ისტორიას, რომელსაც ქვემოთ მოგიყვებით, ზღაპართან არვითარი კავშირი არ აქვს. მას უფრო ქართველთა დაავადებულ ტვინთან აქვს კავშირი, რომელიც მხოლოდ საკუთარი კუჭის ზეიმისკენ არის მიმართული და არა საერთო, საქვეყნო საქმისკენ.
1991 წლის თბილისის ომმა შენობა ნახევრად დაწვა და დაანგრია. კიტოვან-იოსელიან-სიგუას „არმია“ გახელებით აწარმოებდა შეტევას უზენაესი საბჭოს შენობაზე, სადაც გამაგრებული იყო საქართველოს პრეზიდენტი გამსახურდია თავის მოკავშირეებთან ერთად.
დიდი ზიანი მიადგა რუსთაველის პროსპექტზე მდებარე მთავრობის სახლს, რომლის ერთ ნაწილში მინისტრთა საბჭო იყო განთავსებული, ხოლო მეორე ნაწილში — უზენაესი საბჭო.
ეს შენობა დიდი სამამულო ომის დასრულების შემდეგ აშენდა, რუსეთში მოღვაწე ქართველი არქიტექტორის ლეჟავას ხელმძღვანელობით. მშენებლობაში მონაწილეობას იღებდნენ გერმანელი ტყვეები. შენობამ, რომელიც მე-20 საუკუნის 50-იანი წლების დასაწყისში შევიდა ექსპლუატაციაში, საბჭოთა კავშირში აშენებული 13 საუკეთესო ადმინისტრაციულ შენობათა შორის დაიმკვიდრა ადგილი.
შენობის ინტერიერში გამოყენებულია ქართული ხუროთმოძღვრების ნიმუშები. რაც შეეხება შენობის უკანა ნაწილს — სამამულო ომის დაწყებამდე აშენდა და მასში სამინისტროები იყო განთავსებული.
უზენაესი საბჭოს არჩევნების შემდეგ, რომელმაც შეცვალა საქართველოს პოლიტიკური სისტემა, შეიცვალა უზენაესი საბჭოს მუშაობის განრიგიც. საბჭოური პერიოდის მუშაობისგან განსხვავებით — წლის განმავლობაში უზენაესი საბჭოს სესიის სხდომების გამართვა — საგაზაფხულოს და საშემოდგომოს ნაცვლად, სხდომები ყოველდღიურად იმართებოდა.
ახალი უზენაესი საბჭო გახდა დეპუტატების ყოველდღიური მუშაობის ადგილი, რაც თავისთავად მოითხოვდა შესაბამიში პირობების შექმნას. უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს, გამსახურდიას ავუხსენი აღნიშნულის თაობაზე და ვთხოვე მინისტრთა საბჭოს მიერ დაკავებული შენობის მეორე ნაწილის გასათავისუფლებად, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე სიგუასთან მოლაპარაკება, ამასთანავე შენობის უკანა ნაწილში განლაგებული სამინისტროების მიერ შენობის დაცლა.
მოლაპარაკება გამსახურდია-სიგუას შორის, რომელიც გამსახურდიას კაბინეტში გაიმართა, მეც ვესწრებოდი. სიგუა დაეთანხმა ჩვენს ვარიანტს და მინისტრთა საბჭო გადავიდა პარტიის ცენტრალური კომიტეტის შენობაში. სამინისტროებისთვის გამოიყო სხვა შენობები.
შენობათა კომპლექსის დაცლის შემდეგ დავიწყეთ სარემონტო სამუშაოები, მათ შორის უზენაესი საბჭოს სხდომათა დარბაზში. სამუშაოებს ხელმძღვანელობდა არქიტექტორი ვახტანგ ცუხიშვილი. სარემონტო სამუშაოები დამთავრდა 1991 წლის ნოემბერში, თუმცა უზენაესი საბჭოს მუშაობისთვის რემონტს ხელი არ შეუშლია. მას ხელს უშლიდა გამსახურდია-ოპოზიციის დაპირისპირება, პერმანენტული მიტინგები, რომლებიც შენობის წინ იმართებოდა, გაშლილი კარვები, დაბოლოს, სისხლიანი დაპირისპირება, რამაც გამოიწვია ახალგარემონტებული შენობის დაწვა-დანგრევა.
გამსახურდიას ქალაქიდან და ქვეყნიდან გაძევების შემდეგ, შენობაში შევარდნილმა მოსახლეობამ, დაიწყო ძარცვა. გამარჯვებულებში ფეხი მოიკიდა მოსაზრებამ შენობის დანგრევის თაობაზე, ვინაიდან იქ იმყოფებოდა „სატანა“ გამსახურდია. მოსაზრებას ავტორიც გამოუჩნდა გენერლად ქცეული ყარყარაშვილის სახით, რომელიც გამსახურდიას წინააღმდეგ მოწყობილი სახელმწიფო გადატრიალების ერთ-ერთი მთავარი გმირი იყო.
