პარლამენტმა ტვ „პირველის“ და „მთავარი არხის“ ჟურნალისტებს აკრედიტაცია შეუჩერა

„მთავარი არხისა“ და ტვ „პირველის“ ჟურნალისტებს პარლამენტმა აკრედიტაცია შეუჩერა.

ჟურნალისტების ცნობით, მათ აკრედიტაცია „ქართული ოცნების“ წევრის ელისო ბოლქვაძისთვის კითხვების დასმის შემდეგ შეუჩერეს.

„მთავარი არხის“ ჟურნალისტი თათია წოწონავა პარლამენტის აპარატის მიერ გამოგზავნილ წერილს აქვეყნებს, რომელშიც ნათქვამია, რომ მას პარლამენტში ერთი თვის განმავლობაში არ დაუშვებენ.

ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციების შეჩერების საკითხს ტელეკომპანია „პირველის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნოდარ მელაძეც გამოეხმაურა.

მელაძემ ასევე გამოაქვეყნა პარლამენტიდან გამოგზავნილი წერილი, სადაც ნათქვამია, რომ ტვ „პირველის“ ჟურნალისტს აკრედიტაცია შეუჩერდა.

„პარლამენტის წევრს გააჩნია ანგარიშვალდებულება უპასუხოს ჟურნალისტის კითხვას. დღეს 6 აპრილს ტვ პირველის საპარლამენტო კორესპონდენტის კითხვა არ მოეწონა ელისო ბოლქვაძეს, ამის გამო ჩვენს ჟურნალისტს რუსუდან დუმბაძეს, რომელიც მრავალი წელია, საპარლამენტო კორესპონდენტია და ოპერატორს ირაკლი მურმანიშვილს შეუჩერეს პარლამენტის აკრედიტაცია. მედიის მოვალეობაა დასვას კითხვები, დეპუტატის ვალდებულებაა უპასუხოს. ჩვენ არ ვაპირებთ უარი ვთქვათ ჩვენი ჟურნალისტური უფლებამოსილების განხორციელებაზე, რადგან ამის საშუალება არ გვეძლევა საქართველოს პარლამენტში, ყოველ დილით იძულებული ვართ, ქალბატონ ელისოსთან ინტერვიუს ჩასაწერად მივიდეთ სხვა სივრცეში, სადაც მისი ყოფნის შესახებ ჩვენი ჟურნალისტური წყაროებიდან ჩვენთვის გახდება ცნობილი. საქართველოს პარლამენტის მიერ ხდება, აკრედიტაციის ახალი წესების გამოყენება ჟურნალისტების წინააღმდეგ რეპრესიული პოლიტიკის გასატარებლად და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შესაშლელად. მივმართავთ, სახალხო დამცველს, მოახდინოს რეაგირება, რათა დაუყოვნებლივ აღუდგეს პარლამენტში საქმიანობის უფლება ჩვენს ჟურნალისტს და ოპერატორს.. დეპუტატ ელისო ბოლქვაძის მიერ დღეს მოხდა, კრიტიკული კითხვების გამო, „ტვ პირველის“ ჟურნალისტის დისკრიმინაცია!!! (კითხვა ეხებოდა აშშ-ს მიერ ქართველი მოსამართლეებისთვის დაწესებულ სანქციებს) მივმართავთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რათა მოხდეს დისკრიმინაციის და მედიის დევნის ამ ფაქტზე რეაგირება. ყველა მტკიცებულებას ჩვენ გადავუგზავნით იუნესკოს, რომლის მშვიდობის ელჩიც არის ელისო ბოლქვაძე. ვფიქრობთ რომ დეპუტატი, რომელიც ეწევა დამოუკიდებელი მედიის დევნას და დისკრიმინაციას არ იმსახურებს, იუნესკოს მშვიდობის ელჩს სტატუსს“, – აცხადებს მელაძე.

დღეს აკრედიტაცია ასევე შეუჩერდა „ფორმულას“ ჟურნალისტსაც. როგორც პარლამენტის აპარატის მიერ გაგზავნილ წერილშია ნათქვამი, შაბათის ფორმულას წარმომადგენლებს აკრედიტაცია 1 თვის ვადით – 3 მაისის ჩათვლით შეუჩერდათ.