ჯონ ბოლტონი ტრამპის საქმეზე: პირველი, ვინც გამახსენდა, იყო ლავრენტი ბერია, რომელმაც უთხრა სტალინს – „შენ კაცი მაჩვენე, მე გაჩვენებ დანაშაულს“

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის ყოფილმა მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა აშშ-ის ექსპრეზიდენტისთვის ბრალის წარდგენა ლავრენტი ბერიას მიდგომას შეადარა.

„პირველი, ვინც გამახსენდა, იყო ლავრენტი ბერია, საბჭოთა „კაგებეს“ ყოფილი ხელმძღვანელი, რომელმაც უთხრა სტალინს – „შენ კაცი მაჩვენე, მე გაჩვენებ დანაშაულს“. მე, როგორც ადამიანმა, რომელსაც არ სურს, რომ ტრამპი რესპუბლიკელების კანდიდატი იყოს, უნდა ვთქვა, რომ ეს ჯდება ტრამპის ნარატივში. ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე დიდ კითხვაზე – ვინ იყო ტრამპის ყველაზე დიდი პოლიტიკური მხარდამჭერი? – პასუხი შეიძლება იყოს ალვინ ბრაგი[ტრამპის საქმის პროკურორი]“, – განაცხადა ბოლტონმა.

ტრამპი ამერიკის ისტორიაში პირველი მოქმედი ან ყოფილი პრეზიდენტია, რომელსაც სისხლის სამართლის ბრალი წაუყენეს.

30 მარტს, ნაფიცმა მსაჯულებმა მხარი დაუჭირესაშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის ბრალის წაყენებას. მანჰეტენის საოლქო პროკურორმა, ალვინ ბრაგმა ნიუ-იორკის ნაფიც მსაჯულთა დიდ კოლეგიას წარუდგინა სამხილები ტრამპის მიერ პორნომსახიობ სტორმი დენიელსისთვის 130 000 დოლარის გადახდის შესახებ, რაც წყაროების თანახმად, მან 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიის ბოლო დღეებში, ტრამპთან სავარაუდო ურთიერთობის შესახებ სიჩუმის სანაცვლოდ მიიღო. დონალდ ტრამპმა ასეთი ურთიერთობის ფაქტი უარყო და მისმა ადვოკატმა დანიელსს, რომლის ნამდვილი სახელი სტეფანი კლიფორდია, ბრალი გამოძალვაში დასდო.

ბრალდების მხარის მტკიცებით, ტრამპმა დენიელსს თანხა წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებისთვის განკუთვნილი ფინანსებიდან გადაუხადა, რაც სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს და ნიუ-იორკის შტატში 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.