„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები პოლიტიკურ თანამდებობებს დღეიდან ტოვებენ

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები პოლიტიკურ თანამდებობებს დღეიდან დატოვებენ. აღნიშნულ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

1-ელი აგვისტოდან თანამდებობებს დატოვებენ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებად დასახელებული კახეთის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულები და თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგებელი.

„ირაკლი ქადაგიშვილი – კახეთის სახელმწიფო რწმუნებული (თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი); გიორგი ხოჯევანიშვილი – შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული (გორი-კასპის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი); შალვა კერესელიძე – მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული (მცხეთა-დუშეთი-თიანეთი-ყაზბეგის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი); ნოდარ ტურძელაძე – ვაკის რაიონის გამგებელი; (ვაკის რაიონის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი). აჭარის ა/რ ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ, რომელიც „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარადგინა, თანამდებობა დატოვა. რამდენიმე დღის წინ თანამდებობა დატოვა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ. იგი წარდგენილია აბაშა-მარტვილი-წალენჯიხა-ჩხოროწყუს საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად. რაც შეეხება დეპუტატობის კანდიდატებად დასახელებულ სხვა ადმინისტრაციული თანამდებობის პირებს, ისინი თანამდებობებს საარჩევნო კამპანიის დაწყებისთანავე დატოვებენ“, – ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

“Ipn”