ყარყარაშვილს სხვებმაც აუბეს მხარი და მოწოდებას — „სატანის ბუდე უნდა დაინგრეს“, საზოგადოების მხარდაჭერაც მოჰყვა.
მოწოდებები და საზოგადოების წარმომადგენელთა განცხადებები იბეჭდებოდა მაშინდელ პრესაში. მთავრობის სახლის გადარჩენის მსურველი თითო-ოროლა კაცი აღმოჩნდა, მათ შორის თქვენი მონა-მორჩილიც.
უზენაესი საბჭოს არც ერთ დეპუტატს საპროტესტო განცხადება არ გაუკეთებია, ვინაიდან უზენაესი საბჭო აღარ მოქმედებდა. შეშინებული დეპუტატები კი დამალული იყვნენ სახლებში და გამოჩენას არ აპირებდნენ. ერთადერთი გულშემატკივარი და პატრონი შენობისა მე აღმოვჩნდი, გაუქმებული უზენაესი საბჭოს სამდივნოს უფროსი, რომელიც დროებითი მთავრობის თავმჯდომარის სიგუას განკარგულებით დავინიშნე საქართველოს პრეზიდენტის სამსახურის სალიკვიდაციო კომისიის თავმჯდომარედ.
მაშინ ვთხოვე სიგუას უზენაესი საბჭოს შენობის ყოფნა-არყოფნის საკითხის განხილვა. სიგუამ ჩემი თხოვნა დააკმაყოფილა და გამართა მთავრობის სხდომა 1992 წლის თებერვალში. სხდომაზე მიმიწვიეს მეც და ჩემი თხოვნით არქიტექტორი ცუხიშვილი, „ქალაქპროექტის“ ხელმძღვანელი ანდრონიკაშვილი. მინისტრთა საბჭოს სხდომას ესწრებოდნენ სხვა არქიტექტორებიც, რომლებსაც თან ჰქონდათ წამოღებული ომით დანგრეული თბილისის ცენტრის აღდგენითი სამუშაოების შესაბამისი ნახაზები, პლანშეტები და ა.შ. აქვე იყო უზენაესი საბჭოს შენობის გადაკეთების ნახაზებიც.
სხდომაზე დამსწრე ქალაქის დროებითმა მერმა, ლითანიშვილმა ჩემს შეკითხვას — რა ბედი ეწეოდა უზენაესი საბჭოს შენობას, მიპასუხა, რომ შენობას არ დაანგრევდნენ, მაგრამ პროფილს შეუცვლიდნენ. პროფილის შეცვლა კი ნიშნავდა იმას, რომ შენობაში მოეწყობოდა ბიზნეს-ცენტრი — მაღაზიებით, კაფეებით, გასართობი ადგილებით.
ლითანიშვილის ინიციატივას მხარს მინისტრთა საბჭოს სხდომის ყველა მონაწილე უჭერდა, რაც ერთობ ამძიმებდა ჩემი, ანდრონიკაშვილისა და ცუხიშვილის წინადადებას შენობის უზენაესი საბჭოეთისთვის დატოვების თაობაზე.
უთანასწორი კამათი ცხარე და ხანგრძლივი გამოდგა და ჩვენი მარცხით დამთავრდებოდა, რომ არა ჩემი შეკითხვა — აპირებდნენ თუ არა უზენაესი საბჭოს არჩევნების ჩატარებას, რაზეც სიგუამ მიპასუხა, რომ მაისში აპირებენ (მოგვიანებით გადაწყდა არჩევნების შემოდგომით ჩატარება).
სიგუას და დამსწრეებს მეორე კითხვა დავუსვი — არჩევნების შემდეგ სად, რომელ შენობაში იმუშავებს უზენაესი საბჭო, რაზეც მიპასუხეს, რომ დროებით, დეპუტატები იმუშავებენ „იმელის“ და კავშირგაბმულობის შენობებში, ვიდრე უზენაესი საბჭოს ახალი შენობა აშენდება.
მესამე კითხვა, რომლითაც მე მათ მივმართე იყო ასეთი — სად აპირებდნენ უზენაესი საბჭოს შენობის აშენებას. ლითანიშვილმა მიპასუხა, რომ დიდი ბჭობის შემდეგ გადაწყდა შენობის თბილისის ზღვაზე აშენება. რატომო? — სამივემ ერთად რომ ვიკითხეთ, — იმიტომ, რომ თბილისის ცენტრში ადგილი აღარ უნდა ჰქონდეს მიტინგებს, მითუმეტეს სისხლიან დაპირისპირებას, — ერთხმად გვიპასუხეს. და ისიც დაამატეს, რომ რუსთაველის პროსპექტი ქვეითად მოსიარულებს უნდა დაეთმოს და ის უნდა გადაიქცეს სალაღობო, სასეირნო ადგილად, ადმინისტრაციული შენობებისგან გათავისუფლებულად.
