სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ყველა მოსამართლეს, სასამართლო ჩვენი მმართველობის დროს გახდა დამოუკიდებელი და თავისუფალი როგორც შიდა, ასევე სხვა ქვეყნების მხრიდან ჩარევებისგან – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარობაშვილმა განაცხადა, უზენაეს სასამართლოში ვიზიტისას გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე.
პრემიერის სიტყვამდე განცხადება უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძემაც გააკეთა, მან პრემიერს მყისიერი რეაგირებისთვის საჯაროდ მადლობა გადაუხადა და მწუხარება გამოთქვა იმ გადაწყვეტილებაზე, რაც მიღებული იქნა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მიერ სამი მოქმედი უვადო მოსამართლის და ერთი ყოფილი მოსამართლის დასანქცირების თაობაზე.
თავის მხრივ ირაკლი ღარიბაშვილმა ნინო ქადაგიძეს შეხვედრისითვის მადლობა გადაუხადა და დასძiნა, რომ ბრიფინგამდე ასევე შეხვედრა გაიმართა მოსამართლეებთან და საბჭოს წევრებნთან. მისი მთავარი გზავნილი კი შემდეგია, რომ სუვერენული ქვეყნის სუვერენულ სასამართლოზე რაიმე გავლენის მოხდენა მიუღებელია.
რაზე გააკეთა აქცენტი ღარიბაშვილმა
პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი მოსამართლეებს მხარდაჭერას უცხადებს და ამბობს, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა სასამართლოს დამოუკიდებლობა და თავისუფლება დაიცვას.
„ჩემი მთავარი გზავნილი იყო და არის შემდეგი – მე როგორც მთავრობის მეთაური და მმართველი გუნდის წარმომადგენელი, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ყველა მოსამართლეს. სასამართლო ჩვენი მმართველობის დროს გახდა დამოუკიდებელი და თავისუფალი ყოველგვარი ჩარევებისგან – როგორც შიდა, ასევე სხვა ქვეყნების მხრიდან ჩარევებისგან. რა თქმა უნდა, მიუღებელია ყოველგვარი ჩარევა ან რაიმე გავლენის მოხდება მოსამართლეებზე.
„ ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი ჩემთვის, მითუმეტეს სუვერენული ქვეყნის სუვერენულ სასამართლოსა და მოსამართლეებზე. მე ასევე დავუდასტურე მოსამართლეებს ჩვენი სრული მხარდაჭერა. მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა დავიცვათ სასამართლოს დამოუკიდებლობა, თავისუფლება ყოველგვარი ჩარევებისა და ზეწოლისგან, ეს არის ჩვენი გაცხადებული პოლიტიკა და მთავარი მიზანი, რომლისკენაც ვისწრაფვით.
„ბოლო 10 წლის განმავლობაში სასამართლოში ფუნდამენტური რეფორმები გავატარეთ, რათა სასამართლო გამხდარიყო ისეთი, როგორიც დღესაა – დამოუკიდებელი, თავისუფალი ყოველგვარ ჩარევებისგან”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
როგორც ღარიბაშვიული აცხადებს, მოსამართლეებიო მაღალკვალიფიციური პროფესიონალები არიან და რომ ყველა მათგანით ამაყობს.
„მე ვამაყობ ჩვენი სასამართლოთი, მე ვამაყობ ყველა მოსამართლით, ისინი არიან ძალიან მაღალკვალიფიციური პროფესიონალები, რომლებიც ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას, ემსახურებიან ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას, იცავენ ჩვენს სუვერენიტეტსა და ეროვნულ პოლიტიკას. ამისთვის მინდა მადლობა გადავუხადო ნინო ქადაგიძეს, ყველა მოსამართლეს თქვენი საქმიანობისთვის.
„ჩვენ, როგორც მთავრობა და მე, როგორც პრემიერ-მინისტრი ყველაფერს გავაკეთებ, რომ კიდევ უფრო მეტად გავაძლიერო თქვენი დამოუკიდებლობა, თქვენი თავისუფლება. ჩვენ მაქსიმალურ მხარდაჭერას აღმოვუჩენთ თქვენს ინიციატივებს, ახალ პროგრამებს. დღეს სასამართლო რომ გვაქვს თავისუფალი კორუფციისგან, ყოველგვარი ჩარევისგან, ზეწოლისგან, ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდის, ნინო ქადაგიძისა და მოსამართლეების დამსახურება”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
არცერთი მტკიცებულება არ გვინახავს, რომელიც თან ახლავდა ამ გადაწყვეტილებას. ჩემთვის დიდი კითხვის ნიშანს აჩენს ეს გადაწყვეტილება. სამწუხაროა და გაუგებარი, – ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რითაც აშშ-ს მიერ მოსამართლეების დასანქცირებას გამოეხმაურა და იმედი გამოტქვა, რომ რომ სიმართლე გაირკვევა.
