უფრო მაღალ თანამდებობაზე გადაყვანა, მაგრამ ეს აზრი არც ერთ პრემიერ-მინისტრს თავში არ მოუვა, ვინაიდან მერი იმ პარტიის გენერალური მდივანია, რომელიც პარტიული თვალსაზრისით აღმასრულებელი ხელისუფლების მაკონტროლებელია.

რჩება ერთი ვარიანტი — ქვეყნის უგვირგვინო მმართველი, ივანიშვილი. მხოლოდ მას შეუძლია კალაძის მოშორება — საბაბით თუ უსაბაბოდ, მაგრამ გააკეთებს ის ამას?

არ გააკეთებს, ვინაიდან კალაძის მუშაობა მას არ აწუხებს.

თბილისელებს თუ აწუხებთ მერის ცუდი მუშაობა, თვით თბილისელებმა უნდა გამოთქვან პროტესტი არა სამზარეულოში წუწუნით, არამედ პარლამენტის შენობასთან — დიდი მიტინგის სახით.

თბილისელები კი ამის გამკეთებლები არ არიან, მარტივი მიზეზის გამო — ფეხებზე კიდიათ ქალაქის პრობლემები, მერის თავნებობაც, მერის მუშაობით გამოწვეული დისკომფორტიც და ა.შ.

თბილისელები მაგრები სუფრაზე არიან, თბილისის სადღეგრძელოს წარმოთქმის დროს.

ასედაამრიგად შეიკრა წრე, რომლიდან გამოსვლა არათუ დღეს, არამედ ხვალაც გაჭირდება — თუ არჩევნებში ისევ „ოცნება“ გაიმარჯვებს და გამარჯვებული, ადგილობრივ არჩევნებში ისევ კალაძეს წარადგენს თბილისის მერობის კანდიდატად.

იცის ეს ყველაფერი კალაძემ და ისე ექცევა, როგორც დამპყრობელი მშობლიურ ქალაქს. მაპატიეთ, თბილისი კალაძის მშობლიური ქალაქი არ არის. მისი მშობლიური ქალაქი სამტრედიაა.

აქვს თუ არა მნიშვნელობა თბილისის მერის თბილისელობას? არასდროს ვიჩემებდი, რომ თბილისის მერი თბილისელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ როგორც ჩანს ვცდებოდი, ვინაიდან ვთვლიდი, რომ მერობას, ამ პატარა ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქე შეძლებდა — ცხადია საქმის მცოდნე, განათლებული, ზდილობიანი, პროფესიონალი მეურნე ანუ ადამიანი აი ამ თვისებების მატარებელი, ერთობ მიუსადაგებელის დღევანდელი მერის პიროვნებასთან.

კალაძე, თბილისელი რომ ყოფილიყო, ასე უდიერად არ მოექცეოდა მისსავე ქალაქს, ვიღაცის ან რაღაცის მაინც მოერიდებოდა. ახლა მას მოსარიდებელი არაფერი აქვს, არც პასუხისმგებლობის გრძნობა გააჩნია. ცა ქუდად არ მიაჩნია და დედამიწა ქალამნადო — მერზეა ნათქვამი.

კალაძე არა მარტო მერობს, არამედ პოლიტიკოსობს, რაც კიდევ უფრო სავალალო სურათს ქმნის მმართველი პარტია „ოცნების“ მიმართ.

როგორც ჩანს ჩვენ, იშვიათი გამონაკლისები ამ საზოგადოებისა, კალაძეში ვერ ვხედავთ ისეთ ნიჭს, როგორსაც ივანიშვილი ხედავს, მაგრამ მოდით დავსვათ კითხვა — ივანიშვილის მიერ შერჩეული კადრები შეეფერებიან თუ არა მათ მიერ დაკავებულ თანამდებობას?

ვგონებ შეკითხვაც უადგილოა, ვინაიდან პასუხი აქ და ახლა ნეგატიური იქნება. მაშ რა კრიტერიუმით შეარჩია ეს ბედოვლათი კადრები უგვირგვინო გვირგვინოსანმა?

როგორც ჩანს, ჭკუა-გონების ნაკლებობით, არაპროფესიონალიზმით, უცოდინრობით. ასეთი, მონური ფსიქოლოგიის მატარებელია და მუდამ ერთგულია მამა-მარჩენლის მიმართ. მაგრამ გვაქვს თუ არა საქმე ასეთთან, ანუ ერთგულებთან?

