საქართველოში 2012 წლის შემდეგ არსებითად არ შეცვლილა არა მხოლოდ ამერიკის მონობაზე აგებული საგარეო “პოლიტიკა”, არამედ, მახინჯი ეკონომიკური სისტემა, რომელიც “ბენდუქიძიზმის” სახელითაც მოიხსენიება ხანდახან. ქართველი ხალხის უდიდესი ნაწილი საბანკო დავალიანებაში იხრჩობა, არსებული ფულად-საკრედიტო სისტემა კი არ აძლევს ეკონომიკას განვითარების საშუალებას.
მიუხედავად ამისა, მთავრობა “თავს ევლება” კომერციულ ბანკებს, ყველანაირ პრივილეგიებს უნარჩუნებს და ისინიც, სახელმწიფოსგან გულმოცემულნი, კიდევ უფრო ღრმად აფათურებენ ხელებს მოქალაქეთა ჯიბეებში.
ასევე, გაუმჯობესების ნაცვლად, უარესდება ეკონომიკური გარემო, ბევრი რამ მოუგვარებელი რჩება საგადასახადო სისტემაში. ისმის კითხვა: ვინ გამოიხსნის ხალხს, ქვეყანას, ამ მანკიერი წრიდან, ვინ გაათავისუფლებს მას ბანკების წნეხიდან და გააჯანსაღებს ეკონომიკას? ეს კითხვა რიტორიკულად დარჩება საპარლამენტო არჩევნების შემდეგაც. თუმცა ანალიზის გაკეთება აუცილებელია.
გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან ეკონომისტ ლია ელიავასთან, რომელიც ჟურნალისტმა შორენა გონგლაძემ მოამზადა და პორტალმა “ფორ.გე”-მ გამოაქვეყნა:
ლია ელიავა: ბანკები, ერთადერთი სექტორია საქართველოში, რომელიც წარმატებით ვითარდება. ამას ყოველთვის ხელს უწყობდა ეროვნული ბანკი და დაემატა მთავრობა. მთავრობამ საპენსიო თანხები ჩადო ხაზინაში, გადაეცა კომერციულ ბანკებს, რითიც ფაქტიურად, მთავრობამ ბანკებს მისცა საბრუნავი სახსრები, იმისთვის, რომ მათ გაეაქტიურებინათ თავიანთი საკრედიტო საქმიანობა, რამაც თავისი გარკვეული შედეგი გამოიღო, გაიზარდა კომერციული ბანკების შემოსავლები. ასე რომ, საქართველოს ეკონომიკის ერთადერთი სექტორი, რომელსაც თავს ევლება მთავრობაც და ეროვნული ბანკიც, ეს არის საბანკო სექტორი. იმის მიუხედავად, რომ ეკონომიკა ნაწილობრივ შეჩერებული იყო, ის მაინც ფუნქციონირებდა და უზარმაზარი შემოსავალი მიღებული იქნა იმპორტიორების მიერ და ასევე უზარმაზარი მოგება მიიღო სააფთიაქო სექტორმა. ეს ორი სექტორი ფუნქციონირებს საბანკო სექტორის კრედიტების საფუძველზე და შესაბამისად მათი მოგება ნაწილდება ასევე კომერციული ბანკების მოგებაზე. ანუ, ციფრი არ არის გასაკვირი თავისი სიდიდით, მე სხვა რამეს გეტყოდით, რომ ყოველთვის მაკვირვებდა კომერციული ბანკების მოგების დაბალი მაჩვენებელი, ანუ ის რა სახსრებითაც ოპერირებენ კომერციული ბანკები, მოგება უნდა იყოს ბევრად უფრო მეტი, 4-5-ჯერ უფრო მეტი, ვიდრე დღეს არის ნაჩვენები მათ ანგარიშგებებში.
რომ გადახედოთ კომერციული ბანკების ანგარიშგებას, გამოდის, რომ ისინი სესხებს იძლევიან საშუალოდ 10%-ის ფარგლებში, აქედან გამოდის დაახლოებით ის თანხა, რომელიც არის ნაჩვენები მოგებაში. ჩვენ ვიცით, რომ სინამდვილეში ბანკები სესხებს ბევრად უფრო მაღალ პროცენტში გასცემენ, შესაბამისად მოგებაც უნდა იყოს მეტი. სამწუხაროდ, ეს არ გახდა ეროვნული ბანკის თავსატეხი საკითხი, ვინაიდან ეროვნული ბანკი მფარველობს საბანკო სექტორის უპირატეს განვითარებას ეკონომიკის სხვა სექტორებთან შედარებით.
