ბრიტანული “The Times” წერს, რომ რუსეთი 2023 წელს ექსპუატაციაში შეიყვანს პირველ საბრძოლო ყინულმჭრელ ხომალდს «Иван Папанин»-ს, რომელიც მოწოდებულია, არქტიკაში რუსეთის სამხედრო სიძლიერე დაიცვას.
მიუხედავად იმისა, რომ არსებობს არქტიკის “მილიტარიზაციის” შიშები, საბრძოლო ყინულმჭრელის შემქმნელები ირწმუნებიან, რომ იგი რეგიონის მშვიდობიან განვითარებას უზრუნველჰყოფს.
როგორც ცნობილია, ნავთობით მდიდარი არქტიკის გამო ჩრდილოეთ სახელმწიფოებს შორის ახალი “დიდი თამაშია” დაწყებული. რუსეთის ინტერესები უპირისპირდება აშშ-ის, ნორვეგიის, კანადის ინტერესებს. არქტიკაში თავიანთი სიტყვა ასევე ეთქმით დიდ ბრიტანეთს, ისლანდიასა და დანიას.
ამიტომ, რუსეთის სტრატეგია მდგომარეობს იმაში, რომ მისი სტრატეგიული ძალები ნატოს წევრი სახელმწიფოების ძალებზე ნაკლები არ იყოს არქტიკაში.
“The Times”-ში აღნიშნულია, რომ ხომალდი “ივან პაპანინი” დაძლევს 1,7 მეტრამდე ყინულის სისქეს. ხომალდის გამოყენება შესაძლებელი იქნება სამაშველო ოპერაციებში, დაცვით და საპატრულო ღონისძიებებშიც. სიახლე მდგომარეობს გემის მსხვილკალიბრიანი, მძიმე შეიარაღებით აღჭურვაში. ხომალდზე შესაძლებელი იქნება წყალქვეშა ნავის გამანადგურებელი ვერტმფრენის «Ка-27»-ის განთავსება, ისევე როგორც “კალიბრის” ტიპის ფრთოსანი რაკეტებისა.
“ივან პაპანინს” შემდგომ წლებში სხვა საბრძოლო ყინულმჭრელებიც დაემატება. უკვე 2024 წელს გამოჩნდება “ნიკოლაი ზუბოვი”. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის სიტყვების მიხედვით კი, 2035 წლისათვის რუსეთის არქტიკული ფლოტი სულ მცირე, 13 მძიმე ყინულმჭრელს დაითვლის, რომელთა შორის 9 მათგანი ატომური იქნება.