ხატია დეკანოიძე: აქციაზე ყველანაირი ამომრჩეველი იყო – მე ვფიქრობ, რომ პეტრე ცისკარიშვილი სხვა რამეს გულისხმობდა

დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ ივარაუდა, რომ მისი ყოფილი თანაპარტიელი პეტრე ცისკარიშვილი „სხვა რამეს გულისხმობდა“, როდესაც თქვა, რომ 7-9 მარტის აქციებზე რუსთაველის გამზირზე ხალხი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გამოიყვანა.

„პეტრე ამბობს ამას? მე ვფიქრობ, რომ შეიძლება ამას არ გულისხმობდა. იქ იყო ყველანაირი ამომრჩეველი, ყველანაირი ადამიანი, პარტიული კუთვნილების გარეშე. იქ იდგა ჩემი შვილი, რომელსაც არანაირი პარტიული კუთვნილება არ აქვს. მე ვფიქრობ, რომ სხვა რამეს გულისხმობდა უფრო“, – აცხადებს დეკანოიძე.

„ნაცმოძრაობის“ გენერალური მდივნის, პეტრე ცისკარიშვილის თქმით, 7-9 მარტს აქციაზე შეკრებილი ხალხი თავისით არ გამოსულა. მისი თქმით, ამას წინ უძღოდა „ნაცმოძრაობის“ მიერ მანამდე ჩატარებული 24 თებერვლის აქცია.