განვლილი 10 წელი „ოცნების“ მმართველობისა გვკარნახობს, რომ ერთგულებით შერჩეულნი, თანამდებობიდან დათხოვნის შემდეგ, ისეთ კვანტს უდებენ ივანიშვილს, რომ მტერიც ვერ მოიფიქრებდა.

ივანიშვილის მიმართ გათავისუფლებულთა კრიტიკულ გამონათქვამებს ვინ მოითვლის? ვინც თანამდებობაზეა, მაგალითად ქვეყნის პრეზიდენტი ზურაბიშვილი, თავისი მოქმედებით, ოფიციალური განცხადებებით აშკარად ანტიივანიშვილურია.

მაინც რამ მოხიბლა ივანიშვილი, როდესაც სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტობა უბოძა? სიყვა-პასუხი მოეწენა, დახვეწილი ქართული თუ განათლება, რითიც ზურაბიშვილი ვერ დაიკვეხნის?

ფრანგობა! მეტიჩარა, პროვინციელი ქართველისთვის ზურაბიშვილი სათაყვანებელი  პიროვნებაა მარტო იმიტომ, რომ საფრანგეთში დაიბადა.

როგორც ჩანს ივანიშვილიც ზურაბიშვილის ფრანგობის მოტრფიალე ქართველთა რიგებშია.

ზურაბიშვილი ვარდის ისთი კოკორია, რომელიც ესესაა გაიფურჩქნება და ისეთ პოლიტიკურ „სურნელს“ მოაფრქვევს  არემარეს, ხალხს, ივანიშვილს და „ოცნებას“, ყველას ერთად აირწინაღის გაკეთება მოუწევთ.

ივანიშვილსა და „ოცნებას“ თავში ქვა უხლიათ, მაგრამ ქვეყანამ და ხალხმა რა დააშავა?!

დააშავა ალბათ, როდესაც აჰყვა ივანიშვილს — მრავალჯერ მის მომტყუებელს და ბრმად დაუჭირა მხარი მისი კანდიდატის „სალომეას“ არჩევანს, ისე, როგორც კალაძის. ახლა კი ორივე არჩეული, ხალხის ზემოდან დამყურე, ფარშავანგივით კუდგაშლილნი ისე მედიდურად დაიარებიან, თითქოს არა ივანიშვილმა, არამედ პირადად მათმა ავტორიტეტმა მოუტანა გამარჯვება.

წინა სტატიაში შევეხე ქალაქის მერის თავნებობას ქუჩების ჭრა-კერვის საკითხში. ავტომანქანის სავალი ნაწილის შევიწროება — ხაზვა-ხატვის თემას, რაც მძღოლს გამოუვალ პრობლემებს უქმნის და იძულებულს ხდის ძალაუნებურად გადაკვეთოს კალაძეების მიერ შემოღებული წითელი ხაზები. კალაძეებსაც ეს უნდათ და ვიდეო-თვალის შემხედვარენი ხელს სიხარულით იფშვნეტენ — ესეც თქვენ, ხომ გაგაბით მახეშიო.

საწყალი ჩიტი, მძღოლის სახით, მართლაც გაება მახეში. საიდანაც 50-ლარიანი და მეტი ჯარიმის გადაუხდელად თავს ვერ დაიხსნის.

ახლა მოდით დავთვალოთ დღეში რამდენი ჩიტი გაებმება მახეში? რამდენი ფული შევა მერიის უფსკერო ჯიბეში? რამდენ ჩიტს გაუმწარებს გუნება-განწყობას საკუთარი ბარტყებისთვის საკვების საშოვნელად ქუჩაში გასულს მერია?

ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ მერია თბილისის ქუჩებს წესრიგის დასამყარებლად კი არ ხაზავს, პირიქით წესის დასარღვევად. დარღვევას კი დიდი ფული მოაქვს, ისე, როგორც ხელოვნური უცხოური ხე-ბუჩქებით ლამის ავტომანქანის სავალი ნაწილის „გამშვენიერებას“.

და ამ დროს მერიის ყურადღების მიღმა რჩება უამრავი მოსაწესრიგებელი საკითხი, როგორც ქალაქის ძველ, ისტორიულ უბანში, ისე ახალში. თბილისი, თავისი ლანდშაფტით და ისტორიით უნიკალური ქალაქია, რასაც განუმეორებელ იერსახეს მატებს არქიტექტურა. ამ თვალსაზრისით უდავოდ გამოსაყოფია მე-19 საუკუნეში აშენებული უნიკალური შენობები — მოხატული სადარბაზოებით, ჩუქურთმიანი კარებით, ხის აივნებიანი შიდა ეზოებით; სოლოლაკში, პლეხანოვზე, რუსთაველზე და ამ პროსპექტების მიმდებარე ტერიტორიებზე გაშენებული შენობა-ნაგებობები — შესანიშნავი ექსტერიერებით, უმალ იპყრობს ადამიანის ყურადღებას, კარგ განწყობაზე აყენებს მას.