სამივემ შევატყვეთ, რომ მინისტრთა საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ვერ შევაცვლევინებდით და რახან ასე ჩანდა, ერთადერთი რამ ვთხოვე სიგუას — დანგრეულ უზენაეს შენობაში აღდგენითი სამუშაოების დაწყება და შენობაში უზენაესი საბჭოს განთავსების საკითხის არჩევნების შემდეგ გადაწყვეტა.
ჩემი თხოვნა იყო ასეთი — მომავალ დეპუტატებს შეერჩიათ სამუშაო ადგილი.
თხოვნა სიგუამ დააკმაყოფილა და დაავალა მინისტრებს მაქსიმალური ყურადღება გამოეჩინათ ჩვენს მიერ დასმული საკითხებისადმი, დაკავშირებულის შენობის აღდგენითი სამუშაოების დროულ შესრულებასთან.
მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილებით, დაევალა ფინანსთა სამინისტროს, უზენაესი საბჭოს მცირერიცხოვანი აპარატისთვის ხელფასების დანიშვნა და წვრილმანი საქმიანობის განხორციელებისთვის შესაბამისი თანხების გამოყოფა.
ასე და ამრიგად, საბჭოური პერიოდის უნიკალური, ფუნდამენტური შენობა არა მარტო დანგრევას გადაურჩა, არამედ პროფილის შეცვლასაც, ანუ ბიზნეს-ცენტრად გადაკეთებას.
თუმცა ამ გონგამოცლილ იდეას ქვეყანა მაინც ვერ გადაურჩა. უკვე სააკაშვილის ბრძანებით, პარლამენტი ქ.ქუთაისში გადავიდა, სადაც პარლამენტისთვის ახალი შენობა აშენდა. ძველ შენობაში კი დაიწყო სარემონტო სამუსაოები ბიზნეს-ცენტრად გადასაკეთებლად.
იკითხავთ — რამ გამოიწვია თბილისიდან ქუთაისში პარლამენტის გადატანაო? გიპასუხებთ, — თბილისელები მიტინგების მოსაწყობად ქუთაისში არ წავიდოდნენ. არც რუსთაველის პროსპექტი გადაიკეტებოდა ანტისამთავრობო დემონსტრაციებით და სახალხო გამოსვლებით. უზენაესი საბჭოს შენობის წინ არც კარვები გაიშლებოდა და ა.შ.
ასე რომ, „მამათა“ უგონო მოსაზრება „შვილებმა“ გაატარეს ცხოვრებაში, რამაც მძიმე დაღი დაასვა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებას და არა მარტო პოლიტიკურს.
ცნობისთვის, იმასაც გეტყვით, რომ 1992 წლის შემოდგომით ჩატარებულმა უზენაესი საბჭოს არჩევნებში გამარჯვებულმა დეპუტატებმა კენჭი უყარეს უზენაესი საბჭოს შენობაში მუშაობის გაგრძელებას, სარემონტო სამუშაოების დამთავრებისთანავე. მანამდე, დროებით, უზენაესმა საბჭომ, რომელსაც პირველსავე სხდომაზე, სახელი გადაერქვა და პარლამენტი ეწოდა, მუშაობა „იმელის“ შენობაში დაიწყო.
რახან ამ უნიკალური შენობის გადარჩენის ისტორია მოგიყევით, იმასაც გეტყვით, რას დაამსგავსეს ის ერთმანეთთან დაპირისპირებულმა პარტიებმა, სისხლს მოწყურებულმა ქართველობამ, ძარცვა-გლეჯვით გატაცებულმა თბილისელებმა.
ზვიადიზმის მოწინააღმდეგენი მოსისხლე მტრებად აღიქვამდნენ მათ და ცდილობდნენ ყველაფერი რაც ზვიადსა და მის მომხრეებს უკავშირდებოდა ფეხქვეშ გაეთელათ, დაენგრიათ, დაეწვათ. დაგროვილი ბოღმის სამიზნე კი “სატანის ბუდე”, ანუ უზენაესი საბჭოს შენობა გამოდგა.
