ისტორიამ დაგვანახა, რომ განვითარება მშვიდობის გარეშე იგივეა, რაც ხე ფესვების გარეშე, ხოლო მშვიდობა განვითარების გარეშე გემივითაა, რომელიც წინ ვერ მიცურავს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ჩინეთის ელჩმა, ჭოუ ციენმა განუცხადა.
„ინფლაცია, ფასების ზრდა და პროტექციონიზმი სერიოზულ დარტყმას აყენებს წარმოებისა და მიწოდების გლობალურ ჯაჭვებს. მშვიდობის, განვითარების, უსაფრთხოებისა და მმართველობის დეფიციტი კაცობრიობისთვის უდიდეს გამოწვევად იქცა. დღეს მსოფლიო გზაჯვარედინზე დგას, არჩევანი უნდა გავაკეთოთ ერთი მხრივ მშვიდობიან განვითარებას და მეორე მხრივ – ომს, ქაოსსა და ეკონომიკურ კრიზისს შორის. თუ რა გზას უნდა დაადგეს კაცობრიობა – ამ საკითხზე ყველა ქვეყანა და მათ შორის საქართველო უნდა დაფიქრდეს. დღევანდელი ჩვენი შეხვედრის მიზანიც არის, რომ გაგაცნოთ ჩინეთისა და მისი საგარეო პოლიტიკის ხედვა ამ საკითხებზე. თუ რა გზით უნდა განვითარდეს კაცობრიობა, ამ შეკითხვებზე ჩინურმა მხარემ წარმოადგინა ძალიან მკაფიო პასუხი. ჩვენი ხედვით, უნდა შევქმნათ ღია, ინკლუზიური სუფთა და ლამაზი სამყარო, სადაც იქნება ხანგრძლივი მშვიდობა, საყოველთაო უსაფრთხოება და საერთო კეთილდღეობა. ეს არის ჩინეთის მიერ ინიცირებული საერთო მომავლის მქონე საზოგადოების კონცეფციის დედააზრი“, – განაცხადა ჭოუ ციენმა.
ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ 2021 წელს ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა წარმოადგინა საერთო მომავლის მქონე საზოგადოების კონცეფცია, 2013 წელს კი გააჟღერა სარტყლისა და გზის ინიციატივა, რომლის ინიცირებიდან წელს ათი წელი შესრულდება.
„2021 წელს მან ასევე შემოგვთავაზა გლობალური განვითარების ინიციატივა. უკრაინაში კრიზისის დაწყებიდან მალევე მან შემოგვთავაზა გლობალური უსაფრთხოების ინიციატივა, ხოლო ცოტა ხნის წინ, როდესაც ჩინეთის კომუნისტურ პარტიასა და მსოფლიოს პოლიტიკურ პარტიებს შორის ჩატარდა მაღალი დონის დიალოგი, მან ამ შეხვედრაზე პირველად გააჟღერა გლობალური ცივილიზაციის ინიციატივა. მსოფლიო არსებულ არამდგრად სიტუაციაზე ჩინეთის პასუხია მშვიდობა, განვითარება და ცივილიზაციებს შორის გამოცდილების გაზიარება. 2021 წელს პრეზიდენტ სის მიერ შემოთავაზებული გლობალური განვითარების ინიციატივა ორიენტირებულია განვითარებასა და ხალხზე. იგი უბიძგებს საერთაშორისო საზოგადოებას, მეტი ყურადღება დაუთმოს განვითარებასთან დაკავშირებულ პრობლემებს, ხელს უწყობს ქვეყნებს შორის თანამშრომლობასა და მდგრად განვითარებას“, – აღნიშნა ჭოუ ციენმა.
მისი თქმით, უკრაინის კრიზისის დაწყების შემდეგ, 2022 წლის აპრილში სი ძინპინი გლობალური უსაფრთხოების ინიციატივით გამოვიდა.
„ეს არის უსაფრთხოების ახლებური გზა, რომელიც დაპირისპირების, ალიანსებისა და ნულოვანი ჯამის მქონე თამაშის საპირისპიროდ, დიალოგს, პარტნიორობასა და საერთო სარგებელს გვთავაზობს. იგი ხელს უწყობს ისეთი მსოფლიოს შექმნას, სადაც იქნება ხანგრძლივი მშვიდობა და საყოველთაო უსაფრთხოება. როგორც აღვნიშნე, მიმდინარე წლის 15 მარტს სი ძინპინმა გლობალური ცივილიზაციის ინიციატივა გააჟღერა. ეს ინიციატივა მხარს უჭერს მსოფლიო ცივილიზაციების მრავალფეროვნების პატივისცემას, მთელი კაცობრიობის საერთო ღირებულებების პოპულარიზაციას საერთაშორისო კულტურული კავშირებისა და თანამშრომლობის გაძლიერებას, სირთულეების გადასალახად ერთმანეთის მხარდამხარ მოქმედებას, სხვადასხვა ცივილიზაციებს შორის ჰარმონიულ თანაცხოვრებას, ურთიერთპატივისცემას, ურთიერთგაგებასა და ურთიერთდათმობას. ამ ინიციატივის ნაწილი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპი ეხება ცივილიზაციების კულტურული მემკვიდრეობის განგრძობითობას და ინოვაციების დაფასებას. ვფიქრობ, ისეთი ძველი ცივილიზაციის მქონე ქვეყნებისთვის, როგორიცაა ჩინეთი და საქართველო ეს ფაქტორი არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რადგან თანამედროვეობაში უნდა შევინარჩუნოთ როგორც ჩვენი კულტურული ტრადიციები, ასევე უნდა გამოვიყენოთ ინოვაციური ფაქტორები, რათა კიდევ უფრო გავამდიდროთ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა და მოვერგოთ თანამედროვეობას. სინამდვილეში, 100 წლის წინ ჩინეთმაც გამოიარა ძალიან დიდი კრიზისი, როდესაც იგი იყო დამონებული სხვა ქვეყნების მიერ და მაშინ ერთგვარი იმედგაცრუება იყო ჩინური კულტურის მიმართ, თითქოს მან დაკარგა თავისი თვითმყოფადობა. თუმცა, 100-წლიანი ბრძოლის შედეგად, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მოხდა მარქსიზმისა და ჩინეთის ისტორიული და კულტურული ტრადიციების ერთმანეთთან შერწყმა, ჩვენ დავინახეთ, რომ ძველ ცივილიზაციებს აქვთ საკმაოდ ძლიერი სიცოცხლის უნარი. მნიშვნელოვანია, შევძლოთ თანამედროვეობასთან მორგება და ახალი ფაქტორების შეწოვა. თუ ამას მოვახერხებთ, კულტურული პროგრესი გარდაუვალია“, – განაცხადა ჩინეთის ელჩმა.