სამწუხაროდ, ჩვენს მთავრობას არ გააჩნია ეკონომიკური პროცესების ფუნდამენტური ცოდნა. ეს რომ ჰქონოდათ, ისინი მიხვდებიდნენ, რომ პირველ რიგში, საჭიროა არა ტურისტული და სხვა სექტორების დაფინანსება, არამედ იმ სექტორის, რომელიც მათ ამუშავებს – ეს არის საქართველოს მოსახლეობა. თუ მოსახლეობამ ფული არ დახარჯა, ეს დაფინანსება იქნება წყალში გადაყრილი და არაეფექტური. ფაქტობრივად, პანდემიამ, გამოიწვია ის, რომ შემცირდა ერთობლივი მოხმარება და ეს იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობამ შეამცირა ფულის ხარჯვა, რაც პირდაპირ აისახა ბიზნესზე. სამწუხაროდ, მთავრობა ადგას პოპულისტური მართვის გზას. შედეგი კი არის ნულოვანი, იმიტომ რომ მოსახლეობამ შეამცირა თანხების ხარჯვა, ეს ისევ და ისევ საქართველოს მთავრობის არაწინდახედული ნაბიჯების შედეგია.
უკვე არსებობს თანაინვესტირების ფონდის გარდაქმნის გეგმები. რაში გადავა ეს ყველაფერი და რა ფორმას მიიღებს, ეს ბოლომდე ჯერჯერობით არ საჯაროვდება, მაგრამ ის, რომ თანაინვესტირების ფონდი არაეფექტიანია, ამას მთავრობაც ხედავს და ბუნებრივია, მოხდება გარკვეული ცვლილებები. კი, სასტუმროები ძალიან კარგია, მაგრამ ეს არ არის ის ეკონომიკა, რომელიც ქვეყანას სარგებელს მოუტანს. ამიტომ, სახელმწიფო საწარმოებიდან შემოსული თანხები, რომლებიც აკუმულირდება თანაინვესტირების ფონდში, ალბათ, ის იქნება სხვა შემოსავლებთან ერთად გაერთიანებული და რაღაც სხვა სტრუქტურას შექმნიან. მსოფლიო ეკონომიკური პრაქტიკა ცხადყოფს იმას, რომ გადასახადების ტოტალური შემცირება არ განაპირობებს ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას და ეს ჩვენ ვიწვნიეთ ჩვენს მაგალითზე, როდესაც მთავრობამ შემოიღო ესტონური მოდელის დამახინჯებული ვარიანტი და ფაქტობრივად, უმსხვილესი საწარმოები გაანთავისუფლა მოგების გადასახადებისაგან. ეს, რა თქმა უნდა, არ ეხებათ მცირე საწარმოებს. უმსხვილესი საწარმოებიდან, რომლებიც ფაქტობრივად, სახელმწიფოს ბიუჯეტს ქმნიან, ძალიან დიდი შემოსავალი დააკლდა ბიუჯეტს. იმ დროს აქციზი გაზარდეს, რომ კომპენსირება მოეხდინათ სახელმწიფოს ბიუჯეტში არშემოსული სახსრების დანაკარგების. მოგების გადასახადის გაუქმებამ არ გამოიწვია ფასების შემცირება, რაც შეეხება აქციზის ზრდას, აქციზი პირდაპირ ურტყამს მოსახლეობის ჯიბეს. ეს არის არაპირდაპირი გადასახადი, რომელიც შედის რაღაც პროდუქციის ღირებულებაში, ზრდის მის ფასს, რაც ურტყამს მოსახლეობას. ანუ, მოხდა მოსახლეობიდან ამ ფორმით ფულის ამოქაჩვა და ამ პროცესს ეკონომიკური ტერმინოლოგიით ჰქვია ერთობლივი მოთხოვნის შემცირება, ამ დროს ვარდება საერთო მოხმარება, ანუ ეს არის ეკონომიკური კრიზისის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი. ამიტომ, ეკონომიკური პროცესების ფუნდამენტური ცოდნა არის აუცილებელი. ანუ, გადასახადების შემცირება არ იწვევს ეკონომიკურ ზრდას. სხვა განვითარებულ ქვეყნებში გადასახადები არის ბევრად მეტი და – იმავე ესტონეთში, რომლის მეთოდი დამახინჯებული სახით იქნა დანერგილი საქართველოში. თუ ესტონური საწარმოები განთავისუფლებული