მედია: პროკურორებმა ტრამპის სასამართლო პროცესის 2024 წლის იანვრისთვის დანიშვნა მოითხოვეს, რაც „რესპუბლიკურ პარტიაში“ საპრეზიდენტო არჩევნების პრაიმერიზის დაწყებას ემთხვევა

ტელეკომპანია Fox News-ის ჟურნალისტმა, ჯეიკ გიბსონმა, რომელიც სასამართლო დარბაზში იმყოფებოდა, განაცხადა, რომ ტრამპის საქმის პროკურორებმა სასამართლო პროცესის 2024 წლის იანვრისთვის დანიშვნა მოითხოვეს, რაც „რესპუბლიკურ პარტიაში“ საპრეზიდენტო არჩევნების პრაიმერიზის დაწყებას ემთხვევა, რომელშიც დონალდ ტრამპიც მონაწილეობს.

აღსანიშნავია, რომ აიოვას შტატის კოკუსი – „რესპუბლიკური პარტიის“ პრაიმერიზის პირველი ეტაპი – 2024 წლის 5 თებერვალს გაიმართება.

მანჰეტენის საოლქო პროკურორმა, ელვინ ბრეგმა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტისთვის, დონალდ ტრამპისთვის ბრალის ოფიციალურად წაყენების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა და აღნიშნა, რომ ნიუ-იორკის შტატის კანონმდებლობით, ბიზნეს ჩანაწერების გაყალბება დანაშაულია.

„ვინც არ უნდა იყოთ, ჩვენ არ შეგვიძლია და არ მოვახდენთ სერიოზული დანაშაულებრივი ქცევის ნორმალიზებას“, – განაცხადა მან.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, რომელიც დღეს ნიუ-იორკის პროკურატურაში გამოცხადდა, მისთვის წაყენებულ ბრალს არ აღიარებს.

ტრამპი ამერიკის ისტორიაში პირველი მოქმედი ან ყოფილი პრეზიდენტია, რომელსაც სისხლის სამართლის ბრალი წაუყენეს.

გავრცელებული ინფორმაციით, დონალდ ტრამპს 34 მუხლით წაუყენეს ბრალი, მათ შორის დოკუმენტაციის ფალსიფიცირებისთვის.