არჩილ თალაკვაძე – რაც უფრო მეტი კლასიკური ავტომობილის იმპორტი მოხდება საქართველოში, მით მეტ სარგებელს მიიღებს ქვეყანა

რაც უფრო მეტი კლასიკური ავტომობილის იმპორტი მოხდება ქვეყანაში, მით მეტ სარგებელს მიიღებს ქვეყანა, ეკონომიკა და ავტომფლობელები, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ბიზნეს-პალიტრაში“ კლასიკური, ანტიკვარული და საკოლექციო მანქანების პოპულარიზაციის მიზნით, სპეციალურ საკანონმდებლო ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული სფეროს განვითარება მოქალაქეებისთვის მეტი შემოსავლის მომტანი იქნება.

„იყო გარკვეული სპეკულაციები, თითქოს ჩვენ ამას ჩვენთვის ვაკეთებთ და მინდა ამ სპეკულაციებსაც გავცე წინასწარ პასუხი. ვისაც უკვე საქართველოში ჰყავს ავტომანქანა ჩამოყვანილი და განბაჟებული, რა თქმა უნდა, ის ამ ცვლილებებით სარგებელს ვერ მიიღებს, მაგრამ სარგებელს მიიღებს ქვეყანა, ეკონომიკა და ის მფლობელები, რომლებიც გადაწყვეტენ, რომ ჩამოიყვანონ ასეთი ავტომობილები.

2000-მდე მფლობელია, ვინც აქტიურად არის ჩართული აქტივობებში, თუმცა რეგისტრირებულია გაცილებით მეტი და ამ ავტომობილებს სჭირდებათ მომენტი და დრო, როცა საკუთარ ავტომანქანებს დღის შუქზე გამოიყვანენ ან სჭირდებათ რესტავრაცია და სერვისების განვითარება. რაც უფრო მეტი კლასიკური ავტომობილის იმპორტი მოხდება ქვეყანაში, ბუნებრივია, ეს გამოიწვევს ახალი სტუდიების, სარესტავრაციო გუნდის შეცვლას, სერვისების განვითარებას და ეს დაეხმარება იმ მფლობელებსაც, ვისაც უკვე ჰყავს ასეთი ავტომობილები.

მრავალმხრივი საკითხია და მე მოხარული ვარ, რომ ჩვენ გამოვძებნეთ დრო და ამისთვისაც მოვიცალეთ და როგორც ბევრ სხვა სფეროში, აქაც შემოგვაქვს უკვე ევროპული რეგულაციები.

რადგან ეს ეკონომიკურ აქტივობას უკავშირდება, რა თქმა უნდა, გაზრდის შემოსავლებსაც, ხელს შეუწყობს ეკონომიკას, ტურიზმს, ღონისძიებების ორგანიზებას, თუნდაც მოხდება მათი გამოყენება სარეკლამო ბიზნესში და ა.შ. თუ სფერო განვითარდება, ეს მოიტანს მეტ ეკონომიკას, მეტ შემოსავლებს ბიუჯეტში და რაც მთავარია, მეტ შემოსავლებს მოქალაქეებისთვის. შეიძლება ეს არ არის ეკონომიკაში ყველაზე მთავარი საკითხი, მაგრამ ეკონომიკა შედგება მცირე ეკონომიკური პროცესორებისგან და ყველა ქვეყანა დაინტერესებული უნდა იყოს, რომ მისი ეკონომიკა იყოს დივერსიფიცირებული, ამიტომ, რაც უფრო მეტი ეკონომიკური პროცესორი გაჩნდება, ჩვენი ეკონომიკაც უფრო უსაფრთხო და სტაბილური იქნება“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, მმართველი უმრავლესობა კლასიკური, ანტიკვარული და საკოლექციო მანქანების პოპულარიზაციის მიზნით, სპეციალური საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის. კანონის პროექტის თანახმად, კლასიკური ავტომობილის წლოვანება 40 წელიწადს უნდა აღემატებოდეს, ავტომობილის კლასიკურ ავტომობილად მიჩნევის წესი და კრიტერიუმები, ასევე ექსპლუატაციასთან დაკავშირებული საკითხები მთავრობის ნორმატიული აქტით განისაზღვრება. კანონპროექტი კლასიკურ ავტომობილებზე შეღავათიანი საგადასახადო განაკვეთის შემოღებასაც ითვალისწინებს. კერძოდ, საგადასახადო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებებით, აქციზის გადასახადი 1 სმ3 -ზე 2.4 ლარის ნაცვლად, 1 სმ3-ზე 1,5 ლარის ოდენობით განისაზღვრება.