„არცერთი მტკიცებულება არ გვინახავს, რომელიც თან ახლავდა ამ გადაწყვეტილებას. ჩემთვის დიდი კითხვის ნიშანს აჩენს ეს გადაწყვეტილება. სამწუხაროა და გაუგებარი. ვფიქრობ, სიმართლე გაირკვევა. ჩვენ საუბარი გვექნება ჩვენს პარტნიორებთან, არცერთი კითხვა არ დარჩება პასუხგაუცემელი.
„ეს ჩემთვისაც სიურპრიზი იყო. არასდროს მომისმენია, რომ გარკვეული კითხვები არსებობდა. თუ ვინმეს ასეთი ფაქტები აქვს, მზად ვართ, რომ მოვისმინოთ. მინდა ვთქვა, რომ მიუღებელია და დაუშვებელია სუვერენული ქვეყნის დამოუკიდებელ სასამართლოში რაიმე ფორმით ჩარევა. ხელისუფლებები, მთავრობები ყველაფერს აკეთებენ, რომ მაქსიმალურად გააძლიერონ სასამართლოს დამოუკიდებლობა.
„ყველა ქვეყანაში ერთგვარი ტაბუა, რომ არ შეიძლება, მიუღებელია, უკანონოა, მოსამართლეზე ზეწოლა და სასამართლოში ჩარევა. ჩვენ ამ პოლიტიკას მივყვებით, კიდევ უფრო მეტად გავაძლიერებთ. ჩვენი საერთო სურვილია, კიდევ უფრო მეტად დამოუკიდებელი, თავისუფალი ძლიერი სასამართლო გვქონდეს”,-აღნიშნავს პრემიერი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სუვერენული ქვეყნის სუვერენულ სასამართლოში ნებისმიერი ჩარევის დაშვება მიუღებელია და არ შეიძლება. როგორც ღარიბაშვილმა მოსამართლეებთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, საქართველოს მოქალაქეების ნდობა სასამართლოს მიმართ არის აბსოლუტურად გაზრდილი და ქართველი ხალხი სამართალს ქვეყანაში პოულობს.
„2012 წელს ჩვენ ჩავიბარეთ. სასამართლო, რომელიც ერთი ადამიანის მიერ მართული იყო. კერძოდ, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და იუსტიციის მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის მიერ, რომელიც ამავდროულად მთავარი პროკურორი იყო და ამავე დროს სასამართლოსთვის ინსტრუქციის მიმცემი. იმ დროს, სასამართლო პროკურატურის დანაყოფი იყო. ჩვენ ეს რეალობა დავასრულეთ, როცა მოძალადე რეჟიმს ქართველმა ხალხმა უარი უთხრა.
„იმ დღეს, როცა „ქართული ოცნება” ქვეყნის მმართველი გახდა, სასამართლოც თავისუფალი და დამოუკიდებელი გახდა. ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია არასამთავრობო ორგანიზაციების და საელჩოების მიერ იყო, რომ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა მომხდარიყო, რაც ასევე, ჩვენმა მთავრობამ გააკეთა.
„4 ტალღის რეფორმის შედეგია ის, რომ დღეს სასამართლო არის ერთ-ერთი სამაგალითო მთელს ევროკავშირში. ამას ადასტურებს, რამდენიმე წლის წინ ჩატარებული კვლევები, მოქალაქეების ნდობა სასამართლოს მიმართ არის ძალიან გაზრდილი. ჩვენი სასამართლოს და მოსამართლეების მიმართ ნდობა საერთო საშუალო ევროპულ მაჩვენებელზე უფრო მაღალი არის.
„კიდევ ერთ მთავარ ინდიკატორს მოვიშველიებდი იმის სადემონსტრაციოდ, რომ რეალურად ჩვენი მოქალაქეები საქართველოს სასამართლოში სამართალს პოულობენ. ამის მაჩვენებელი არის ის სტატისტიკა, რომელიც ახლა მაგალითად მინდა მოვიყვანო. 2012 წლამდე სტრასბურგში გაგზავნილი საქმეების რაოდენობა რეკორდული იყო, 4 000-5 000-მდე საქმე იგზავნებოდა. რატომ მეგობრებო? იმიტომ, რომ ჩვენი მოქალაქეები აქ, ადგილზე სამართალს ვერ პოულობდნენ. ეს მარტივი ჭეშმარიტებაა.
„წელს სტრასბურგში გაგზავნილია მხოლოდ 150 საქმე. ამხელა განსხვავება, ამხელა პროგრესი. ეს ადასტურებს იმას, რომ ნდობა სასამართლოს მიმართ არის აბსოლუტურად გაზრდილი და მოქალაქეები სამართალს ქვეყანაში პოულობენ”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
რა თქვა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ
უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძემ კი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სასამართლო წლების განმავლობაში იდგა არაერთი გამოწვევის წინაშე და არც ერთ ეტაპზე ისეთი რეალური, ნამდვილი და ხელშესახები მიღწევა არ ყოფილა, შესაბამისად, ამბობს, რომ ვერც ერთ განცხადებას ვერ მიიღებს სასამართლოში კორუფციის არსებობაზე.