მისი თქმით, ჩინეთსა და საქართველოს ძალიან ბევრ რამ აქვთ საერთო.
„ჩვენ, ორი ქვეყანა ძალიან ვამაყობთ ჩვენი ისტორიით, კულტურითა და ძველი ცივილიზაციით. თუმცა, ეკონომიკური და სოციალური სიძნელეების წინაშე, როდესაც გვაქვს ჩამორჩენის ფაქტორი, განსაკუთრებით, როდესაც არის შიდა არეულობა და კონფლიქტები, ჩვენი ქვეყნების ინტელიგენცია ბევრს ფიქრობს იმაზე, ხომ არ მოხდა კულტურული დეგრადაცია. თუმცა, ისტორიული პერსპექტივიდან თუ განვიხილავთ, ბრწყინვალე ცივილიზაციები ყოველთვის განიცდიდნენ სხვა ცივილიზაციების ზეგავლენას, ყოველთვის იღებდნენ სხვებისგან საუკეთესო რაღაცებს და აღსანიშნავია, რომ ჩვენი ცივილიზაციები კიდევ უფრო ხანგრძლივია და კიდევ უფრო ბევრი ფაქტორია, რომელიც ჩვენ ხელს გვიწყობს. მჯერა, რომ თუ ჩვენ შევინარჩუნებთ იმ ბრწყინვალე კულტურულ ტრადიციებს, რომლებიც ისტორიულად გვაქვს და ამას შესაბამისობაში მოვიყვანთ მსოფლიოს ღირებულებებთან, ჩინური და ქართული ცივილიზაცია ახალ სასიცოცხლო ენერგიას შეიძენს. მე ყოველთვის მჯეროდა, რომ ცივილიზაცია ეკოლოგიური სისტემის მსგავსია. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეკოლოგიური სისტემა არის მრავალფეროვანი, მას აქვს სიცოცხლის ძლიერი უნარი და რეზისტენტულობა. იგივენაირად, როდესაც მსოფლიოში არის ცივილიზაციების მრავალფეროვნება, მხოლოდ ამ შემთხვევაში არის შესაძლებელი მეტი წინსვლა და უკეთესი პროგრესი. ვფიქრობ, თუ ხელს შევუწყობთ ცივილიზაციების მრავალფეროვნებას, მსოფლიოში უფრო ახალი სასიცოცხლო ძალები იქნება. ყველა ცივილიზაციას აქვს თავისი უპირატესობა და ნაკლი, თუმცა მსოფლიოში არ არსებობს ისეთი ქვეყანა, რომელიც რამით აღემატება სხვებს, სხვებისგან რამით გამორჩეულია ან საუკეთესოთა შორის საუკეთესოა“, – აღნიშნა ჩინეთის ელჩმა.
მისი თქმით, ჩინეთის გლობალური ინიციატივები გამოხატავს ქვეყნის ძალისხმევას, მტკიცედ დაიცვას მშვიდობა.
„ისტორიამ დაგვანახა, რომ განვითარება მშვიდობის გარეშე იგივეა, რაც ხე ფესვების გარეშე, ხოლო მშვიდობა განვითარების გარეშე გემივითაა, რომელიც წინ ვერ მიცურავს. სხვადასხვა ცივილიზაციის ინკლუზიური თანაარსებობის, თანასწორობისა და ერთმანეთთან გამოცდილების გაზიარების გარეშე არასტაბილურობისა და კონფლიქტებისგან თავის დაღწევა და გრძელვადიანი მშვიდობისა და განვითარების მიღწევა გაჭირდება. ამგვარად ეს სამი ინიციატივა, რომლებზეც ზემოთ ვისაუბრეთ, გამოხატავს ჩინეთის ძალისხმევას, მტკიცედ დაიცვას მშვიდობა, გამოხატავს ჩინეთის როგორც ყველაზე დიდი განვითარებადი ქვეყნის პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას“, – განაცხადა ჩინეთის ელჩმა.