ჟამთა სვლამ გავლენა იქონია მათზე. დააზიანა ისინი და მათხოვრის როლში ჩააყენა. ბევრი მათგანი შველას ითხოვს, უპირველესად მერიისგან, მაგრამ მერია დუმს. ქალაქის გულშემატკივარი მერი უდავოდ დაინტერესდებოდა მათი ბედით და რაღაცას მაინც იღონებდა, თუნდაც ქუჩების დავიწროებასა და პლასტმასის ხე-ბუჩქის დარგვაში გადასახდელ ფულს, ამ სახლების ფასადების აღდგენას მოახმარდა. მაგრამ არა, რომ იტყვიან — არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი — ისეა კალაძის საქმე.

უკვე რამდენი წელია პლეხანოვის გამზირზე მდებარე ორი უნიკალური სახლი სასტუმრო „რუსთავი“ და კინოთეატრი „ოქტომბერი“ დაყრუებულია. არვინ იცის შიგნით რა ხდება. არვინ იცის რა ბედი ელის მათ. უპატრონოდ მიტოვებულები ალბათ სულს განუტევებენ და თბილისი დაკარგავს ორ შესანიშნავ ნაგებობას, თბილისს რომ უნიკალურობის სახელს აკუთვნებს.

არანანაკლებ ყურადღებას მოითხოვს ყოფილი კინოსტუდია, მის ჩაყოლებაზე არსებული ძველი, უნიკალური, მაგრამ უკვე ამორტიზებული სახლები, მათ შორის სახლი, რომელშიც გერმანიის საელჩო იყო განთავსებული, ისე, როგორც მუშტაიდის ბაღის შესასვლელში არსებული სახლი, რომლის აღდგენა-გარემონტება გაანათებდა იმ უბანს.

ყურადღებას ითხოვენ საბჭოთა პერიოდში აშენებული ფუნდამენტური შენობებიც. არვინ იცის, რატომ დაიხურა ერთადერთი კინოთეატრი რუსთაველი და რა ბედი ელის მას. მავანთა განმარტებით, იქ სასტუმრო იქნება.

ვინმემ გათვალა, რაში სჭირდება უამრავი სასტუმრო თბილისს? დაინგრა კულტურის ცენტრი — კინოთეატრი და რა იქნება იქ, არვინ იცის.

ქალაქის არქიტექტურაში ისეთ არაპროფესიონალურ ხელისფათურს, რასაც თბილისში აქვს ადგილი, ვერსად ნახავთ. დავანგრიეთ „იმელის“ მართლაც უნიკალური შენობა, ფასადის გარდა და ავაშენეთ რუსთაველის გამზირისთვის სრულიად შეუფერებელი სასტუმროს მინის შენობა — ერთობ უსახური. მელიქ აზარიანცის ასევე უნიკალურ შენობას მივუშენეთ მინის საშინელება, რომელიც „ალამაზებს“ ე.წ. რესპუბლიკის მოედანს. დავით აღმაშენებლის ძეგლი გავაძევეთ მოედნიდან და იქვე ველოსიპედის ძეგლი დავდგით — სააკაშვილის შემოქმედება.

სააკაშვილმა, თავისი ვოლუნტარისტული, ხუროთმოძღვრული „ნიჭით“, ისე „გაალამაზა“ ქალაქი, როგორც ივანიშვილმა პუშკინის ბაღი — უზარმაზარი და რუსთაველის გამზირისთვის შეუფერებელი მინის სასტუმროთი.

სააკაშვილმა ქალაქის ძველ უბანში ორი გაუგებარი არქიტექტურის მატარებელი, ხორთუმის მსგავსი ნაგებობის აშენებით, წიხლი ჩააზილა ქართულ ისტორიას, ძველ უბანს, უნიკალური ნაგებობებით დამშვენებულს. 10 წლის განმავლობაში ვერადავერ მოახერხა მერიამ ამ ნაგებობების დემონტაჟი და სხვაგან, თუნდაც ქალაქგარეთ გადატანა, ისე, როგორც ქვეითად მოსიარულეთა ხიდის, რომლის გადება ისტორიული ხიდის გვერდით დაავადებული ტვინის შემოქმედების ნაყოფია.