მე და ჩემი აპარატის მცირერიცხოვან გუნდს, ომამდელი დიდი აპარატის უმცირეს ნაწილს, დაგვხვდა სრულიად განადგურებული, ნახევრად დამწვარი შენობა, რომელსაც არც ერთი ფანჯარა, კარი, თუნდაც ფანჯრის ჩარჩო აღარ ჰქონდა. შენობის დერეფნებში არსებული უცხოური ჭაღები აღარსად იყო, ისე როგორც ავეჯი. შენობა სავსე იყო სილის ტომრებით, ხოლო შენობის შიდა ეზო რკინის სეიფებით, დერეფნებში მიმოფანტული იყო უზენაესი საბჭოს სესიებზე მიღებული დადგენილებებისა და კანონების ორიგინალების ფურცლები და მასთან ერთად ხელყუმბარები.
გულის შემაღონებელი სურათის მოწმენი ვიყავით ჩვენ, პასუხისმგებელი მუშაკები — წესრიგით, სისუფთავით, კომფორტული ავეჯით გაწყობილ სახელმწიფო დაწესებულებაში მუშაობას მიჩვეულები.
მცირერიცხოვანი, 7-8-კაციანი ახალი აპარატის წინაშე აზვირთებული ოკეანის უკიდეგანო საქმე იდო — დოკუმენტაციის წესრიგში მოყვანის, აღდგენის, სტამბურად გამოცემის სახით. პარალელურად შენობის აღდგენითი სამუშაოების ზედამხედველობის გაწევით.
სიამაყით შემიძლია გითხრათ, რომ ყოველივე აღნიშნულს თავი გავართვით და წლის ბოლომდე შენობაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დავასრულეთ, აღვადგინეთ შენობის დანგრეული კოლონები, ამოვავსეთ ნატყვიარებით დაზიანებული ფასადი და ა.შ.
პარლამენტის ერთ-ერთ სხდომაზე ჩემი, როგორც ახალი პარლამენტის აპარატის უფროსის ინიციატივით მომზადდა დადგენილების პროექტი მთავრობის ყოფილი სასახლის, შემდგომში უზენაესი საბჭოს შენობის, მინისტრთა საბჭოს ბალანსიდან პარლამენტის ბალანსზე გადმოტანის და მასთან ერთად პარლამენტის სამეურნეო სამსახურის შექმნის თაობაზე.
ინიციატივას ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა, განსაკუთრებით მინისტრთა საბჭოსა და სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის სახით, რომელსაც ირაკლი ანდრიაძე ხელმძღვანელობდა — მანამდე ქ.თბილისის მერი, მაგრამ პარლამენტის წევრების დამოკიდებულება დაემთხვა ჩემს მიერ მომზადებული დადგენილების პროექტს, რაც კენჭისყრამაც დაადასტურა. ასე გადაურჩა შენობა დანგრევას, ხოლო პარლამენტმა დაიწყო მინისტრთა საბჭოსგან დამოუკიდებლად ცხოვრება.
იმ დღიდან დაწყებული პარლამენტს, მინისტრთა საბჭოსთან სამათხოვრო არაფერი აქვს. მას აქვს პარლამენტის მიერ დამტკიცებული ბიუჯეტი, რომელსაც თვით განკარგავს.
არასახარბიელო, სავალალო ისტორიის გახსენებასთან ერთად გავიხსენებ აპარატის იმ მუშაკებსაც, რომლებიც ჩემთან ერთად შეეჭიდნენ ურთულეს პრობლემებს და წარმატებით გადაჭრეს უდავოდ საშვილიშვილო საქმე. ზოგი მათგანი, მაგალითად ირაკლი ჩიქოვანი — შესანიშნავი იურისტი, ცოცხალი აღარ არის, ისე, როგორც ქართული ენის ბრწყინვალე მცოდნე და რედაქტორი ნუნუ კაკულია; საფინანსო საქმის და ბუღალტერიის ზედმიწევნით კარგი მცოდნე გივი მურჯიკნელი; პროტოკოლის სამსახურის ხელმძღვანელი ოტია სოხაძე. ნათელში იყოს მათი სულები.
ყველა ისინი უდავოდ იმსახურებენ ყურადღებას. უდიდესი მადლობა მათ. მადლობა იმათაც, ვინც დღემდე აგრძელებს პარლამენტში მუშაობას. ბარაქალა მათ თავდადებას, პროფესიონალიზმს. მათ სახელებს კარგად იცნობენ პარლამენტარები, მაგრამ არა ფართო საზოგადოება, არადა, ისინი უდავოდ იმსახურებენ შექებას. ესენია: ეთერ სვიანაიძე, ნანა გურასპაშვილი, რამაზ ისრაელიანი, რევეკა ოსტროვა, სხვები. ცალკე გამოვყოფ გულიკო მამინაშვილს, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა პარლამენტის შენობის შენარჩუნების საქმეში.
ჰამლეტ ჭიპაშვილი