„ძალიან სამწუხაროა, რომ მაღალმა პოლიტიკურმა ვნებებმა და არის ამის მცდელობა, გადმოინაცვლოს სასამართლოში. სხვანაირად ჩემთვის წარმოუდგენელია ის უპრეცედენტო და გაუგონარი გადაწყვეტილება, რაც მიღებული იქნა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მიერ სამი მოქმედი უვადო მოსამართლის და ერთი ყოფილი მოსამართლის დასანქცირების თაობაზე.
„სასამართლო წლების განმავლობაში იდგა არა ერთი გამოწვევის წინაშე, მაგრამ მე მინდა ხმამაღლა ვთქვა, რომ არც ერთხელ, არც ერთ ეტაპზე ისეთი რეალური, ნამდვილი და ხელშესახები მიღწევა არ ყოფილა, როგორიც იყო კორუფციისგან თავისუფალი სასამართლო სისტემა. შესაბამისად, მე ვერ მივიღებ ვერც ერთ განცხადებას სასამართლოში კორუფციის არსებობაზე. პირადად ჩემი თხოვნის მიუხედავად, მე არ მომეწოდა არა თუ დასაბუთებული მტკიცებულებები, არამედ ვარაუდიც კი და მინიშნებები, თუ რა გახდა ჩემი კოლეგების კორუფციაში დადანაშაულების საფუძველი, ამიტომ მე მათ სრულ თანადგომას ვუცხადებ”,-განაცხადა ქადაგიძემ.
ამბობს, რომ მისთვის მძიმე განცდები რჩება იმასთან დაკავშირებით, რომ „ეს ინფორმაცია არ იქნეს გამოყენებული ქვეყნისთვის ევროინტეგრაციისკენ მიმავალ რთულ და ძალიან ღირებულ, მნიშვნელოვან გზაზე”.
„მე, როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ვიქნები მათი და თითოეული ჩემი და ჩვენი მოსამართლის ხელშეუხებლობის და თავისუფლების გარანტორი. მიუხედავად სახელმწიფოსთვის განსაზღვრული 12 რეკომენდაციისა, რომლიდანაც ერთ-ერთი არის სასამართლო სისტემა, ამის მიღმაც კი ქართული მართლმსაჯულება ყველა მოცემულობით, ყველა ასპექტში, ყველა პარამეტრით წინ უსწრებს არაერთ ჩვენს მეზობელ და მეგობარ ქვეყანას.
„შესაბამისად, ჩემთვის ცოტა მძიმე განცდები ჩნდება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ინფორმაცია არ იქნეს გამოყენებული ჩვენი ქვეყნისთვის ევროინტეგრაციისკენ მიმავალ რთულ და ძალიან ღირებულ, მნიშვნელოვან გზაზე. მე ჩვენს პარტნიორებთან და მეგობრებთან ყოველთვის ვინარჩუნებდი განსაკუთრებულ დამოკიდებულებას, ყოველთვის ვიყავი მოზომილი მათთან ურთიერთობაში”,- განაცხადა მან.
მისივე თქმით, დადგა ის ეტაპი, როცა რიგ საკითხებში მთავრობა უნდა ჩაერიოს.
„ვფიქრობ, რომ დღეს დადგა ის მომენტი, როდესაც მე ვითხოვ უკუგებას მათგან, ამიტომ შეცდომა შეიძლება ყველას მოუვიდეს, თუმცა ვთვლი, რომ შეცდომის აღიარება ეს არის მხოლოდ ძლიერის თვისება და აქედან გამომდინარე, მე ვიტოვებ ძალიან დიდ იმედს, რომ შესაბამისი თანამდებობის, ან უწყებების მხრიდან ეს საკითხი აუცილებლად გადაიხედება.
„დამატებით ჩვენ ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ დადგა ის ეტაპი, როცა მთავრობა უნდა ჩაერიოს რიგ საკითხებში. ყოველ შემთხვევაში ვთვლი, რომ გარკვეულ სწორ ხედვებზე დაფუძნებული ნორმატიული ჩარჩო შეიძლება იქნას შემუშავებული, რაზეც ჩვენ პრემიერსაც ვესაუბრეთ, რომელიც ფაქტობრივად, გამორიცხავს სასამართლოში რაიმე ფორმით ჩარევას და მინიმუმამდე დაიყვანს სასამართლოში პოლიტიკის გავლენას”, – განაცხადა ნინო ქადაგიძემ.
თამთა ჩაჩანიძე, “რეზონანსი“