იყვნენ მოგების გადასახადისგან, ისინი სამაგიეროდ იხდიდნენ სოციალურ გადასახადს – გაცემული სახელფასო ფონდის 31%-ს, რომელიც მიდის საპენსიო უზრუნველყოფაში და ასე შემდეგ. თუ რამეს აკეთებ, უნდა გაკეთდეს ზუსტად იმ სახით, რაც მუშაობს იმ ქვეყანაში და ნუ ამახინჯებ იმისდა მიხედვით, თუ რომელი მსხვილი საწარმო რაღაცას გიჩურჩულებს ყურში. ეს უცოდინარობა და ვიღაცეებზე ანგარიშის გაწევა, დაწყებული 90-იანი წლებიდან ახასიათებს საქართველოს მთავრობებს და სამწუხაროდ, მე არც მაქვს იმედი, რომ მომავალი მთავრობები იქნება ბევრად განსხვავებული დღევანდელისაგან. ერთადერთი, რასაც განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა, ეს არის საგადასახადო ტვირთის უსამართლობა საქართველოში, რაზეც, სამწუხაროდ, არავინ არ საუბრობს. თუ მსხვილი საწარმოებს (სანამ განთავისუფლდებოდნენ მოგების გადასახადისაგან) უმცირებდნენ მოგებას 15%-ით, დღეს აღარ იხდიან გადასახადს და იმავდროულად, მოსახლეობა, ფიზიკური პირები იბეგრებიან 20%-იანი საშემოსავლო გადასახადით, ეს არის უზარმაზარი ტვირთი მოსახლეობისათვის, არასამართლიანი გადასახადი, რომელიც აუცილებლად არის შესამცირებელი. თუ შეისწავლით ცივილიზებული ქვეყნების საგადასახადო კოდექსებს, იქ ნახავთ, რომ პირობითად ავიღოთ, ფიზიკური პირი იბეგრება 35%-ით, მაგრამ მას გააჩნია იმდენი რაოდენობის შეღავათი, რომ ეს 35% არ აღემატება 10-13%-ს. მაგალითად, თუ ოჯახი მიდის დასასვენებლად, ის დახარჯული თანხა ექვითება დასაბეგრი შემოსავლიდან, ან თუ გადაიხადეთ სწავლის ღირებულება, თუ დახარჯეთ თანხა ჯანმრთელობის უზრუნველყოფაზე, ეს თანხაც გექვითებათ დასაბეგრი შემოსავლიდან. რომ გახდეს საქართველო ცივილიზებული ქვეყანა, ამას სჭირდება ხელისუფლების კეთილი ნება და ცოდნა. საგადასახადო კოდექსი არ უნდა იცვლებოდეს რომელიღაცა ბიზნესმენის სურვილების შესაბამისად. ასე რომ, საგადასახადო კოდექსის მანიპულირება არის აუცილებელი, მაგრამ აუცილებლად ცოდნის საფუძველზე, – აღნიშნავს ქ-ნი ლია ელიავა.
სტატისტიკიდან: ივნისის თვეში, კომერციული ბანკების მოგებამ 127,415 მილიონი ლარი შეადგინა. დღეის მდგომარეობით, საქართველოს ბაზარზე 15 კომერციული ბანკი ოპერირებს. ეს ციფრი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 93,422 მილიონი ლარით გაიზარდა, 2019 წლის ივნისში ბანკების წმინდა მოგება 33,993 მილიონ ლარს შეადგენდა.
ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის ივნისში კომერციული ბანკების მიერ ჯარიმა-საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 3,987 მლნ ლარი; საკონვერსიო ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგება/ზარალმა -21,016 მილიონი ლარი შეადგინა. ამასთან, წინა თვეში ბანკებმა საკომისიოებიდან და გაწეული მომსახურებებიდან 24,800 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს.
2020 წლის ივნისში ბანკების შემოსავლებმა შეადგინა 375,327 მილიონი ლარი, საიდანაც საპროცენტო შემოსავლები იყო 307,957 მილიონი ლარი. ივნისში კომერციული ბანკების ხარჯებმა 234,973 მილიონი ლარი შეადგინა.