სააკაშვილმა გაყიდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს უნიკალური შენობა, რომელიც მყიდველმა დაანგრია და სასტუმრო „ჰილტონის“ აშენება დაიწყო. დაიწყო, მაგრამ მერამდენე წელია, მის დასრულებას ბოლო არ უჩანს. მერიას კი სძინავს. არ ინტერესდება, როდის დაასრულებს მეპატრონე მშენებლობას, რომელსაც საბჭოური არქიტექტურის უნიკალური ეკზემპლარი შეეწირა.

თბილისის დღევანდელი მერის ზერელე დამოკიდებულებას საქმისადმი კიდევ არაერთი მაგალითი ადასტურებს. ქალაქში არსებული დაუმთავრებელი შენობები, რახანია, გუნება-განწყობილებას უფუჭებს ნებისმიერ თბილისელს და ნეგატიურ შთაბეჭდილებას ახდენს უცხოელზე. ასეთი ჩონჩხები ბევრია ქალაქში, მაგრამ მათ შორის გამოვყოფდი საბურთალოს ყოფილი ბაზრის ტერიტორიაზე არსებულ დაუმთავრებელ საცხოვრებელ კორპუსებს. სადამდე უნდა ვუყუროთ ამ „საოცრებას“? სადამდე უნდა ვუყუროთ ვაკეში, ჩეხეთის საელჩოს გვერდით შემორჩენილ, ორსართულიან „საოცრებას“, რომელსაც წინათ სტუდქალაქი ერქვა, ახლა კი ლტოლვილთა თავშესაფარია?

თავმოყვარე და საქმის მოყვარე მერი ამ დაფეხვილი შენობების საკითხს უმალ გადაწყვეტდა, მაგრამ მერი არ ჩქარობს. მისთვის ეს მართლაცდა საშინელება, არაფერია, ისე, როგორც ვაკე-საბურთალოს ქუჩაზე მდებარე დაუმთავრებელი საცხოვრებელი სახლი, უპატრონოდ მიტოვებული ფიზიკის ინსტიტუტის ფუნდამენტური შენობა, სასტუმრო „საქართველო“ ხუროთმოძღვრების შესანიშნავი ძეგლი — რახანია გამოკეტილი, უფუნქციოდ დარჩენილი რესპუბლიკური საავადმყოფო, უპატრონოდ რომ კვდება.

რომელი ერთი ჩამოვთვალო?! იქნებ მერია ინვესტორის მოლოდინშია, რომელიც ამ შენობას შეისყიდის და დაშლის საცხოვრებელი კორპუსების ასაშენებლად? მაგალითიც გვაქვს — „ზაკვოს“ ფუნდამენტური შენობის დანგრევა.

რამდენად გულცივი უნდა იყოს მერი და მერია, რომ ამ ბოროტებას ყურადღება არ მიაქციოს. ინვესტორზე აღარ ვლაპარაკობ, ვინაიდან მათ თავხედობას საზღვარი არ აქვს. აშენებული შენობის დანგრევა, მაშინ, როდესაც საგარეო საქმეთა სამინისტრო ამორტიზებულ შენობაში გყავს, დანაშაულია.

მერისა და მერიის ზერელე, არაპროფესიონალური მუშაობა — დანაშაულში გადასული, რომლის ერთ-ერთი გამოვლინება ხალხის ჯიბეში ხელის ფათურია — ჯარიმების სახით, გრძელი ჩამონათვალის რამდენიმე მაგალითია. ყველას ჩამოწერას ტომები არ ეყოფა. თბილისელებს ტვინში აქვთ აღრიცხული ეს მანკიერებები, მათ ჩაყლაპვას ისინი არ აპირებენ და თუ ისინი საპროტესტო მიტინგებს არ აწყობენ მერიასთან, არც „ოცნების“ დასაცავად შეავსებენ პარლამენტის წინამდებარე მოედანს — ესოდენ საოცნებოს „ოცნების“ წევრებისთვის.

ერთ მშვენიერ დღეს ისინი თავს აღარ შეიკავებენ და „ოცნების“ ოპოზიციას შეუერთდებიან — „ოცნებელთა“ ბრიყვული მოღვაწეობით გახელებულები.

 

ჰამლეტ ჭიპაშვილი